სუპერლიგა 2016/17. ფინალის წინ: იწყება!

AutoSharing Option
დღეს, 22 მაისს, სუპერლიგაში ფინალური სერია დაიწყება. ერთმანეთის წინაშე "დინამო" და "ქუთაისი" წარდგებიან. მატჩს დაესწრება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც თბილისში ამ ღამით ჩამოფრინდა.

გუნდებმა მიმდინარე სუპერლიგაში ერთმანეთში 4 მატჩი ჩაატარეს. ოთხივე დინამოელებმა მოიგეს. თუმცა ბოლო ურთიერთდაპირისპირება საქართველოს თასის ფინალში შედგა და ქუთათურთა გამარჯვებით დასრულდა.

ასე რომ, წინასწარ შეგვიძლია დაბეჯითებით თქმა - ფინალური სერია საინტერესო იქნება. სამ მოგებამდეა, თუმცა ვანგა სულაც არ არის საჭირო იმის წინასწარ განსასაზღვრად, რომ 3:0 არ დასრულდება. სპეციალისტები 3:2-ს ვარაუდობენ. ვის სასარგებლოდ? საკითხავი ესაა.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი "დინამო" ზედიზედ მესამედ გავიდა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში. 2013-14 წლების სეზონში გაიმარჯვა, ხოლო მომდევნო ორ წელს ვერცხლს დასჯერდა. შარშან სწორედ წლევანდელ ფინალისტ კოტე ტუღუშის "ქუთაისთან" დამარცხდა.

თავის მხრივ, ქუთათურებმა სუპერლიგის ფინალში პირველად 2013-14 წლების სეზონში ითამაშეს და, როგორც მოგახსენეთ, "დინამოსთან" ვერას გახდნენ. რევანში გასულ სეზონში აიღეს - ხუთი მატჩის ჯამში 3:2 აჯობეს დინამოელებს და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.

ერთ სიახლესაც მოგახსენებთ: კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, სუპერლიგის ფინალური სერიის მატჩებს ხორვატი მსაჯი ტომისლავ ჰორდოვი მოემსახურება. იგი 37 წლისაა, ფიბას ლიცენზიას ფლობს 2010 წლიდან, ხოლო 2014 წლიდან ევროლიგის თამაშებს მსაჯობს. მიმდინარე სეზონში იგი ევროლიგის 30 მატჩს მოემსახურა.

დინამო
31 მატჩი, 28 მოგება, 3 წაგება
ლიდერები
ქულა
15.6 - მიხეილ ბერიშვილი
მოხსნა
6.9 - ნიკოლა მარავიჩი
პასი
5.1 - დეონტა ვონი

ქუთაისი
31 მატჩი, 22 მოგება, 9 წაგება
ლიდერები
ქულა
17.3 - გიორგი ცინცაძე
მოხსნა
7.7 - ბექა ბექაური
პასი
6.8 - გიორგი ცინცაძე.

რეგულარულში
25 ნოემბერი, 2016
ქუთაისი-დინამო 56:68

29 დეკემბერი, 2016
დინამო-ქუთაისი 92:75

10 მარტი, 2017
ქუთაისი-დინამო 78:90

29 აპრილი, 2017
დინამო-ქუთაისი 87:82

სუპერლიგა 2016/17. ფინალი
22 მაისი, თბილისი
18:30 დინამო-ქუთაისი

23 მაისი, თბილისი
18:30 დინამო-ქუთაისი

26 მაისი, ქუთაისი
18:30 ქუთაისი-დინამო

27 მაისი, ქუთაისი
18:30 ქუთაისი-დინამო

30 მაისი, თბილისი
18:30 დინამო-ქუთაისი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული