სულისკვეთება დაბრუნდა

AutoSharing Option

ასე და ამგვარად, ინგლისის ნაკრებმა ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა გუნდი, რომელიც "ფიფა-კოკა კოლას" რეიტინგში ოცდამეხუთეა. სლოვენია - აი, ასე ქვია 2 მილიონიან ქვეყანას, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ 30 ათასი რეგისტრირებული ფეხბურთელი ჰყავს. და ვითომ არის ასეთ გამარჯვებაში რამე სატრაბახო? - ასე კითხულობს ინგლისელი ჟურნალისტი ეშლი გრეი და თავის კითხვას თავადვე პასუხობს: მინიმალური სხვაობის მიუხედავად ამ შეხვედრაში ინგლისელთათის გასახარი რამდენიმე რამ მოხდა. პორტ ელიზაბეტის "ნელსონ მანდელა ბეიზე" ფაბიო კაპელოს გუნდი წინა ორ შეხვედრასთან შედარებით სახეცვლილი ვიხილეთ. კაპელოს თერთმეტეულს ახლებური შემართება
ჰიმნის დროსვე დაეტყო, შემდეგ კი ბურთი გაგორდა და ის, რაც მთელმა ინგლისმა ჰიმნის დროსვე შეამჩნია, თამაშსაც დაეტყო. გრეის აზრით, ეს იყო გუნდი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის შემდეგ პირველად აღარ იყო შებოჭილი.
ამ დღეს ინგლისელებს აღარც უიღბლობამ დააკარგინა ქულები, უიღბლობამ, რომელიც გუნდს ჩ ჯგუფში პირველ ადგილად დაუჯდა. ერთი სიტყვით, იმასთან შედარებით, რაც იყო ადრე, ინგლისელებს გაუმართლათ. ისინი უკეთესადაც თამაშობდნენ და ფანებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, თუმცა... ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზედმეტად ლაღი სუნთქვა ნამდვილად არ არის საჭირო. კაპელო და მისი რაზმი პლეი ოფის ეტაპზე არცთუ უძლიერესი ჯგუფიდან, გავიდნენ და ამ გასვლას ტრიუმფალურსაც ვერ ვუწოდებთ. გუნდი, რომელსაც ყველა პირველი ადგილით გასვლას უწინასწამეტყველებდა ფაქტის წინაშე დადგა: გარანტირებული არაფერი ყოფილა. ანკი, გარანტირებული რა უნდა იყოს, ეს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია!
ჟურნალისტ ეშლი გრეის არც ირონია აკლია. ის წერს: "ჩვენ, ინგლისელები, ფრანგთა გავარდნამ გაგვაბედნიერა. სასიხარულოა, აბა, რა?! ბოლოს და ბოლოს ვიღაცას ჩვენზე მეტად გაუჭირდა. კიდევ, იმედის თვალით ვუყურებთ იტალიელებსაც. და ამ დროს, თავად ვთამაშობთ ისე, რომ წესითა და რიგით იმედი უნდა ჩაგვესახოს".
თუმცა იმავე ჟურნალისტის აზრით სლოვენებთან ინგლისელების თამაში იმედისმომცემი მხოლოდ და მხოლოდ შემართების გამო იყო. პორტ ელიზაბეტში კეიპტაუნისგან განსხვავებით ტრიბუნებს თავიანთი ფეხბურთელებისთვის "ბუუ" აღარ უძახიათ. მაშინ უეინ რუნიმ გულშემატკივარს უკმეხი პასუხიც კი აკადრა, არადა, ვალდებული იყო სცოდნოდა, რომ ისეთი ფეხბურთი, და დამოკიდებულება, როგორიც მან და მისმა თანაგუნდელებმა აჩვენეს სწორედ "ბუუს" იმსახურებდა. სლოვენებთან შეხვედრაში კი რუნი გაცილებით ცოცხალი ჩანდა. გოლიც რომ გაეტანა, შესაძლოა ვინმეს შორეულად მაინც გახსენებოდა ის ფეხბურთი, რომელსაც ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში" აჩვენებდა გასული სეზონის განმავლობაში.
და მაინც, თუ ინგლისის შეჯიბრებაში გამარჯვებასა და მსოფლიოს ჩემპიონობაზე ფიქრობს, რუნიმ გაცილებით უნდა მოუმატოს. ბოლოს და ბოლოს ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ჩემპიონატის რუნის ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოს ადარებდნენ... ჯერჯერობით, საუკეთესო, რაც რუნის შესრულებით ვნახეთ, სლოვენიასთან იყო.
ილია ბაბუნაშვილი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული