დორტმუნდის მეცხრე ხეირიანი სტუმრობა?

AutoSharing Option

ეს ერთი ტურიც და გერმანიაში საშობაო არდადეგები დაიწყება. პირველი წრის ბოლო ტური გუშინ, აუტსაიდერ მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და „ჰამბურგის“ დაპირისპირებით დაიწყო. პირველი წრის ნაადრევი გამარჯვებული დორტმუნდის „ბორუსია“ კი დღეს თამაშობს და ისტორიაში საუკეთესო შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესება შეუძლია - ევროპის ლიგიდან გამოვარდნილი დორტმუნდელები „აინტრახტს“ სტუმრობენ. ხვალ სამხრეთული კლასიკაა: შტუტგარტი-ბაიერნი. ამ მატჩში შვაბური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის, ბრუნო ლაბადიას შტუტგარტულ-ბუნდესლიგური დებიუტი შედგება.

დაამყარებს დორტმუნდი სუპერრეკორდს?
მიმდინარე სეზონში დორტმუნდის „ბორუსიამ“ რვა გასვლითი თამაში ჩაატარა

და რვავე მოიგო. იურგენ კლოპის გუნდი ამჯერად ფრანკფურტში ჩადის და რა თქმა უნდა, ისევ ფავორიტია. მართალია, დორტმუნდელები ოთხშაბათს „სევილიასთან“ 2:2-ის გამო ევროპის ლიგიდან გავარდნენ და არცთუ ისე კარგ ხასიათზე არიან, მაგრამ ნური შაჰინსა და კომპანიას „აინტრახტთან“ მატჩისთვის მოტივირება არ გაუჭირდებათ. თუ „ბორუსია“ ამ თამაშსაც მოიგებს, პირველ წრეს 46 ქულით დაასრულებს, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში აქამდე ჯერ არავის გაუკეთებია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ „აინტრახტი“ ლიდერს უბრძოლველად არაფრისდიდებით არ დანებდება. წინა ტურში ფრანკფურტელები კიოლნში დამარცხდნენ და ძალიან გაბრაზებულები არიან. „თხებთან“ სულელურად წავაგეთო, - ამბობს „აინტრახტის“ 25 წლის მცველი მარკო რუსი, რომელიც „დორტმუნდთან“ ორი მიზეზის გამო ვერ ითამაშებს: დისკვალიფიცირებულია და თანაც, მუხლის ოპერაცია გაიკეთა.


ვერდერის მორიგი გამოცდა
მოგება ბრემენის „ვერდერისთვისაც“ აუცილებელია - „მუსიკოსები“ „კაიზერსლაუტერნს“ სტუმრობენ და ისევ ვერ გამოიყენებენ გოლეადორ უგო ალმეიდას (პორტუგალიელი დისკვალიფიცირებულია). ბრემენელებს ძალიან უნდათ, რომ პირველი წრე წარმატებით დაასრულონ, რადგან თომას შააფის გუნდმა თავის ქომაგებს ამ სეზონში იმედები ისედაც ბევრჯერ გაუცრუა. „ვერდერი“ გერმანიის თასიდან გავარდა და ბუნდესლიგის პირველ წრესაც ძალიან ცუდი, ბოლო ათი წლის მანძილზე ყველაზე უარესი შედეგით ამთავრებს („ვერდერის“ ანგარიშზე 19 ქულაა). „კაიზერსლაუტერნს“ ამ სეზონში სტუმრად 8 თამაშიდან ორი მოგებული აქვს, ექვსი კი წაგებული და აქედანაც ჩანს, რომ „წითელ ეშმაკებს“ „ვეზერშტადიონიდან“ ქულის ან სულაც ქულების წაღება შეუძლიათ.


მონდრაგონი ბუნდესლიგას ეთხოვება
ცუდად დაწყებული სეზონის პირველი წრის კარგად დასრულებასთან ძალიან ახლოსაა „შალკე“, რომელმაც წინა ტურში „მაინცს“ სტუმრად მოუგო (1:0), ამჯერად კი „კიოლნთან“ ექნება საქმე. გელზენკირხენელები მეათე ადგილამდე აღზევდნენ და „თხებთანაც“ აუცილებლად სამი ქულის მოპოვება უნდათ, რათა გულშემატკივართა მრავალრიცხოვანი არმია საბოლოოდ დაამშვიდონ და ფანებს შობა-ახალი წლის წყნარად ზეიმის საშუალება მისცენ. ამ მატჩით „კიოლნს“ და ბუნდესლიგას „თხების“ მეკარე ფარიდ მონდრაგონი გამოეთხოვება - ეს უკანასკნელი იანვარში აშშ-ში მიდის. მონდრაგონმა უკვე გააფორმა კონტრაქტი „ფილადელფიასთან“.


როგორ იახალწლებს სტივი?
„ვოლფსბურგის“ მთავარ მწვრთნელ სტივ მაკლარენს აქამდე საყვედურს არავინ ეუბნებოდა, მაგრამ თუ „მგლები“ პირველ წრეს „ჰოფენჰაიმთან“ გამარჯვებით არ დაამთავრებენ, ინგლისელ სპეციალისტს პასუხი ნაღდად მოეთხოვება. მართალია, გერმანიის 2009 წლის ჩემპიონმა წინა ტურში, „კაიზერსლაუტერნს“ ქულა მოპარა, მაგრამ მაკლარენის ბიჭებმა საერთო ჯამში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს. „ვოლფსბურგმა“ დებიუტანტ „ლაუტერნთან“ მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, რაც სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, მაკლარენი წნეხის ქვეშაა მოქცეული. წინა ტურში „ჰოფენჰაიმმაც“ მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა (1:1 ნიურნბერგთან), მაგრამ „ვოლფსბურგისგან“ განსხვავებით, „სოფლელებმა“ ძალიან კარგად ითამაშეს და მხოლოდ უიღბლობის გამო ვერ მოიგეს, რაც, სხვათა შორის, ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა. ამ სეზონში „ჰოფემ“ ქულები ზუსტად ასე დაკარგა „ბაიერნთან“, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ და „ფრაიბურგთანაც“.

„ნიურნბერგმა“ ერთი კვირის წინ „ჰოფენჰაიმთან“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ფრანკები ამჯერად მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, „ჰანოვერს“ მასპინძლობენ. მირკო სლომკას გუნდი მესამე ადგილზეა და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. „ჰანოვერმა“ წინა ტურში „შტუტგარტს“ მოუგო, რაც „წითლებისთვის“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გახლდათ - „ჰანოვერის“ რეკორდი. დღეს სლომკა თავის მთავარ ბომბარდირს, დიდიე ია კონანს (9 გოლი) ვერ გამოიყენებს, რადგან თავდამსხმელს ოპერაცია გაუკეთეს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ როცა ია კონანი არ (ვერ) თამაშობდა, „ჰანოვერი“ ამ სეზონში ყოველთვის აგებდა ხოლმე. დღეს საღამოს კი, „ზანკტ პაული“ „მაინცს“ უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ კიცელები წინა ტურში „ბაიერნთან“ 0:3 განადგურდნენ, ჯერ კიდევ არ არიან გასავარდნ ზონაში, რაც მათთვის უკვე კარგი შედეგია. მაინცელები კი, ზედიზედ ორი წაგების მერე მაინც მეოთხე ადგილზე, ანუ, ევროზონაში არიან, რაც ასევე კარგი შედეგია.


რამდენად ძლიერია ფრაიბურგი სისეს გარეშე?
„ლევერკუზენმა“, ხუთშაბათს, ევროპის ლიგაში „ატლეტიკოსთან“ (1:1) ითამაშა, წინა ტურში კი „ჰამბურგს“ მოუგო (4:2) და მე-17 ტურის წინ დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მდევარია, თუმცა ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება, ასეთ დროს კი, გეთანხმებით, სიტყვა „მდევარის“ ხსენება, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია. თუმცა „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ამბობს, დარწმუნებული ვარ, მეორე წრეში „ბორუსიას“ აუცილებლად დავეწევითო. ზოგადად კი, „ფარმაცევტების“ მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. „ბაიერი“ ხვალ ტოპ-დუელში ასევე ძალიან კარგ ფორმაში მყოფ „ფრაიბურგს“ მასპინძლობს. „ფრაიმ“ ერთი კვირის წინ „გლადბახი“ საიქიოს გაისტუმრა (3:0), მაგრამ რობინ დუტის გუნდს დღეს მთავარი დამრტყმელი ძალა, პაპის დემბა სისე (13 გოლი) არ ეყოლება და ძალიან საინტერესოა, რამდენად ძლიერია „ფრაიბურგი“ სისეს გარეშე. სენეგალელს ხუთი გაფრთხილება დაუგროვდა და დისკვალიფიცირებულია.


ლაბადია ბაიერნის წინააღმდეგ
2010 წლის უკანასკნელი შეხვედრა კი ხვალ საღამოს, „შტუტგარტსა“ და „ბაიერნს“ შორის გაიმართება. შვაბებს ბრუნო ლაბადიას სახით ახალი დამრიგებელი ჰყავთ და ამ უკანასკნელს ბუნდესლიგაში „შტუტგარტის“ თავკაცის რანგში დებიუტი მაინცდამაინც „ბაიერნთან“ უწევს. შვაბებისთვის პირველი წრის კარგად დასრულებას სასიცოცხლო არა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.


გუშინ
ბორუსია (მ)-ჰამბურგი


დღეს

შალკე-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მორიტცი, ჰოოგლანდი - პეცონი, ნოვაკოვიჩი, პოდოლსკი

ვერდერი-კაიზერსლაუტერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: უგო ალმეიდა (ვერდერი)
ტრავმა: ფანდერი, ბიონიში, ნალდო, ბოროვსკი, ვესლი, პისარო - შიმუნეკი

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: ვორსა (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: ა. ფრიდრიხი, ჯონსონი, პეკარიკი - შტარკე, გულდე, შიმუნიჩი, ვაისი, ობასი

აინტრახტი-ბორუსია (დ) 18:30
დისკვალიფიკაცია: რუსი (აინტრახტი)
ტრავმა: ნიკოლოვი, კრისი, ფრანცი, ბაირამოვიჩი, როდე - კელი, ოვომოიელა

ნიურნბერგი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნილსონი, ბუნიაკუ - მილერი, ანდრეასენი, კარლიტოსი, შტოპელკამპი, ია კონანი

ზტ. პაული-მაინცი 21:30
დისკვალიფიკაცია: კესლერი, თორანდტი (ორივე ზტ. პაული)
ტრავმა: დაუბე, ნაკი, სუკუტა-პასუ - სვენსონი, შიმაკი

ხვალ
ლევერკუზენი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: სისე (ფრაიბურგი)
ტრავმა: ადლერი, ბალაკი - პუპლინი, კრმასი, ტოპრაკი, ვილიამსი, ბეხმანი

შტუტგარტი-ბაიერნი 20:30
დისკვალიფიკაცია: მარიკა (შტუტგარტი)
ტრავმა: ჩელოცი, აუდელი, დიდავი - ბადშტუბერი, კროოსი, პრანიჩი, რობენი, ოლიჩი


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 16 14 1 1 39-9 43
2. ლევერკუზენი 16 9 5 2 33-23 32
3. ჰანოვერი 16 10 1 5 24-24 31
4. მაინცი 16 10 0 6 26-17 30
5. ფრაიბურგი 16 9 0 7 23-23 27
6. ბაიერნი 16 7 5 4 26-17 26
7. ჰოფენჰაიმი 16 6 6 4 30-20 24
8. აინტრახტი 16 7 2 7 23-21 23
9. ჰამბურგი 16 6 3 7 25-27 21
10. შალკე 16 5 4 7 22-24 19
11. ნიურნბერგი 16 5 4 7 19-27 19
12. ვერდერი 16 5 4 7 22-33 19
13. კაიზერსლაუტერნი 16 5 3 8 25-26 18
14. ვოლფსბურგი 16 4 6 6 22-23 18
15. ზტ. პაული 16 5 2 9 14-26 17
16. კიოლნი 16 4 3 9 18-30 15
17. შტუტგარტი 16 3 3 10 29-30 12
18. ბორუსია (მ) 16 2 4 10 25-45 10


ბომბარდირები: 13 - სისე (ფრაიბურგი), გეკასი (აინტრახტი); 9 - ჯეკო (ვოლფსბურგი), გომესი (ბაიერნი), უგო ალმეიდა (ვერდერი), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ია კონანი (ჰანოვერი); 8 - ბარიოსი (ბორუსია დ), კაგავა (ბორუსია დ).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული