კალათბურთი

სუპერლიგა

სუპერლიგა: "კაკტუსმა" "ქუთაისი" დაამარცხა, "ბათუმმა" კი "მგზავრები"

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები რეგიონებში გაიმართა. ლიდერი “ქუთაისი” შინ “კაკტუსთან” 77:80 დამარცხდა, თუმცა პირველი ადგილი შეინარჩუნა და სადღეისოდ მდევრებს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ლიდერმა ხომ წააგო და ქუთაისელთა მდევრებმა – რუსთავმა, დინამომ და კაკტუსმა მოიგეს და ცხრილში ვითარება კიდევ უფრო დაძაბეს. ქუთაისელებს 28 მატჩიდან 19 გამარჯვება აქვთ და პირველ ადგილზე არიან, ხოლო მომდევნო: მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებს შესაბამისად “დინამო”, “რუსთავი” და “კაკტუსი” იყოფენ.

ქუთაისში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, როცა უფრო ზუსტად კაკტუსელებმა ითამაშეს და
საამაყო გამარჯვება მოიპოვეს. ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო წუთებზე შედეგიანად ითამაშეს დეანდრე პარკსმა და დავით ლომიძემ, რომლის სამქულიანითაც “კაკტუსი” 80:77 დაწინაურდა და საბოლოოდ ამ ანგარიშითაც გაიმარჯვა. თბილისურ გუნდში კვლავ არ უთამაშიათ ტრავმირებულ ტერიკ ბრიჯმენს და სიჯეი ჯონსონს.

“კაკტუსს” 23 ქულითა და 5 პასით დეანდრე პარკსმა ულიდერა. 20 ქულა მოაგროვა დავით ლომიძემ. 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა ჯონ მიჩელის ანგარიშზე. “ქუთაისში” 22 ქულით საუკეთესო იყო ჯონათან ლი. დეჟუან რაითმა შეხვედრა 7 ქულით დაამთავრა.

კიდევ უფრო დაძაბული მატჩი გაიმართა ბათუმში, სადაც აჭარულმა კლუბმა მინიმალური სხვაობით – 75:74 დაამარცხა “მგზავრები”. მატჩის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე მასპინძლები 70:63 იგებდნენ და თითქოს მოგებაც განაღდებული ჰქონდათ, მაგრამ თბილისელებმა მოახერხეს და ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრეს, საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ადრიან ბოუის ზუსტი გარღვევის შემდეგ 74:73 დაწინაურდნენ.

გადამწყვეტი ბურთი უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა ჩააგდო, რომელმაც დასრულებამდე 9 წამით ადრე ზუსტი სროლით გამარჯვება მოუტანა ბათუმელებს – 75:74. ამით დასრულდა “მგზავრების” მოგებათა წარმატებულისერია, რომელმაც 6 მატჩამდე გასტანა.

ბათუმელებს 24 ქულით სპენსერ კოლინსმა ულიდერა. 15 ქულა დააგროვა ლეონიდ სტეპანიშინმა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა ერიკ ჩილდრესმა. “მგზავრებში” 34 ქულა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. 13 ქულა დაგროვდა ტეილორ სტეფორდის ანგარიშზე.

სუპერლიგის მორიგი შეხვედრა ხვალ – 15 აპრილს – ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. “სოხუმი” “ოლიმპს” უმასპინძლებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით