სუპერლიგა: "კაკტუსმა" "ბათუმი" 77:69 დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის 1 მატჩი გაიმართა დღეს ბათუმში, სადაც სათამაშოდ თბილისური “კაკტუსი” ჩავიდა და მაღალ დონეზე ჩატარებული დასკვნითი პერიოდის წყალობით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა გასული 2 მატჩი მოიგეს და წარმატებული სერია აჭარაშიც გააგრძელეს, სადაც უშუალო კონკურენტ “ბათუმს” 77:69 მოუგეს. თავის მხრივ კი აჭარულ გუნდს ზედიზედ მე-3 წაგება დაუგროვდა.

თამაში ისე დაიწყო და მიმდინარეობდა, ბათუმელ ქომაგებს სანერვიულო არ მისცემიათ. პირველი პერიოდის 7 ქულით მოგების შემდეგ, ბათუმელებმა მეორეში 23:19 იმარჯვეს
და დიდი შესვენებისთვის 43:32 დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში სტუმრებმა ჩამორჩენა მცირედით შეამცირეს და მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში დასკვნით მეოთხედში მიიტანეს.

მატჩის დასრულებამდე 4:40 წუთით ადრე ბათუმელები 69:66 იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ქულაც კი ვერ მოიპოვეს, კაკტუსელებმა კი მონაკვეთი 11:0 მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწიეს. დასკვნითი პერიოდი თბილისელებმა 23:9 მოიგეს. გადამწყვეტ მომენტში თბილისურმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა დაცვაში, ვლადიმერ ბოსნიაკის გაწვრთნილმა ბათუმელებმა კი მრავალი შეცდომა დაუშვეს და კარგად დაწყებული საქმე მოგებამდე ვერ მიიყვანეს.

“კაკტუსის” შემადგენლობაში 27 ქულით საუკეთესო შედეგი დეანდრე პარკსმა დააფიქსირა. 12 ქულა და 13 მოხსნა მეორე ამერიკელის – ტერიკ ბრიჯმენის ანგარიშზეა, ხოლო დავით ლომიძის მონაგარი 11 ქულა გახლდათ. ბათუმელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ახალწვეული იშმაელ ჰოლინსი, რომელმაც პირველ ტაიმში 18 ქულა ჩააგდო, ხოლო მეორეში – ხელი მოეცარა. 15 ქულა დააგროვა ბათუმელთა უკრაინელმა ლეგიონერმა, ლეონიდ სტეპანიშინი, ხოლო სტეფან ანდრეიევიჩმა ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

ხვალ, 20 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის 3 მატჩი გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ლაშა ოჩხიკიძე, “ბათუმის” მწვრთნელი: თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ არც შეტევაში და არც დაცვაში, არაფერი გამოგვივიდა. “კაკტუსმა” კი შესანიშნავად ითამაშა და მივულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას.

არჩილ ჟღენტი, “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი: პირველ წრეში “ბათუმთან” საკმაოდ ცუდად ვითამაშეთ, თუმცა შემდეგ გავძლიერდით და ჩვენი გუნდი სტაბილურად აგრძელებს წარმატებით ასპარეზობას. “ბათუმი”ძლიერი გუნდია და სასიხარულოა, რომ სტუმრად მისი დამარცხება შევძელით. მივულოცავ ჩვენს გუნდს დღევანდელ გამარჯვებას და იმედია მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0