გერმანიას ბრინჯაო უნდა და... არც უნდა

AutoSharing Option
10 ივლისი. პორტ ელიზაბეტი. ნელსონ მანდელა. 22:30
ურუგვაი-გერმანია
სავარაუდო შემადგენლობები
ურუგვაი (4-1-2-1-2): მუსლერა - მაქსი პერეირა, ლუგანო, გოდინი, ფუსილე - არევალო რიოსი - პერესი, ალვარო პერეირა - ფორლანი - კავანი, სუარესი.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, იანსენი - ხედირა, შვაინშტაიგერი - მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.
არბიტრი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა)

ურუგვაი სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის პრესტიჟისთვის იბრძოლებს

დასრულდა თუ არა ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებ გუნდებს შორის ნახევარფინალური მატჩი, რომელიც ესპანეთმა მოიგო, გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ფილიპ ლამმა თქვა, მატჩი მესამე
ადგილისთვის ოდნავადაც არ მაინტერესებსო. ამით მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ბუნდესგუნდის მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობა იყო და რომ მესამე ადგილისთვის ბრძოლა მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის განსაკუთრებული მოტივაცია ვერ იქნება. მართალია, მეორე დღეს მოლბა და თქვა, ის ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მესამე ადგილი დავიკავოთო, მაგრამ პირველი ნათქვამი მეხსირებაში ყველას უფრო მძლავრად ჩარჩა. ლამმა ფაქტობრივად მთელი ბუნდესგუნდის განწყობა გამოხატა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრებს მესამე ადგილის დაკავება არ უნდა. პირიქით, ბუნდესგუნდი მართლაც ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ბრინჯაოს მედლები ზედიზედ მეორედ დაისაკუთროს - ესეც საქმეა.

გუშინ, ბუნდესგუნდმა სამხრეთ აფრიკაში უკანასკნელად ივარჯიშა, რადგან დღეს თამაშია, ხვალ კი, გერმანელი ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდებიან, რის შემდეგაც შვებულებაში გავლენ. ბოლო ვარჯიშს მთავარი გმირი, გუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი აკლდა, რომელსაც გრიპი აქვს. ლიოვის ნაცვლად, გუნდი მისმა ასისტენტმა ჰანსი ფლიკმა ავარჯიშა. მაგრამ ბუნდესგუნდს მარტო მწვრთნელი არ გამოკლებია. გუშინ ვარჯიში ვერც ფილიპ ლამმა, ლუკას პოდოლსკიმ, მიროსლავ კლოზემ და ტიმ ვიზემ შეძლეს. ლამს და პოდოლსკის, მლიოვის დარად, გრიპი აქვთ. კლოზემ კი მხოლოდ ოცი წუთი ირბინა, რადგან ზურგის ტკივილმა შეაწუხა. რაც შეეხება ვიზეს:
"ვერდერის" მეკარეს მუხლის ტრავმა აწუხებს. ვიზე ვერ ითამაშებს და ჯანმრთელიც რომ ყოფილიყო, არ ათამაშებდნენ. ლამი, პოდოლსკი და კლოზე კი მოედანზე აუცილებლად გავლენო, განაცხადა გუშინ ფლიკმა. აქედან, ყველაზე მნიშვნელოვანი კლოზეს თამაშია, რადგან მას შანსი აქვს, მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს, რისთვისაც ორი გოლი სჭირდება ან მინიმუმ რონალდოს დაეწიოს, რისთვისაც ერთი გოლიც ეყოფა.

ამასთან, კლოზე ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობაზეც ოცნებობს. მიროს თითოეული თანაგუნდელი მაქსიმალურ მხარდაჭერას ჰპირდება იმისათვის, რომ მან აორი გოლი გაიტანოს და მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ფეხბურთელების თქმით, ისინი დღეს კლოზესთვის ითამაშებენ.

გუშინ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ლიოვის ბუნდესგუნდში დარჩენა და გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვეტილია. ეს ცნობა "ბილდმა" გაავრცელა, მაგრამ ნაშუადღევს ბუნდესგუნდის მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ბირჰოფის განცხადებით, იოგი მომავალზე მხოლოდ მუნდიალის დასრულების შემდეგ დაფიქრდება, გადაწყვეტილება კი ერთ-ორ კვირაში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ურუგვაის ნაკრებს: ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდში დღეს შეიძლება, კაპიტანი დიეგო ლუგანო ვერ ვიხილოთ, რომელსაც ტრავმა აწუხებს. მასთან ერთად, ექიმები ვიცე-კაპიტანს და გუნდის ლიდერ დიეგო ფორლანსაც თავს ევლებიან, რადგან ეს უკანასკნელიც დაშავებულია. სამაგიეროდ, ტაბარესს მცველი ხორხე ფუსილე და თავდამსხმელი ლუის სუარესი უბრუნდებიან, რომლებმაც ნახევარფინალი დისკვალიფიციკაციების გამო გამოტოვეს. ფორლანი ალბათ მაინც ითამაშებსო, აცხადებენ ურუგვაის ნაკრების ექიმები. აი, ლუგანოს ასპარეზობა კი უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ტავარესს იმედი აქვს, რომ დღეს საღამომდე მისი კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი ფეხზე დადგებიან, რადგან ურუგვაის ნაკრებს ძალიან უნდა მესამე ადგილის დაკავება. ლუგანოსა და ფორლანის გარეშე კი, გერმანიის ნაკრების დამარცხება ფაქტობრივად უტოპიაა. სამაგიეროდ, ნამდვილად ვერ ითამაშებს ლოდეირო.

"მეოთხე ადგილის დაკავებას წარუმატებლობად ჩავთვლით. გერმანიასთან ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს ეს მუნდიალის ფინალია. მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ბრინჯაოს მედლები გვინდა," - აცხადებს ფორლანი. მას სებასტიან აბრეუც ეთანხმება, რომელიც ამბობს, რომ სულერთი ნამდვილად არ არის, ურუგვაი მესამე ადგილზე გავა, თუ მეოთხეზე: "ცხადია, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რომ ფინალში გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მუნდიალის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მესამე ადგილისთვის მატჩში იასპარეზებთო, ყველანი ბედნიერები ვიქნებოდით."

ურუგვაის ნაკრები დღეს სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის პრესტიჟის დასაცავადაც იბრძოლებს. წელს მუნდიალის ნახევარფინალში მხოლოდ ერთი სამხრეთ ამერიკული გუნდი გავიდა და ისიც დამარცხდა, 2006 წლის მუნდიალზე კი, ნახევარფინალი მთლიანად ევროპული იყო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული