მზად სამსახურისთვის

AutoSharing Option
სწორედ გუშინ ვწერდით, რომ "პარი სენ-ჟერმენის" თავკაც ანტუან კომბუარეს კლუბის შიგნით პირველი დამცველი გამოუჩდაო.

ლაპარაკი იყო "ლურჯ-წითლების" პორტუგალიელ ვარსკვლავ პედრო პაულეტაზე. ის ამტკიცებს, რომ კომბუარეს ნამდვილად შეუძლია პარიზელთა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება.

ამისთვის კი მხოლოდ ნდობა და დრო სჭირდებოდაო. გუშინდელმა "პარიზიენმა" პსჟ-ის ნახევარმცველის ჟერემი მენეზის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც 24 წლის ფეხბურთელი გუნდის სახელით მთავარ მწვრთნელს 100%-იან თანადგომას ჰპირდება. "ის ჩვენგან ერთადერთს ითხოვს, არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც პრესაში იწერება, რადგან ამჟამად კონცენტრაცია მხოლოდ ფეხბურთზე გვმართებს.

პირადად მე ვფიქრობ, რომ კომბუარე ნამდვილად
ის მწვრთნელია, ვისაც ეს თანამდებობა უნდა ეკავოს. მან ხომ გუნდთან კოლოსალური სამუშაო გასწია. ჩვენ წინაშე დასახული მიზნებისთვის ბრძოლა მასთან ერთად უნდა გავაგრძელოთ. ფეხბურთელები მას გვერდში ნამდვილად ბოლომდე დავუდგებით".

ერთი სამწუხარო ცნობა პარიზელთა ბანაკიდან: გუნდის წამყვანმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ "ოსერთან" მე-16 ტურის შეხვედრაში ბარძაყის ტრავმა მიიღო. მკურნალობისთვის 24 წლის ფეხბურთელს თვეზე ცოტა მეტი დასჭირდებაო, გვამცნობს პარიზელთა ოფიციალური ვებგვერდი. ასე რომ, ბლეზს 2011 წელს დარჩენილი სამივე შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ყველა ტურნირზე ერთად ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, თანაც ყველა ძირითადში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული