როცა სტილს მნიშვნელობა აღარ აქვს

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ფინალში დამარცხებული ჰოლანდია გაუცხოვებას განიცდის. მუნდიალზე საბოლოოდ დადასტურდა ის, რაც ბერტ ვან მარვიიკის გუნდს შესარჩევ ციკლშიც ეტყობოდა – ჰოლანდიის ნაკრები არაჰოლანდიურ ფეხბურთს თამაშობს. მიუხედავად ამისა, „ნარინჯისფრები“ ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, რომელსაც ჰოლანდიური ფებხურთის სამი უდიდესი თაობა ვერ შესწვდა: კრუიფის, ვან ბასტენის და ბერგკამპის...

ამ საკითხზე დიდი დისკუსია ფინალამდე ორი დღით ადრე, ჰოლანდიური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, იოჰან კრუიფმა წამოიწყო, რომელმაც, როგორც სჩვევია, ყველასდა გასაკვირად თქვა, თუ ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდების დღევანდელ სტილს ავიღებთ, მე ესპანეთის ნაკრებთან უფრო

ბევრი რამ მაკავშირებს, ვიდრე ჩვენს გუნდთანო.
„მართალია, მე ჰოლანდიელი ვარ და შესაბამისად, ამას ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ესპანეთის ნაკრების მიერ ნაჩვენები ფეხბურთი უფრო მომწონს,“ - აღიარა კრუიფმა.

„ტოტალურ ფეხბურთზე“ საუბარი, რომლითაც კრუიფის თაობამ 70-იან წლებში მსოფლიო მოაჯადოვა, საუბარი ისედაც ზედმეტი იყო. ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონია და კრუიფისა და კომპანიის შემდეგ, „ნარინჯისფრებმა“ ისეთივე წარმატებას სულ სხვა, ჰოლანდიელი ქომაგების უმრავლესობისთვის მიუღებელი ფეხბურთით მიაღწიეს და ამასაც არ სჯერდებოდნენ - ფინალის მოგებით კრუიფისა და „ტოტალური ფეხბურთის“ სამუდამოდ დავიწყებისთვის მიცემა სურდათ.

ისე გამოვიდა, რომ ვან მარვიიკის შეგირდებმა მარკ ვან ბომელის მოწოდება პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს, მარკმა კი თქვა: „ჩვენ ესპანელების ნახევარდაცვა უნდა დავანგრიოთ, მოედნის ცენტრი მათი ნახევარმცველებისგან უნდა გავწმინდოთ.“
თვითონ ვან ბომელი ყველა მატჩში მხოლოდ მოედნის ცენტრის „წმენდითაა“ ხოლმე დაკავებული, სიცოცხლე განსაკუთრებით ნახევარფინალში, ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველებს გაუმწარა და მათი ანატომიურ გამძლეობას სერიოზული გამოცდა მოუწყო. ვან ბომელისგან ეს არავის უკვირს, მაგრამ ფინალში, აშკარად ნამეტანი იყო ის, რომ თვით ჰოლანდიელთა ყველაზე რბილი და უწყინარი მოთამაშე, რობინ ვან პერსიც კი უხეშობდა. და როცა ნაიჯელ დე იონგმა ჩაბი ალონსოს ფეხით კინაღამ მკერდი გაუნგრია, ხალხს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ჰოლანდიელების უძველესი ომის ანგარიში ჰქონდათ გასასწორებელი. ეს ომი კი მე-17 საუკუნეში შედგა, რომლის შესახებაც ჰოლანდიის ჰიმნში დღესაც მღერიან...

ჰოლანდიაში კი მოსაზრებების ომი ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის მიწურულს დაიწყო, როცა ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი ვან მარვიიკის გუნდს დანიასთან და იაპონიასთან უალამაზო გამარჯვებების გამო აკრიტიკებდნენ. ყველაზე აგრესიული კრიტიკოსები კი ვან მარვიიკს წარსულის უპატივცემულობასა და ფეხბურთის თამაშის ჰოლანდიური სტილის უარყოფაში ადანაშაულებდნენ. მაგრამ მერე და მერე, როცა ჰოლანდიამ მერვედფინალი და მეოთხედფინალიც გადალახა, კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები იძულებულები გახდნენ, გაჩუმებულიყვნენ, რადგან შედეგი მაინც ყველგან და ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ბრაზილიის ნაკრების დამარცხებას კი ფაქტობრივად მთელი ჰოლანდიის გაერთიანება მოჰყვა. ქვეყანაში ირწმუნეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, განსაკუთრებით კი ჰოლანდიისთვის დამახასიათებელ ფეხბურთზე უარის თქმისა, მსოფლიოს ჩემპიონობა მართლაც რეალური იყო. სწორედ ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ გაბედა ვან მარვიიკმა, ეთქვა, სტილს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი შედეგიაო.

შედეგი ყველგან და ყოველთვის ყველაზე მთავარია, მაგრამ ჰოლანდიისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფინალსაც იგებ და მსოფლიოს ჩემპიონი ხდები. ჰოლანდიის ნაკრები კი, რომელსაც ჰყავდა კრუიფის თაობა და შექმნა „ტოტალური ფეხბურთი“, ჰყავდა ვან ბასტენის თაობა და ჰყავდა დენის ბერგკამპის გენერაცია (დავიდსი, კლუივერტი, ზეედორფი, ოვერმარსი, დე ბურები და ა.შ), პრაგმატული ფეხბურთითაც ვერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული