ტომაშ კუშჩაკს ეშველა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" პოლონელი მეკარე, 29 წლის ტომაშ კუშჩაკი 2006 წელს "ოლდ ტრეფორდზე" დიდი ამბიციებით მივიდა, თუმცა თავის გამოჩენა ვერაფრით მოახერხა და მთელი 5 წლის განმავლობაში უთამაშებლობა ტანჯავდა.

როგორც იქნა, ტომაშს საშველი დაადგა და იჯარით "უოტფორდს" მაისის ბოლომდე მიაშურა. სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ კი პოლონელი "იუნაიტედთან" საბოლოოდ გამოთხოვებას გეგმავს, მით უფრო, რომ "ეშმაკებთან" მის ხელშეკრულებას ვადა გასდის. მიმდინარე სეზონში პოლონელს არათუ თამაშის, სკამზე ჯდომის საშუალებაც კი არ ეძლეოდა.

ასეთი პატივი მას მხოლოდ 1-ელ თებერვალს "სტოკ სიტისთან" მატჩში ერგო, როცა დავიდ დე
ხეა და ანდერს ლინდეგორი იყვნენ ტრავმირებულები.

აქვე კიდევ ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ "იუნაიტედის" გეგმებთან დაკავშირებით. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ულე-გუნარ სულშერმა ყოფილ კლუბს ნორვეგიელი გოლკიპერის, 16 წლის სონდრე როსბახის ერთწლიანი იჯარით წაყვანა ურჩია. გარიგება ზაფხულზე იმ შემთხვევაში შედგება, თუკი თინეიჯერი ფეხბურთელი კოჭს ბოლომდე მოირჩენს.

ვულვზი ვერ ჩამოყალიბდა

"ვულვერჰემპტონიდან" მიკ მაკარტის გაშვების შემდეგ "მგლების" მთავარი მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატურა სახელდებოდა. მათ შორის ალან კერბიშლი და სტივ ბრუსი. პირველმა უარი თავად თქვა, მეორესთან დაკავშირებით კი სიტუაცია ჯერჯერობით გაურკვეველია.

ამასობაში გაზეთებმა დაწერეს, რომ კლუბის მესაკუთრე სტივ მორგანსა და სპორტულ დირექტორ ჯეზ მოსკის ყველაზე მეტად "რედინგის" დამრიგებლის ბრაიან მაკდერმოტის კანდიდატურა ხიბლავთ. ისინი მზად არიან, ჩემპიონშიპის კლუბს სოლიდური კომპენსაციაც კი გადაუხადონ მწვრთნელთან ხელშეკრულების დარღვევის გამო.

ჟურნალისტებმა კიდევ ერთი მოულოდნელი კანდიდატურა დაასახელეს, 40 წლის ირლანდიელი როი კინი. "მანიუს" ლეგენდარულ კაპიტანს შარშან "იპსვიჩიდან" წასვლის შემდეგ არსად უმუშავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული