სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს

AutoSharing Option
5 მაისს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "ქუთაისმა" ნახევარფინალური სერიის მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო "კაკტუსს", სერიაში 2:0 დაწინაურდა და ახლა ფინალამდე ერთი მოგება აშორებს.

იმერულმა კლუბმა, პირველ მატჩთან შედარებით, ამჯერად იოლად, ანგარიშით 82:76 იმარჯვა, თუმცა 15-ქულიანი სხვაობის მიუხედავად, არჩილ ჟღენტის გუნდმა მაინც ღირსეულად იბრძოლა და შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა.

ქუთაისურ გუნდს 24 ქულით გიორგი ცინცაძემ ულიდერა. 11 ქულა აკაკი ლომოურის ანგარიშზე დაგროვდა. 10 ქულა მოაგროვა ზაურ ფაშაევმა, ხოლო ბექა ბექაურის ანგარიშზე 9 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა. "კაკტუსში" 20 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ჯონ ფლოვიესი. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ბექა ჩიკვილაძემ.

ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი თბილისში, 9 მაისს გაიმართება.

6 მაისს მეორე ნახევარფინალური სერია აიღებს სტარტს. 14:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, "დინამო" "რუსთავს" უმასპინძლებს.

კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):
"კიდევ ერთხელ მივულოცავ გამარჯვებას ჩემს გუნდს, სერიაში 2:0 დავწინაურდით, თუმცა მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ თბილისში გველოდება".

არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): "ძლიერმა გუნდმა დღეს ყველაფერში გვაჯობა. წაგებას ჩემ თავზე ვიღებ. შემდეგი შეხვედრა უკვე თბილისში გვაქვს, მოვემზადებით და ვეცდებით, გავიმარჯვოთ".

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული