ოქროს ბურთი და სნეიდერის უნიკალური შანსი

AutoSharing Option
ფიფამ გამოაქვეყნა სია იმ ფეხბურთელებისა, რომელთაც მუნდიალის "ოქროს ბურთის" მოგების შანსი აქვთ. პრესტიჟული ჯილდოს პრეტენდენტი 10 მოთამაშეა, მათ შორის, სამი - ესპანეთის ნაკრებიდან:

დავიდ ვილია, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ვესლი სნეიდერი, არიენ რობენი (ჰოლანდია), ბასტიან შვაინშტაიგერი, მესუთ იოზილი (გერმანია), დიეგო ფორლანი (ურუგვაი), ასამოა გიანი (განა), ლიონელ მესი (არგენტინა).
საუკეთესო ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატზე აკრედიტებული ჟურნალისტები გამოავლენენ. გამოკითხვის შედეგები კი მუნდიალის ფინალური მატჩის შემდეგ გახდება ცნობილი.

სხვათა შორის, ჰოლანდიის ნაკრებისა და "ინტერის" შემტევ ვესლი სნეიდერს აქვს უნიკალური შანსი, გახდეს პირველი ფეხბურთელი
მსოფლიოში, რომელსაც ერთ სეზონში ქვეყნის პირველობა და თასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო თასი ექნება მოგებული. ამას გარდა, სნეიდერს მუნდიალის "ოქროს ბუცის" მოპოვების შანსიც აქვს. მას 5 გოლი აქვს გატანილი, ისევე, როგორც მის ხვალინდელ ვიზავის, ესპანელ დავიდ ვილიას.

ბომბარდირობაზე უჭირავთ თვალი დიეგო ფორლანს (ურუგვაი), მიროსლავ კლოზესა და თომას მიულერს (ორივე გერმანია), რომელთაც 4-4 გოლი აქვთ გატანილი, და მხედველობაშია მისაღები ფორლანის თანაგუნდელი ლუის სუარესიც (3 გოლი), რომელმაც დისკვალიფიკაციის (განასთან მეოთხედფინალურ მატჩში კარის ხაზზე ხელით თამაშისთვის) გამო ნახევარფინალური მატჩი გამოტოვა და გერმანიასთან მესამე ადგილისთვის საბრძოლველად ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული