ფეხბურთი მხოლოდ დაცვა არ არის!

AutoSharing Option
შვეიცარია-ჰონდურასი 0:0
25.04. ბლუმბონტეინი. ფრი სთეით სთედიუმი. 28 042 მაყურებელი
შვეიცარია: ბენალიო - ლიხტშტაინერი, ფონ ბერგენი, გრიხტინგი, ციგლერი - ბარნეტა, ჰუგელი (78. შაქირი), ინლერი, ფერნანდესი (46. ჰ. იაკინი) - დერდიოკი, ნკუფო (69. ფრაი).
ჰონდურასი: ვალადარესი - საბილონი, ჩავესი, ბერნარდესი, ფიგეროა - ე. ალვარესი, ტომასი, ვ. პალასიოსი, ნუნიესი (67. მარტინესი) - ჯ. პალასიოსი (78. ველქამი), სუასო (87. ტურსიოსი)
გაფრთხილება: ტომასი (4), ფერნანდესი (34), სუასო (58), ჩავესი (65), ვ. პალასიოსი (89)
მატჩი დაიწყო: შვეიცარია; დარტყმა: 18(5)-7(1); ჯარიმა: 11-18; კუთხური: 5-3; ბურთის ფლობა:
63%-37%.
არბიტრი: ე. ბალდასი (არგენტინა)

საინტერესო მომენტები
11. გიოქჰან ინლერმა არაზუსტად დაარტყა.
17. ერენ დერდიოკმა თავური ააცილა.
53. ედგარ ალვარესის ჩაწოდებულ ბურთს დავიდ სუასოს არაზუსტი თავური მოჰყვა.
71. ჰონდურასელთა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ალვარესმა დაარტყა, შვეიცარიის ნაკრები დიეგო ბენალიოს სასწაულებრივმა რეაქციამ იხსნა.
80. შტეფან ლიხტშტაინერის დარტყმა მიზანს ასცდა.
84. ჰაკან იაკინის მიერ თავით დარტყმულს ნოელ ვალადარესი დაეუფლა.

მატჩის წინათქმაში აღვნიშნეთ, რომ შვეიცარიელებს ჯგუფიდან გასასვლელად შეტევის გაძლიერება მართებდათ. ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა კი ვერ შეძლო წინა ხაზში რაიმე ღირებულის შექმნა და ვერაფერს მიაღწია ისეთ შეხვედრაში, სადაც იძულებული იყო, დაცვით სტილზე ხელი აეღო. შვეიცარია, რომელმაც მუნდიალის სასტარტო მატჩში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი ესპანეთი დაამარცხა, ჯგუფში ჩარჩა და ვეჭვობთ, ამან თვით შვეიცარიელთა გარდა ვინმეს გული დასწყვიტოს. ფეხბურთი მხოლოდ დაცვა არაა და მედრედფინალში გასვლას არაფრით იმსახურებს ის გუნდი, რომელსაც ჰონდურასის კარში ერთი გოლის გატანაც კი არ შეუძლია - იმ ჰონდურასისა, რომელიც მანამდე შვეიცარიის კონკურენტებმა იოლად დაჩაგრეს.

შეგახსენებთ, ჰიტცფელდისა და მისი ფეხბურთელების წინაშე მკაფიო ამოცანა იდგა. შვეიცარიელებს ჯგუფიდან გასასვლელად ჰონდურასის დამარცხება სჭირდებოდათ, ან ერთი, ანაც ორი ბურთის სხვაობით - გააჩნია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები პარალალურად მიმდინარე შეხვედრაში. როცა ჩილემ ესპანეთთან ანგარიშში სხვაობა შეამცირა, შვეიცარიას უკვე ორბურთიანი გამარჯვება დასჭირდა, მაგრამ ამას ვინ ჩივის, ევროპელებმა 90 წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს მეტოქის კარისთვის გასაღების თუნდაც ერთხელ მორგება. ჰიტცფელდმა ვერც თამაშის მსვლელობისას შეძლო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც მატჩის სცენარს შეცვლიდა.

ალბათ, პირველი ტაიმისას შვეიცარიელები ძალიან არ ღელავდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მოწინააღმდეგეს ადრე თუ გვიან, მაინც გატეხდნენ, მაგრამ გადიოდა დრო და ჰონდურასი მატჩის ფავორიტს ტოლს არაფერში უდებდა. შეხვედრა დიდი ვერაფერი სანახაობა გამოდგა, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც მოხდა რამდენიმე დასამახსოვრებელი ამბავი.

აქედან მთავარი ის იყო, რომ შეხვედრის არგენტინელმა არბიტრმა ჰონდურასელებს გოლი გაუუქმა. არადა, ერთი შეხედვით, იმ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა. მატჩის მეორე ნახევარში შვეიცარიელებმა ზურგი მოაშიშვლეს და რეინალდო რუედას გუნდს კიდევ რამდენიმეჯერ შეეძლოთ მეტოქის კარის დალაშქვრა, მაგრამ საბოლოოდ, მუნდიალის უგოლოდ დატოვება მოუწია.

უშანსოდ არც შვეიცარიელები ყოფილან, მაგრამ იმდენად მათი მცდელობები იმდენად სწორხაზოვანი და პრიმიტიული იყო, რომ გასახსენებელიც ბევრი არაფერია. მათ ქომაგებს ერთი გოლის იმედი კიდევ შეიძლებოდა ჰქონოდათ, მაგრამ როცა ნათელი გახდა, რომ შვეიცარიის ნაკრებს ორი ბურთის სხვაობით გამარჯვება ესაჭიროებოდა, აშკარად გამოჩნდა, რომ ჰიტცფელდის გუნდი ამის გამკეთებელი არ იყო.

ასე ჩაეყარათ წყალში შვეიცარიელებს ესპანეთის დამარცხებით მიღებული დივიდენდები. არ გვგონია, ვინმე შეგვედავოს - მერვედფინალში ამ ჯგუფიდან ყველაზე ღირსეულები გავიდნენ.

საუკეთესო მოთამაშე
დიეგო ბენალიო (შვეიცარია)
ძალიან ძნელია, ასეთი მატჩიდან ვინმე გამოარჩიო, მაგრამ თუ შეხვედრის ყველაზე ეფექტურ მომენტს გავიხსენებთ, შვეიცარიელთა მეკარის ქმედება უნდა დავაფასოთ. ედგარ ალვარესის დარტყმისას ხომ დიეგო ბენალიომ ბრწყინვალედ ითამაშა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამით თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.

მატჩის შემდეგ
ოტმარ ჰიტცფელდი (შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ~მთელი ჩვენი გუნდი საშინლად იმედგაცრუებულია. ამ მატჩზე ხომ უდიდესი იმედებს ვამყარებდით. თამაშის მსვლელობისას შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებმა მეტისმეტად ინერვიულეს და სწორედ ამის გამო დაუშვეს ბევრი ელემენტარული შეცდომა. ჩვენი ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების თამაშით უკმაყოფილო ვარ. ვერ გამოვავლინეთ სათანადო ხასიათი და თავდადება, მეტოქეს კი კონტრშეტევებზე თავისუფლად შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა”.

რეინალდო რუედა (ჰონდურასის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ~ჩემი ფეხბურთელები ძალიან კარგად აცნობიერებდნენ, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში ჩვენი ერისთვის. ბიჭებმა უდიდესი თავდადებით ითამაშეს, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი”.

ლევან ჯანეზაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული