დღეს მსოფლიო ციურიხს უყურებს!

AutoSharing Option

კორუფცია, შელახული იმიჯი, კითხვის ნიშნების კორიანტელი - ფიფას მძიმე დღეები უდგას. არადა, ამ კვირაში ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღების ცენტრში სულ სხვა, მხოლოდ პოზიტიური კუთხით უნდა ყოფილიყო, რადგან დღეს ციურიცში მსოფლიოს 2018 და 2022 წლის ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების ვინაობა ირკვევა. თუ რომელი ქვეყნები გახდებიან მუნდიალის მასპინძლობის უმნიშვნელოვანესი მანდატის მფლობელები, დღეს, ციურიხში გადაწყდება.

ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 2018 წლის მუნდიალი აუცილებლად ევროპაში გაიმართება, 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის კი ფაქტობრივად ნახევარი მსოფლიო იბრძვის.


2018
ინგლისი - მთავარი ფავორიტი
2018 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის

ოთხი ევროპული ქვეყანა იბრძვის. ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა ფავორიტად ინგლისს მიიჩნევს. ლოგიკურად, ბრიტანელებს მართლაც საუკეთესო შანსები აქვთ, რადგან დიდი ხანია, ფეხბურთის სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონატი არ ჩატარებულა. პირველად და უკანასკნელად ეს 1966 წელს მოხდა და სწორედ მაშინ გახდნენ ინგლისელები მსოფლიოს ჩემპიონები (დაუვიწყარია ჯეფრი ჰერსტის გოლი ფინალში, გერმანიის ნაკრების კარში).

ინგლისი კლასიკური საფეხბურთო ქვეყანაა და უამრავი სრულყოფილი, ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონები აქვს. თუნდაც მხოლოდ ახალი „უემბლის“, „არსენალის“ არენისა და „ოლდ ტრაფორდის“ ხსენება რად ღირს. ამასთან, ინგლისელები კიდევ ხუთი ახალი გრანდიოზული საფეხბურთო სტადიონის აშენებას აპირებენ. 

თუ ინგლისი მასპინძელი გახდება, ფიფას არც სტადიონების ატმოსფეროზე მოუწევს ნერვიულობა და თანაც, 2012 წელს ლონდონში ოლიმპიური თამაშები გაიმართება, რაც ორგანიზაციული თვალსაზრისით, მუნდიალის გენერალურ რეპეტიციად შეიძლება ჩაითვალოს. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ყველასათვის ცხადია, რომ ინგლისი მუნდიალის მასპინძლობისთვის ყველაზე უკეთ არის მზად.

პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ფიფას კორუფციული გარიგებების შესახებ სკანდალი პირველად სწორედ ინგლისელმა ჟურნალისტებმა ააგორეს, რაც ფიფაში, ცხადია, არავის ესიამოვნა. პრობლემას ქმნის უიმბლდონის ღია პირველობაც. საქმე იმაშია, რომ ფიფას წესდებით, ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, იმავდროულად სხვა დიდი სპორტული ღონისძიება არ უნდა გაიმართოს. მიუხედავად ამისა, ინგლისი 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობის მსურველთა შორის მაინც მთავარი ფავორიტია.

ესპანეთი/პორტუგალია - საიდუმლო ფავორიტები
უიმედიდ არც პორტუგალია და ესპანეთი არიან - ორი უდიდესი ტრადიციების მქონე საფეხბურთო ქვეყანა, რომელთაგან ერთი სულაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ესპანეთმა და პორტუგალიამ კანდიდატურის წამოყენება გაერთიანებული ძალებით გადაწყვიტეს, რაც, შესაძლოა, მათთვის გადამწყვეტი პრობლემა იყოს, რადგან ცნობილია, რომ ფიფა მუნდიალის ორ ქვეყანაში ჩატარების კატეგორიული არა, მაგრამ წინააღმდეგია. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ესპანეთს და პორტუგალიას აღმასრულებელი კომიტეტიდან სამხრეთ ამერიკული ქვეყნების წარმომადგენლების ხმები გარანტირებული აქვთ.

მადრიდი, ბარსელონა, პორტუ, ლისაბონი - ეს წმინდა საფეხბურთო ქალაქებია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონებითა და ბრწყინვალე ინფრასტრუქტურით. თანაც, პორტუგალიელებმა თავიანთი არენები სულ ცოტა ხნის წინ, ევროპის 2004 წლის ჩემპიონატისთვის განაახლეს. ერთი სიტყვით, ესპანეთი და პორტუგალია ინგლისის მთავარ კონკურენტებად უნდა მივიჩნიოთ. ხელის შემშლელი ფაქტორი ლოგიკურად მხოლოდ ის არის, რომ ფიფას მუნდიალის ორ ქვეყანაში ჩატარება არ უყვარს.

რუსეთი - აუტსაიდერი საუკეთესო შანსებით
რუსეთს დიდი ხანია უნდა მუნდიალის მასპინძლობა და სხვათა შორის, ნამდვილად არ არის უშანსოდ. ერთი შეხედვით, რუსეთი ინგლისთან და პორტუგალია/ესპანეთის წყვილთან აუტსაიდერად მოჩანს, მაგრამ რუსები მზად არიან, მასპინძლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ინგლისელებზე, ესპანელებსა და პორტუგალიელებზე გაცილებით მეტი ფული დახარჯონ, რაც, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ფაქტია, რომ რუსეთმა 16-დან 14 სტადიონი თავიდან უნდა ააშენოს. პრობლემაა ის, რომ ფანები გაურკვევლობაში იქნებიან და ხშირად სტადიონიდან სტადიონამდე ძალიან დიდი მანძილების დაფარვა მოუწევთ. რუსეთმა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მიღო, ხოლო 2015 წლიდან კი ამ ქვეყანაში ფორმულა ერთის ეტაპიც ჩატარდება ხოლმე. ამრიგად, 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობა რუსეთისთვის დამაგვირგვინებელი, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო იქნებოდა.

ფაქტია ისიც, რომ თუ რუსეთი მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს, რუსი ჟურნალისტები ფიფას არ გააკრიტიკებენ, არ დაიწყებენ სხვადასხვა ამბების გამოძიებას (რაც ინგლისელმა ჟურნალისტებმა გააკეთეს) და ერთი სიტყვით, კარგი, დამყოლი „გოშიები“ იქნებიან, რაც ფიფას, რა თქმა უნდა, ძალიან მოეწონება. მიუხედავად ასეთი მნიშნელოვანი, მაგრამ მაინც აბსტრაქტული მიზეზებისა, რუსეთი ინგლისთან და ესპანეთ/პორტუგალიასთან შედარებით, მაინც აუტსაიდერია. ოღონდ, ისეთი აუტსაიდერი, რომელსაც ძალიან კარგი შანსები აქვს.

ჰოლანდია/ბელგია - უშანსოდ
სამაგიეროდ, ჰოლანდიისა და ბელგიის წყვილზე, შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ უშანსოდ არიან. ფიფას დუბლმასპინძლობისადმი დამოკიდებულებას თავი რომ დავანებოთ, ჰოლანდიისა და ბელგიის წყვილზე დადებითად ფაქტობრივად არაფერი მეტყველებს. ამ ქვეყნებში ევროპის 2000 წლის ჩემპიონატი გაიმართა და ფუნქციონერები განსაკუთრებით ბელგიური ნაწილისგან იყვნენ იმედგაცრუებულები. ფანების მოზღვავება და შესანიშნავი საფეხბურთო განწყობა მხოლოდ ჰოლანდიაში იქნება გარანტირებული. ერთი სიტყვით, ეს წყვილი ფაქტობრივად უშანსოდაა. მართალია, ინგლისის, ესპანეთ/პორტუგალიისა და რუსეთის პრეზენტაციებთან შედარებით, ჰოლანდიელები და ბელგიელები მოკრძალებულები არიან, რაც ბევრ ექსპერტსა თუ ფუნქციონერებში სიმპატიას იწვევს, მაგრამ ფიფასთვის ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი.


2022
ყატარი - მცირე შანსებით
2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის მსურველთა სია კი გაცილებით ჭრელია. მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე უცნაური და ალბათ ბევრისთვის მიუღებელი მსურველი ყატარია. ამ ძალიან პატარა ქვეყანას გადაწყვეტილი აქვს, 30-50 კილომეტრის რადიუსში 12 უახლესი, თანამედროვე სტანდარტის საუკეთესო სტადიონი ააშენოს, რაც, დაგვეთანხმებით, ყატარისთვის ფინანსურად არანაირი პრობლემა არ იქნება. თანაც, ყატარელები მუნდიალის შემდეგ რამდენიმე სტადიონის დაშლას (!) და სხვა ქვეყნებში გაყიდვას აპირებენ. გარდა ამისა, ყატარელებს გადაწყვეტილი აქვთ სტადიონების გაგრილება - მიუხედავად ამისა, აუტანელი სიცხე მაინც ყატარის, როგორც მუნდიალის მასპინძლის უპირველესი და უმთავრესი მტერია. ფიფას არ უნდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ენით აუწერელ სიცხეში ჩაატაროს - მიუხედავად იმისა, რომ სტადიონებს გააგრილებენ.

ამას გარდა, ყატარში საფეხბურთო ვნება და აღტაცება თავიდან ბოლომდე ხელოვნურია, ფიფას კი ნამდვილად აღარ უნდა კრიტიკის მოსმენა. თანაც, გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ყატარელები ხმების ყიდვას ცდილობდნენ - იყო საუბარი ესპანეთსა და პორტუგალიასთან გარიგებაზე.

იაპონია და სამხრეთ კორეა - ორივე უშანსოდ
პრობლემები აქვთ იაპონიას და სამხრეთ კორეასაც, რომლებმაც 2002 წლის მუნდიალს ერთად უმასპინძლეს, ახლა კი, მხოლოდ რვა წლის შემდეგ, ცალ-ცალკე მასპინძლობაზე აქვთ პრეტენზია, რაც მათ შანსებს ნამდვილად არ ზრდის. იაპონია ძალიან კარგი საფეხბურთო ბაზარია და ამის გამო, სამხრეთ კორეასთან შედარებით, მცირე უპირატესობა აქვს. სამხრეთ კორეა კი ყველაფერთან ერთად იმის გამოა აუტსაიდერი, რომ ჩრდილოეთ კორეასთან აქვს კონფლიქტი. ერთი სიტყვით, სამხრეთ კორეას მცირე იმედიც არ უნდა ჰქონდეს, იაპონელებს კი შეუძლიათ, იოცნებონ...

ავსტრალია - საიდუმლო ფავორიტი
დარჩა ორი კანდიდატი, რომელთაგან ორივე სერიოზულია. დავიწყოთ შესანიშნავი ქვეყნით, ავსტრალიით, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს ჩატარებულა, მაგრამ ამ ქვეყანას დიდი სპორტული ღონისძიებების გამართვის უდიდესი გამოცდილება აქვს. თანაც, ბოლო წლებში ავსტრალიური ფეხბურთის პროგრესი აშკარაა - მათმა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ორი მუნდიალიდან ორივეზე იასპარეზა. თანაც, ავსტრალიელებს დიდი ინვესტიციების ჩადება სურთ. მათ მხარესაა მილიარდერი ფრენკ ლოვი - ყველაზე მდიდარი ადამიანი ავსტრალიაში.

თამამად უნდა ითქვას, რომ ავსტრალიას ფიფაშიც არაერთი ლობისტი ჰყავს, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც უბრალოდ ყველას უყვარს. ავსტრალიის ერთადერთი პრობლემა დროში განსხვავებაა, რაც მარკეტინგული თვალსაზრისით ტურნირი ევროპაში გაყიდვას ართულებს.


აშშ - მთავარი ფავორიტი
ასე და ამგვარად, ყველაფერი იქითკენ მიდის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი აშშ-ში ჩატარდება. გაგახსენებთ, რომ ამერიკამ მუნდიალს 1994 წელსაც უმასპინძლა და მაშინ ამ ამოცანას თავი მშვენივრად გაართვა. თანაც, დღეს აშშ გაცილებით უფრო მეტადაა საფეხბურთო ქვეყანა, ვიდრე 1994 წელს. მაშინ ამერიკელებს ბევრი რამ ჰქონდათ სასწავლი, მაგრამ 2022 წელს 1994-დან ხომ თითქმის 30 წელიწადი იქნება გასული. თანაც, აშშ ძალიან საინტერესო ბაზარია - პირველ რიგში სპონსორების გამო.

გავრცელდა ცნობები, რომ ინგლისმა და აშშ-მ მოილაპარაკეს, ერთობლივი ძალებით (სამართლიანით თუ უსამართლოთი) ებრძოლათ და ეს ორი მუნდიალი გაენაწილებინათ, რაზეც პორტუგალიელი და ესპანელი ჟურნალისტები აყვირდნენ, მაგრამ ბრალდების დამადასტურებელი არაფერი გამოჩნდა.


წილისყრის პროცედურა
გუშინ კანდიდატმა ქვეყნებმა თავიანთი პრეზენტაციები წარადგინეს. დღეს დილიდან კი თითოეული კანდიდატი თავის პრეზენტაციას გააკეთებს: ბელგია/ჰოლანდია 9 საათზე, ესპანეთი/პორტუგალია 10 საათზე, ინგლისი 11 საათზე, რუსეთი კი 12 საათზე. ხმის მიცემის პროცესი 14 საათზე დაიწყება და რა თქმა უნდა, ფარული იქნება. ხმის მიცემის უფლება ფიფას აღმასკომის წევრებს აქვთ. გამარჯვებისთვის აუცილებელია ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის (მინიმუმ 51 პროცენტი) მიღება. თუ ორი ქვეყანა ხმების თანაბარ რაოდენობას დააგროვებს, გადამწყვეტი სიტყვა ფიფას პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში იოზეფ ბლატერს ეთქმის. სხვა შემთხვევაში, თუ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა არ იარსებებს, ყოველ ჯერზე წილისყრას ის კანდიდატი გამოეთიშება, რომელიც ხმების ყველაზე ნაკლებ რაოდენობას მიიღებს.

გადაწყვეტილების ნოტარიული დამოწმების შემდეგ, შვეიცარიის დროით 16 საათზე (ჩვენი დროით 19 საათი) ბლატერი მსოფლიოს 2018 და 2022 წლის ჩემპიონატების მასპინძელ ქვეყნებს გამოაცხადებს.


ფიფას აღმასკომი - ხალხი, ვინც ხმას აძლევს
22 24-ის ნაცვლად! ტემარი და ადამუ მოკვეთეს
კორუფციული გარიგებების გამოძიების დრო აღარ იყო და შესაბამისად, ფიფას აღმასკომი ლოგიკურად მოიქცა: 24 წევრიდან გარიგებებზე ეჭვი ორზე, ნიგერიელ ამოს ადამუსა და ტაიტელ რეინალდ ტემარიზე იყო. ფიფას აღმასკომიდან ორივე მათგანი მოკვეთილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმის მიცემის უფლება არა 24, არამედ 22 წევრს ექნება. ტემარის და ადამუს ბრალი ედებათ, რომ თავიანთი ხმები გაყიდეს. ორივე მათგანს დისკვალიფიკაციები მიესაჯა - ტემარის ერთწლიანი, ადამუს სამწლიანი.

პოზიცია წევრი ქვეყანა

პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი შვეიცარია
მთავარი ვიცე-პრეზიდენტი ხულიო გრონდონა არგენტინა
ვიცე-პრეზიდენტი ისა ჰაიატუ კამერუნი
ვიცე-პრეზიდენტი მონ-იონ ჩუნი ს. კორეა
ვიცე-პრეზიდენტი ჯერ უორნერი ტრინიდადი
ვიცე-პრეზიდენტი ანხელ მარია ვილარი ესპანეთი
ვიცე-პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფრანგეთი
ვიცე-პრეზიდენტი ჯეოფ ტომპსონი ინგლისი
წევრი მიშელ დუგი ბელგია
წევრი რიკარდო ტეიშეირა ბრაზილია
წევრი მოჰამედ ბინ ჰამამი ყატარი
წევრი სენეს ერციკი თურქეთი
წევრი ჩაკ ბლეიზერი აშშ
წევრი ვორავი მაკუდი ტაილანდი
წევრი ნიკოლას ლეოსი პარაგვაი
წევრი იუნჯი ოგურა იაპონია
წევრი მარიოს ლეფკარიტისი კვიპროსი
წევრი ჟაკ ანუმა კოტ დ’ივუარი
წევრი ფრანც ბეკენბაუერი გერმანია
წევრი რაფაელ სალგუერო გვატემალა
წევრი ჰანი აბო რიდა ეგვიპტე
წევრი ვიტალი მუტკო რუსეთი

 

გოტფრიდ ლენცი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული