კალათბურთი

სხვადასხვა

შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა შიო ხეცურიანმა სოციალურ ქსელში ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის გუნდსა და მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ხეცურიანმა საკუთარი კანდიდატურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი საათით ადრე მოხსნა და ამის მიზეზად მოსალოდნელი უსამართლო არჩევნები დაასახელა, პრეზიდენტი კი პაატა გურასპაული გახდა.

გთავაზობთ ხეცურიანის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს:

"დიდი მადლობა ჩემს თანამოაზრეებს და მეგობრებს, რომლებთან ერთა

დაც თითქმის 1 წელი ვიბრძოდი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ქართული კალათბურთის შემდგომი წინსვლისთვის და წარმატებისთვის.


დიდი მადლობა ბიზნესსექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც მხოლოდ სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარულის გამო დახარჯეს თავიანთი მნიშვნელოვანი დრო და მოტივირებულები გვაძლევდნენ რჩევებს, როგორ ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე და ქართულ რეალობაზე მორგებული კალათბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა.


დიდი მადლობა კალათბურთელებს, რომლებმაც ღიად გამოხატეს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის გამო კრიტიკის მოსმენაც მოუწიათ, მაგრამ ამ ადამიანებმა სხვებზე ბევრად კარგად იციან არსებული მდგომარეობა ქართულ კალათბურთში და მათ ყველაზე მეტად შესტკივათ გული ქართულ კალათბურთზე.

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც სჯეროდა ჩვენი და გვგულშემატკივრობდა.


ასევე, დიდი მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ობიექტურად აშუქებდნენ წინასაარჩევნო გარემოს.


რაც შეეხება ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატურა მომეხსნა - არანაირი სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა, რომლის შედეგიც წინასწარ ცნობილი იყო. განვმეორდები და ვიტყვი, ჩვენ ვერ დავამარცხეთ ვიღაცების პირადი ინტერესები და სამწუხაროდ, კალათბურთის სათავეში ისევ ის ჯგუფი დარჩა, ვინც წლებია არასწორი გზით ატარებს სპორტის ამ სახეობას. დღეს ასეა....


მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიუღებელი რამ ხდებოდა არჩევნებამდეც და არჩევნების დროსაც, ვულოცავ პაატა გურასპაულს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ.


და რაც მთავარია - წარმატებები ქართულ კალათბურთს!".

ასევე დაგაინტერესებთ