ფიფა ცვლილებებზე თანახმაა

AutoSharing Option
ფიფამ განაცხადა, რომ მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის - რომელიც ხვალ მთავდრდება - ბოლოა, რომელსაც მსაჯობის ძველებური სისტემით ემსახურებიან. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გენერალური მდივანი ჯერომ ვალკემ BBC-ზე გამოსვლისას გერმანიისა და ინგლისის ნაკრებთა მერვედფინალური შეხვედრის დღეს ორგანიზატორთათვის "ცუდი დღე" უწოდა - ამ დროს ინგლისური ტელეკომპანიის ეკრანზე ტრიალებდა კადრი, როგორ გაიტანა ფრენკ ლემპარდმა გერმანელების კარში აშკარა გოლი, რომელიც მსაჯებმა არ ჩათვალეს. ვალკეს თქმით ცვლილებები 2014 წლისთვის არის მოსალოდნელი: "ახალ ტექნოლოგიებზე ლაპარაკი სწორედ იმიტომ დავიწყეთ, რომ სამხრეთ აფრიკაში გავიდა გოლი, რომელიც მსაჯმა ვერ დაინახა".

შემდეგ გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ კარებს უკან დამატებით მსაჯთა დაყენებამაც უნდა გვაჩვენოს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოგეხსენებათ, ეს ხერხი უეფამ გასულ სეზონში ევროლიგის შეხვედრებში გამოსცადა, ხოლო მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში უპირებს შემოწმებას.

"ვნახოთ რამდენად გაამართლებს ეს სისტემა, რას მოუტანს მსაჯობას დამატებითი ოთხი თვალი. შესაძლოა კარსუკანა ასისტენტებმა არბიტრებს პრობლემები მოუხსნან კიდეც. ყოველ შემთხვევაში ერთს ვიტყვი - ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლოა, რომელსაც ძველი სამსაჯო ხერხებით მოვემსახურეთ".

თუმცა ჯერომ ვალკეს სიტყვები სხვადასხვანაირად შეიძლება გაიგონ. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის წესებს ადგენს, პატრონობს და ცვლის საგანგებო გაერთიანება - ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო, რომელმაც ტექნოლოგიათა დანერგვაზე სულ ახლახან, გასულ გაზაფხულზე იმსჯელა და მარტში დაადგინა, რომ ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩეს. ვალკეს სურს, საფეხბურთო სამყარომ მსაჯობას მთლიანად გადახედოს და ახალი პრინციპები და ფილოსოფია შეიმუშაოს.

"ფეხბურთი იცვლება. გუნდები და ფეხბურთელები სულ უფრო და უფრო ღონივრები და სწრაფები ხდებიან. თანამედროვე ფეხბურთი სხვანაირია, მსაჯები კი ძველებურად სჯიან. ბურთი უკვე დიდი სისწრაფით დაფრინავს. მოთამაშეები ძველი დროის ხალხთან შედარებით გაცილებით სწრაფად დარბიან. მოკლედ არბიტრებს დახმარება სჭირდებათ".

აქ შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, რომ ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი კარგა ხანია ჯიუტად უარობს ტექნოლოგიების დანერგვას, რადგან მიაჩნია, რომ ფეხბურთში ადამიანური ელემენტი (მათ შორის შეცდომაც) დომინანტად უნდა დარჩეს. მაგრამ, საბედისწერო როლი მერვედფინალების დღემ ითამაშა, როცა ლემპარდის არჩათვლილ გოლს საღამოს, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებთა შეხვედრაში კარლოს ტევესის მიერ თამაშგარიდან გატანილი გოლი მოჰყვა. მსაჯებმა ვერც აქ შენიშნეს დარღვევა.

და სწორედ ამ დღის შემდეგ შეიცვალა ბლატერის დამოკიდებულებაც. ახლა უკვე ცნობილია, რომ 21 ივლისს გაიმართება ზემოხსენებული საბჭოს (ფიფას გარდა, მასში შედის ოთხი ბრიტანული ქვეყნის ასოციაცია) სხდომა და ამ სხდომაზე სწორედ კარის ხაზის ტექნოლოგიათა საკითხებს განიხილავენ.

ზემოთ ვახსენეთ, რომ წინა სხდომა ამ საბჭოს მარტში ჰქონდა და მაშინ მას ორმა ფირმამ წარუდგინა თავისი შემუშავებული აპარატურა. ამ აპარატურათა შორის განსხვავება ისაა, რომ "კაიროს გოლ-ლაინის" ტექნოლოგია ბურთში ჩიპის ჩამონტაჟებაზეა დამყარებული, რომელიც მოედნის კიდეებზე გავლებული მაგნიტური ხაზის გადაკვეთისას სიგნალს გამოიმუშავებს, მეორე კი "ქორის თვალია" რომელიც კარის ხაზის სიახლოვეს დამონტაჟებულ ექვს სატელევიზიო კამერას ეყრდნობა. "კაიროს" სისტემა ფიფამ 2007 წელს იაპონიაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოსცადა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული