ევრა, აბიდალი და ტულალანი დაკითხეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა სადისციპლინო მოსმენები მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას ეროვნულ გუნდში მომხდარი სკანდალის შესახებ. ამ ინციდენტის თაობაზე დაიკითხა სამი ფეხბურთელი, რომლებიც "სამფეროვანთა" სამუნდიალო განაცხადში იყვნენ.

სპორტული საქმოსნების კითხვებს პასუხი მცველებმა პატრის ევრამ და ერიკ აბიდალმა, ასევე ნახევარმცველმა ჟერემი ტულალანმა გასცეს. მოსმენებზე თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა და ნახევარმცველი ფრანკ რიბერიც იყვნენ დაბარებულები, მაგრამ ეს წყვილი ფედერაციას არ ესტუმრა. რიბერი პარიზში მიუნხენის "ბაიერნმა" არ გამოუშვა და მის ინტერესებს ადვოკატი იცავდა, ხოლო ანელკას არდასწრების მიზეზებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, მექსიკის
ნაკრებთან 0:2 წაგების შემდეგ, ანელკამ თავისი გუნდის დამრიგებელ რაიმონ დომენეკს შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო 19-ში ანელკა გუნდიდან გააგდეს. "ჩელსის" ფორვარდს თანაგუნდელები გამოექომაგნენ და პროტესტის ნიშნად 20 ივნისს ვარჯიში იუარეს. 21-ში ფრანგებმა გაფიცვა შეწყვიტეს და ივარჯიშეს, მაგრამ რა ხეირი - მასპინძელ სამხრეთაფრიკელებთან 1:2 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

ნაკრების ფიასკოსა და სკანდალის გამო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ჟან-პიერ ესკალეტმა თანამდებობა დატოვა, გადადგა დომენეკიც, ხოლო "მამლების" ახალმა თავკაცმა ლორან ბლანმა ამ თანამდებობაზე თავის სადებიუტო, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩზე სამხრეთ აფრიკაში ნამყოფი 23 ფრანგიდან არცერთი არ გამოიძახა.

მოსმენების ბოლოს კომისიამ სასჯელებიც ჩამოარიგა: ნიკოლა ანელკა საფრანგეთის ნაკრების 18 მომდევნო მატჩს გამოტოვებს, პატრის ევრა - 5-ს, ფრანკ რიბერი - 3-ს, ჟერემი ტულალანი - ერთს, ხოლო ერიკ აბიდალის ადვოკატმა კომისიის წევრები თავისი კლიენტის უდანაშაულობაში დაარწმუნა და დისკვალიფიკაციას გადაარჩინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული