ფერნანდო ტორესი სასტარტოს ითხოვს

AutoSharing Option
მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან - ეს არის დაუწერელი კანონი, რომელსაც თავისი გამონაკლისებიც აქვს, მაგრამ ფინალურ მატჩში მწვრთნელები, როგორც წესი, ამგვარ რისკებზე არ მიდიან. ვისენტე დელ ბოსკემ ფერნანდო ტორესს რამდენიმე შანსი მისცა, "ელ ნინიო" მუნდიალის სტარტიდანვე ძირითადი შემადგენლობის ფიგურა იყო, თუმცა ჯერ პარაგვაისთან მეოთხედფინალში, ხოლო შემდეგ გერმანიასთან ნახევარფინალურ მატჩშიც გამოჩნდა, რომ ფორმიდან ამოვარდნილ ტორესისგან ესპანეთის ნაკრები სარგებელს არ უნდა ელოდოს.
მაგალითად, იმავე პარაგვაისთან მატჩი გავიხსენოთ - საკმარისი იყო ტორესის გაყვანა და თავდასხმის ცენტრში დავიდ ვილიას გამწესება, რომ "ფურია როხა" ძირფესვიანად გარდაიქმნა...

მაგრამ გასაგებია ვარსკვლავის სურვილიც, ითამაშოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში. ჰოდა, დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფერნანდო ცალკე შეხვდა დელ ბოსკეს და ძირითადში დაყენება სთხოვა. რა პასუხი გასცა ფორვარდს ესპანელთა დამრიგებელმა, ეს არავინ იცის. ამის შემდეგ დელ ბოსკე ჟურნალისტებს შეხვდა და კითხვაზე - იქნება თუ არა ტორესი ფინალური მატჩის სასტარტო შემადგენლობაში, სინიორ ვისენტეს პასუხი იყო, რომ ამის თაობაზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
შესაძლოა, ეს დიპლომატიური პასუხია და სინამდვილეში მწვრთნელს ყველაფერი გარკვეული აქვს. ვნახოთ...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული