რას ამბობ, ლუსიენ?

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმა შვეიცარიულ გაზეთ "ბლიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბუნდესლიგა და გერმანული კლუბები გააკრიტიკა.

54 წლის შვეიცარიელ სპეციალისტს, რომლის ხელმძღვანელობითაც "გლადბახმა" გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე სენსაციურად კარგად (მე-4 ადგილი) ჩაატარა და სეზონის პირველი ნახევრის აღმოჩენა გახდა, ყველაზე მეტად ის არ მოსწონს, რომ გერმანიაში "ბაიერნის" გარდა არცერთი კლუბის ხელმძღვანელები არ საუბრობენ ხოლმე ჩემპიონობაზე.

"მე არ ვიცი, რას ფიქრობენ "დორტმუნდის", "შალკეს", "ვერდერის" და "ლევერკუზენის" შეფები გულის სიღრმეში, მაგრამ ის კი ნამდვილად არ არის კარგი, ჩემპიონობისთვის რეალურად მხოლოდ "ბაიერნი" რომ იბრძვის.
როცა სხვები ამას ხმამაღლა არ ამბობენ, სწორედ ასე გამოდის," - აცხადებს ფავრი და იქვე დასძენს, რომ "გლადბახის" მდგომარეობა ამ შემთხვევაში განსხვავებულია, რადგან მისი გუნდი გასულ სეზონში კინაღამ მეორე ბუნდესლიგაში გავარდა.

ლუსიენის თქმით, წელს "გლადბახმა" მეოთხე ადგილი რომ დაიკავოს და გაისად მესამე, მომდევნო სეზონში ის აბსოლუტურად თამამად იტყვის, რომ გუნდის მიზანი გერმანიის ჩემპიონობაა.

შვეიცარიელმა გერმანულ კლუბებს ფილოსოფია, ზოგადად გერმანელებს კი საქმისადმი მიდგომაც გაუკრიტიკა. აი, რას ამბობს ფავრი: "საკმარისია, ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი თამაში მოიგო, რომ გუნდში და გუნდის გარეშემო უდიდესი ეიფორია იწყება. სამაგიეროდ, მერე ზედიზედ ორ თამაშს წააგებ და ყველა კრიზისზე ლაპარაკობს. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად არ არის გერმანიისთვის კარგი და თუ გერმანელებს უნდათ, რომ საფეხბურთო ევროპას თავში მოექცნენ, ასეთი მიდგომით ამას ვერ მოახერხებენ."

საერთო ჯამში, ფავრი გერმანული საკლუბო ფეხბურთის პროგრესს აღიარებს და ფიქრობს, რომ ბუნდესლიგამ ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვედრა დაიმსახურა, გული მხოლოდ იმაზე სწყდება, რომ გერმანულ საკლუბო ფეხბურთს აშკარად მეტის პოტენციალი აქვს.

"ჰერტაში" ორწელიწადნახევარი გავატარე და ვფიქრობ, ბერლინშიც კარგად ვმუშაობდი. თუმცა ამ კლუბის ბოსებს ზედმეტად დიდი ამბიციები ჰქონდათ. რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ ჩემს კრიტიკას მოჰყვნენ, გერმანული პრესა კი წერდა, ფავრი მხოლოდ შეცდომებს უშვებსო. ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიკრიტიკებდნენ.

ახლა კი, მას მერე რაც "გლადბახი" ბოლო ტურებში გავარდნისგან ვიხსენი, ამ სეზონში კი შესანიშნავად გამოვიყურებით, ჟურნალისტები მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო პედაგოგად მომიხსენიებენ. ამას წინათ ჯერ პეპ გვარდიოლას შემადარეს, მერე კი "გლადბახის" ლეგენდარულ მწვრთნელ ჰენეს ვაისვაილერს, - ირონიულად ამბობს ფავრი და იქვე დასძენს, - საბოლოო ჯამში ვიცი, რომ მე, არც მეტი, არც ნაკლები, კარგი მწვრთნელი ვარ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული