პენალტების ანატომია

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონატის საფლეიოფო ეტაპის დადგომასთან ერთად, უნდა ველოდოთ, რომ შემდეგ ეტაპებზე გამსვლელთა ნაწილი პენალტების სერიით გამოვლინდება. გულშემატკივრები ყოველთვის დავობენ საფეხბურთო შეხვედრის ამ შემადგენელ ნაწილზე. ზოგს მიაჩნია, რომ მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანები წმინდა წყლის ლატარიაა, ზოგიც კი ამ პროცესის შედეგების ლოგიკურობაზე ლაპარაკობს.
“კასტროლი”, რომელიც წლებია, საფეხბურთო სტატისტიკასა და ანალიზს აწარმოებს, პენალტების სერიის თავისებურებების ახსნას ცდილობს და ისეთ სახელგანთქმულ მეკარეს იმოწმებს, როგორიც დანიელი პეტერ შმეიხელია.
“კასტროლის” ანალიტიკოსებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ჩემპიონთა ლიგასა და ხუთ ევროპულ წამყვან ლიგაში შესრულებული ყველა პენალტი შეისწავლეს და აქედან
საინტერესო დასკვნებიც გამოიტანეს:

1. ნახევარმცველთა მხოლოდ 58% ახერხებს თერთმეტმეტრიანის გატანას.
2. რაც მეტი ხნისაა ფეხბურთელი, გატანის მით ნაკლები შანსი აქვს. პენალტის ზუსტად დარტყმას 28 წელს გადაცილებულ მოთამაშეთა მხოლოდ 71% ახერხებს.
3. პენალტი ცაცია ფეხბურთელთა მხოლოდ 50%-ს გააქვს.

ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტურნირის საერთო მონაცემებია, ახლა რაც შეეხება სახელდობრ მუნდიალების სტატისტიკას:
1. პენალტს წარმატებით ასრულებს თავდამსხმელთა 74, მცველთა 69 და ნახევარმცველთა 58%.
2. 23 წლამდელ ფეხბურთელთა 85% თერთმეტმეტრიანს შედეგიანად არტყამს, მაშინ როცა 23-28 წლის მოთამაშეების 78%-ია ზუსტი. 28 წელზე უფროსებს 71%-იანი შედეგი აქვთ.
3. მწვანეფორმიან მეკარეებს პენალტების 38% აქვთ მოგერიებული, შავფორმიანებს – 35, ლურჯფორმიანებს – 31, ნაცრისფერფორმიანებს – 28, ყვითელფორმიანებს – 24, იისფერფორმიანებს – 18, ნარინჯისფერფორმიანებს – 14, წითელფორმიანებს კი 0%.

შმეიხელი, რომელსაც ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში, მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში მარკო ვან ბასტენს აჯობა, მიიჩნევს, რომ “კასტროლის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მიმდინარე მუნდიალზე მოასპარეზე მეკარეებს ძალიან გამოადგებათ.
“თერთმეტმეტრიანი მეკარეებისთვის ყოველთვის უდიდესი წნეხია, განსაუთრებით რთულ მდგომარეობაში კი გოლკიპერები მსოფლიოს ჩემპიონატისას ვარდებიან, რადგან ამ დროს მათზე ზეწოლა ერთიორად იზრდება. ყველა სირთულის მიუხედავად, მეკარეს მაინც შეუძლია პენალტების სერიისთვის სათანადოდ მომზადება. გავიხსენოთ იენს ლემანის მაგალითი, რომელმაც მსოფლიოს წინა ჩემპიონატისთვის გულდასმით შეისწავლა არგენტინელი პენალტისტების პლუს-მინუსები და სწორედ მეკარის ამ ცოდნამ მოუტანა გერმანიის ნაკრებს გამარჯვება. ასე რომ, ყველა კოლეგას ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ მეტოქეზე. დიდი ტურნირებზე წვრილმანები უბრალოდ, არ არსებობს, გადამწყვეტი შეიძლება, ნებისმიერი მცირე დეტალი აღმოჩნდეს. ყველა მეკარეს ვურჩევ, “კასტროლის” ანალიზის შედეგებს გულდასმით გაეცნოს, ისინი აქ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ამოიკითხავენ”, - ამბობს შმეიხელი.

საინტერესოა მუნდიალის მონაწილეთა შედეგებიც. მეკარეთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი გერმანელ მანუელ ნოიერს აქვს, რომელმაც ბოლო ათი პენალტიდან (რა თქმა უნდა, საკლუბო დონეზე) ოთხი მოიგერია. ყველაზე ცუდი დამრტყმელი კი აწ უკვე გავარდნილი ინგლისის ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდია, რომელსაც ბოლო ათი დარტყმიდან ოთხი გაუცუდდა. ეს უკანასკნელი მარჯვენა კუთხეში დარტყმას ამჯობინებს ხოლმე.

“1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოყოლებული, 14 ფინალისტიდან 10-მა ფინალისკენ მიმავალ გზაზე მინიმუმ ერთხელ მაინც გაიარა პენალტების სერია, მომავალმა ჩემპიონებმა ეს დაბრკოლება გადალახეს. გვინდა, ყველამ კარგად გაითავისოს, რომ ამ კომპონენტში მომზადების გარეშე უმაღლესი რანგის ტურნირებზე წარმატების შანსი ძალიან მცირეა. გვინდა, ჩვენი კვლევით ფეხბურთელებს თუნდაც მცირე დახმარება გავუწიოთ”, - ამბობს “კასტროლის” ანალიტიკოსი, დოქტორი გეირ ჯორჯეტი.

ლევან ჯანეზაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული