საკალათბურთო კლუბ "დინამოში" პირველი ლეგიონერი გამოჩნდა

AutoSharing Option
"დინამო" ჩემპიონთა თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის "ხუვენტუდს" შეხვდება. ამ გუნდთან პირველი შეხვედრა თბილისში 19 სექტემბერს გაიმართება, განმეორებითი - 21 სექტემბერს.

მკითხველისთვის საინტერესოა, რა შემადგენლობით შეხვდება ჩვენი ჩემპიონი ევროტურნირს. გუნდის შესახებ ვესაუბრეთ კლუბის პრეზიდენტ ვახტანგ ნაცვლიშვილს, რომელიც ივლისში ამერიკაში იყო, საზაფხულო ლიგებს ესწრებოდა კალათბურთელებზე დაკვირვების მიზნით.

ვატოს თავდაპირველად შემადგენლობაზე ვკითხეთ.

- ხუთ ქართველ მოთამაშესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. შარშანდელი სეზონის შემდეგ "დინამოში" ოთხი ქართველი დარჩა. მათ დაემატა გიორგი შარაბიძე, რომელიც 2015-16 წლების სეზონში ჩვენს გუნდში ირიცხებოდა, შარშან კი მაკედონიაში ითამაშა. ამჟამად ვმუშაობთ ლეგიონერების დამატებაზე, რის შემდეგაც კიდევ დავუბრუნდებით ქართულ ბაზარს შემადგენლობის საბოლოოდ დასაკომპლექტებლად.

გადაწყვეტილია, რომ "დინამოში" ითამაშებენ: გიორგი შარაბიძე, ნოდარ გოგოძე, ლევან გრძელიძე, ილია ლონდარიძე, მიხეილ ბერიშვილი. განვლილ სეზონში "დინამოს" გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკელმა პლეიმეიქერმა დეონტა ვონმა. გუნდის პრეზიდენტს მისი დაბრუნების პერსპექტივაზეც ვკითხეთ.

- დეონტა ვონთან დაკავშირებით ჯერჯერობით, არაფერია გადაწყვეტილი. დიდი ალბათობით, მის ადგილს სხვა ლეგიონერი დაიკავებს. გარკვეულია ერთი უცხოელის საკითხი - დავიმატეთ ამერიკელი ლეგიონერი კიელ ტურპინი, რომელიც 2015/16 წლების სეზონში "რუსთავში" ასპარეზობდა. სუპერლიგის ერთ-ერთი ბომბარდირთაგანი იყო.

ჩვენი მხრივ შეგახსენებთ, რომ ტურპინი "რუსთავში" საშუალოდ 15,6 ქულასა და 13 მოხსნას აგროვებდა. შემდეგ ლიბანში გადავიდა, საიდანაც კოსოვოს ჩემპიონატში აღმოჩნდა.

ამერიკის საზაფხულო ლიგებში ბევრი ნიჭიერი კალათბურთელია, თუმცა ერთია ტალანტი, მეორე გუნდურობა. "დინამოს" ხელმძღვანელები ისეთ კალათბურთელებს ეძებენ, ევროპაში რომ უთამაშიათ და გამოცდილებაც საკმარისად აქვთ.

მკითხველს ისიც მოეხსენება, რომ დინამოელთა მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია საქართველოს ნაკრებთანაა, მოსამზადებელ ეტაპს კი მისი ასისტენტი მამუკა ტურაშვილი გაუძღვება. ასევე ნაკრებთან ერთად არიან მიხეილ ბერიშვილი და ილია ლონდარიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
განწირულები ყოფილხართ ბიძიკო აბა წაგებაზე
varlami
15:08 07-08-2017
0
სიახლეები პოპულარული