როგორც იქნა: მესი ნაკრებშიც მესია

AutoSharing Option
მომავალი მუნდიალის საგზურებისთვის ბრძოლა ჯერ ევროპაში არ დაწყებულა, თორემ სხვა კონტინენტებზე უკვე კარგად ხანია გახურებული ბატალიებია. სამხრეთამერიკელებმა 2011 წლის პროგრამა მოილიეს. შეგახსენებთ, რომ 9-გუნდიანი ტურნირიდან 4 საუკეთესო ბრაზილიაში ითამაშებს, მე-5 ადგილზე გასული კი რეპეშაჟში გადაერთვება.

წესით, არგენტინელებს არ უნდა გაუჭირდეთ კვარტეტში მოხვედრა, მაგრამ, ფაქტია, რომ ალეხანდრო საბელიას გუნდს უჭირს. სამშაბათს კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა დანის პირზე გაიარეს და მხოლოდ ლიონელ მესის ბრწყინვალე თამაშით და შეცვლაზე შესული სერხიო აგუეროს ბომბარდირული უნარის წყალობით მოიგეს.

ოთხი ტურის შემდეგ 7-7 ქულით სამი
ლიდერია: ურუგვაი-არგენტინა და... ვენესუელა. ამავდროულად, კოპა ამერიკას გამარჯვებულს სხვებზე მატჩით ნაკლები აქვს გამართული.

პირველ ტაიმს სულაც არ ერქვა თანაბარი, თუმცა კი გოლი სტუმართა კარში გავიდა, ტაიმის მიწურულს დორლან პაბონმა კარგად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ცოტათი კი ბარსელონელი ხავიერ მასკერანოს რიკოშეტიც წაეხმარა.

მეორე ტაიმში მესის აგუერო შეუამხანაგდა. ამის შემდეგ სტუმართა თამაშში ყველაფერი დალაგდა - ჯერ მესიმ ისარგებლა მცველისა და მეკარის შეუთანხმებლობით, შემდეგ კი აგუერომ "ალბისელესტეს" მოაგებინა - 2:1.

ვენესუელამ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ბოლივია, რომელსაც ყველა უგებს არგენტინის გარდა. გამარჯვების გოლი თავით ცენტრალურმა მცველმა ოსვალდო ვისკარონდომ გაიტანა. "ვინოტინტოს" დაცვის ბრწყინვალე დუეტი გამოუვიდა, მას მერე, რაც ბილბაოელმა ფერნანდო ამორებიეტამ ვენესუელის დროშის ქვეშ თამაშზე თანხმობა განაცხადა. ბასკი ვენესუელაშია დაბადებული, ის დიდ ხანს ელოდა, როდის გამოიძახებდნენ ესპანეთის ნაკრებში, შემდეგ კი იმედი გადაეწურა.

კიტოში ეკვადორის ნაკრებმა კრისტიან ბენიტესის ბრწყინვალე თამაშის წყალობით 2:0 მოუგო პერუს. ბენიტესმა ჯერ გამოცდილ ნახევარმცველ ედისონ მენდესს გაატანინა, შემდეგ კი თავად იყოჩაღა დამატებაზე. უკვე 34 წელიწადია ეკვადორი პერუსთან არ აგებს. 1978 წლის შემდეგ ეს ორი ნაკრები 9-ჯერ შეხვდა ერთმანეთს და 6-ჯერ გამარჯვებული "ტრიკოლორი" გამოვიდა, 3 მატჩი ფრედ დასრულდა. სანტიაგოში ჩილეს ნაკრებმა, რომელმაც მონტევიდეოში სამარცხვინო მარცხი იწვნია, 2:0 მოუგო პარაგვაის. პაბლო კონტრერასმა ნაკრებში 2003 წლის მერე პირველად გაიტანა, მეორეში კი მატიას კამპოსმა გამოიჩინა თავი.

ლეო მესი უდავოდ ტურის საუკეთესო ფეხბურთელია. სხვათა შორის, თავისი პირველი გოლი ნაკრების მაისურით (ოღონდ 20-წლამდელების), ლეომ სწორედ კოლუმბიაში გაიტანა.

ბრაზილია 2014. შესარჩევი მატჩები. სამხრეთ ამერიკა. IV ტური
კოლუმბია-არგენტინა 1:2
არგენტინა: რომერო, საბალეტა, ბურდისო (37. დესაბატო), ფერნანდესი, ბრანა, გუინასო (46. აგუერო), სოსა, მასკერანო, კ. როდრიგესი, მესი, იგუაინი (86. გაგო).
გოლები: 1:0 პაბონი (45), 1:1 მესი (60), 1:2 აგუერო (84)

ეკვადორი-პერუ 2:0
გოლები: 1:0 მენდესი (70), 2:0 ბენიტესი (89)

ვენესუელა-ბოლივია 1:0
გოლი: 1:0 ვისკარონდო (24)

ჩილე-პარაგვაი 2:0
გოლები: 1:0 კონტრერასი (27), 2:0 კამპოსი (85)

ურუგვაი ისვენებდა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ურუგვაი 3 2 1 0 9-3 7
2. არგენტინა 4 2 1 1 7-4 7
3. ვენესუელა 4 2 1 1 3-3 7
4. ეკვადორი 3 2 0 1 5-2 6
5. ჩილე 4 2 0 2 7-10 6
6. კოლუმბია 3 1 1 1 4-4 4
7. პარაგვაი 4 1 1 2 3-6 4
8. პერუ 3 1 0 2 4-6 3
9. ბოლივია 4 0 1 3 4-8 1

მომდევნო ტური
2 ივნისი: ბოლივია-ჩილე, არგენტინა-ეკვადორი, პერუ-კოლუმბია, ურუგვაი-ვენესუელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული