შეუჩერებელი დორტმუნდელი ბავშვები

AutoSharing Option
დასრულდა თუ არა სეზონი, „კიკერმა“ ბუნდესლიგა 2010/2011-ის სტატისტიკისა და შედეგების შეჯამება დაიწყო და ტრადიციული ბალანსიც გამოაქვეყნა, თუმცა აქამდე თქვენი ყურადღება სეზონის შემაჯამებელ ციფრებზე და ანალიზებზე არ გაგვიმახვილებია, რადგან სასაუბრო და განსახილველი სხვაც ბევრი იყო. ახლა კი, როცა შედარებით „მკვდარი სეზონია“ და სატრანსფერო ორომტრიალიც არ გახურებულა ისე, როგორც ეს ივლის-აგვისტოშია ხოლმე, თამამად შეგვიძლია, დრო და ადგილი ამა თუ იმ საინტერესო ფაქტებს დავუთმოთ.

დღეს რუბრიკის მთავარი თემა გუნდების მიხედვით იმ ფეხბურთელების საშუალო ასაკია, რომლებმაც გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონატში იასპარეზეს.

მთელი სეზონის განმავლობაში
არაერთხელ მოგვიხდა იმის აღნიშვნა, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ უაღრესად ახალგაზრდული გუნდი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის შეგირდების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან გამოუცდელი იყო, BVB-მ მთელი საფეხბურთო ევროპა გააოცა ბრწყინვალე ფეხბურთით და გერმანიის ჩემპიონი გახდა. გუნდის საშუალო ასაკი კი 24.22 წელი იყო.

18 წლის მარიო გიოტცემ, 22 წლის კევინ გროსკროიტცმა და სხვებმა გამოცდილების არქონის კომპენსირება უდიდესი მონდომებისა და ნიჭის ხარჯზე მოახერხეს. თუმცა, გაგიკვირდებათ და „დორტმუნდს“ ამ სეზონში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი მაინც არ ჰყოლია - ამ მხრივ პირველი „ჰოფენჰაიმი“ იყო (საშუალო ასაკი 24.01 წელი). „ჰოფენჰაიმთან“ და „დორტმუნდთან“ ერთად, საკმაოდ ახალგაზრდული კოლექტივით იასპარეზა „შტუტგარტმაც“ (25.28 წელი).

ყველაზე ასაკოვანი გუნდი კი ტრადიციულად „ჰამბურგს“ ჰყავდა. HSV-ს საშუალო ასაკმა 27.89 წელს მიაღწია. ასეთივე „ბებრული გუნდი“ ჰყავდა ჰამბურგის მეორე კლუბსაც, „ზანკტ პაულის“ (27.05 წელი), რომელმაც ბოლო ადგილი დაიკავა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. არც მიუნხენის „ბაიერნს“ ჰყოლია ახალგაზრდული გუნდი - რეკორდმაისტერი ბოლოდან მესამე ადგილზეა (საშუალო ასაკი 26.92 წელი). ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის ის, რომ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები სწორედ ჰამბურგში თამაშობდნენ: 37 წლის მეკარე ფრანკ როსტი და 36 წლის ნახევარმცველი ზე რობერტო.
გოტფრიდ ლენცი


გუნდების საშუალო ასაკი
გუნდი საშ. ასაკი
1. ჰოფენჰაიმი 24.01
2. ბორუსია (დ) 24.27
3. შტუტგარტი 25.28
4. ნიურნბერგი 25.29
5. შალკე 25.42
6. კაიზერსლაუტერნი 25.43
7. ლევერკუზენი 25.65
8. ფრაიბურგი 26.00
9. ბორუსია (მ) 26.18
10. მაინცი 26.19
11. ჰანოვერი 26.24
12. კიოლნი 26.25
13. ვერდერი 26.44
14. აინტრახტი 26.51
15. ვოლფსბურგი 26.75
16. ბაიერნი 26.92
17. ზანკტ პაული 27.05
18. ჰამბურგი 27.89

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული