კალათბურთი

სხვადასხვა

"საკალათბურთო ოჯახის" არასაკალათბურთო თამაშები

AutoSharing Option
11 დეკემბერს ჩატარებული საკალათბურთო არჩევნები უკვე რამდენიმე თვით ადრე იყო აქტუალური თემა და მასში მთელი საკალათბურთო სამყარო იყო ჩართული.

მე, როგორც ჟურნალისტი, ვესწრებოდი კანდიდატების შეხვედრებს და მინდა შემოგთავაზოთ ჩემი თვალით დანახული ეს გარემო.

თავიდანვე გამოიკვეთა სამი სუბიექტი, რომლებიც არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას: შიო ხეცურიანი, პაატა გურასპაული და კახა შენგელია. თუმცა ბოლოს ამ უკანასკნელმა შიო ხეცურიანის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ შენგელია ორივე კანდიდატურას თავიდანვე საკმაოდ სკანდალურად დაუპირისპირდა.

შიო ხეცურიანი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმაურით ჩაერთო და დიდი დაპირებებით. ის ქართულ კალათბურთში რევოლუციას
გვპირდებოდა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში განახორციელებდა და ალბათ, ეს იყო მისი დაპირების მთავარი შეცდომა, რადგან მას რომ ეს ყველაფერი აესრულებინა, მინიმუმ სამჯერ უნდა მოხვედრილიყო მთავარ პოსტზე. თუმცა მისი დაპირებები დამაიმედებელი იყო და სრულიად სხვა ხედვას გვთავაზობდა, რაც ერთგვარი ინოვაცია იყო.

შიო ხეცურიანის გვერდით თავიდანვე გამოჩნდა ნაკრების მწვრთნელი კოტე ტუღუში, ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, მოქმედი მოთამაშე გიორგი ცინცაძე. მას მხარდაჭერა გამოუცხადეს საკალათბურთო სამყაროს ცნობილმა სახეებმა, პოლიტიკოსებმა, მოქმედი ფედერაციის წარმომადგენლებმა და სხვადასხვა პოპულარულმა სახემ.

Sportall.ge-სთან ინტერვიუში მანუჩარ მარკოიშვილმა აღნიშნა, რომ მას შიო ხეცურიანის პროგრამა მოსწონდა. შიდა ქართლის მოვლენების შემდეგ კი ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს შიოს თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა.


რაც შეეხება პაატა გურასპაულს, თავიდანვე წავიდა იმაზე საუბარი, რომ ის ფედერაციის კანდიდატურა იყო, თუმცა გურასპაული კატეგორიულად უარყოფდა ამ ფაქტს. ამჟამინდელი პრეზიდენტის აზრით, წინა ფედერაცია გამართულად მუშაობდა, თუმცა ჰქონდათ მათაც რაღაცა სახის შეცდომები.

პაატას პროგრამა, განსხვავებით მოწინააღმდეგისგან, 4 წლის ვადაზე იყო გათვლილი, თუმცა მას არ ჰქონდა სრულყოფილი სახე და კანდიდატის თქმით, ეს პერიოდულად, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩამოყალიბდებოდა.

გურასპაული არ უპირისპირდებოდა მოწინააღმდეგეებს და მისი მეტოქეობა უფრო მშვიდი იყო. ის კანდიდატობის პერიოდში აცხადებდა, რომ ის ითანამშრომლებდა ყველასთან, თუ მათ ამისი სურვილი ექნებოდათ, მაგრამ ნამდვილად არ არის მოსაწონი ფაქტი, რომ გეგმა ბოლომდე სრულყოფილი არ იყო და ზოგად დაპირებებს ეფუძნებოდა.

არჩევნების დღეს ერთი საათით ადრე შიო ხეცურიანმა დააანონსა პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ მან ვერ შეძლო ბოლომდე უსამართლობასთან ბრძოლა და ის ხსნიდა თავის კანდიდატურას არჩევნებიდან. არადა, თვითონ შიო ამბობდა სხვადასხვა ინტერვიუში, რომ ის არჩევნებში არასასურველ შედეგს ბოიკოტით არ დაუპირისპირდებოდა და სამართლებრივად მოახდენდა ამაზე რეაგირებას.

საკალათბურთო სამყარო არც ისე დიდია და ფაქტია, რომ შიო ხეცურიანმა იცოდა, თუ დელეგატების ნაწილს ვერ გადაიბირებდა, ის არჩევნებს ვერ მოიგებდა, რადგან გადაწყვეტილებას არა კალათბურთელები, არამედ დელეგატები იღებენ. ალბათ, ამისი დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ მან არჩევნებიდან ერთი საათით ადრე მოხსნა კანდიდატურა და გაწბილებული დატოვა მისი მხარდამჭერები.

რატომ დავწერე გადაბირება? ჩემი შეხედულებით, ამ არჩევნების დაკვირვების პერიოდში გამოჩნდა, რომ დელეგატების ნაწილი პროგრამას არ აქცევდა ყურადღებას, არამედ გაცემულ ავანსებსა და მათ საკალათბურთო მომავალს, თუ რა შეიძლება მოსვლოდა ამა თუ იმ პრეზიდენტის შემთხვევაში.

არჩევნებამდე ყველამ იცოდა შედეგი და 11 დეკემბერი, ზოგადად, ფორმალობა იყო და ფურცელზე დაწერილი სახელ-გვარების შემოხაზვა.

არჩევნებზე 7 დელეგატი არ მოვიდა, ხოლო იმათმაც, ვინც ადრე შეიძლება შიოს უჭერდნენ მხარს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პაატა გურასპაულს და მხოლოდ ერთი ადამიანი წავიდა მათ წინააღმდეგ. არჩევნები რეკორდულად მცირე დროში და წყნარ ვითარებაში ჩატარდა.

ხოლო არჩევნების შემდეგ იმ ადამიანებს დასცინოდნენ ზურგს უკან, რომლებმაც პოზიცია არჩევნებზე შეიცვალეს.

არჩევნების დასრულების შემდეგ და პაატა გურასპაულის გაპრეზიდენტებიდან მალევე, გურასპაულის მტკიცებას, რომ ფედერაციის კანდიდატი არ იყო, ხაზი გადაუსვა იმ ფაქტმა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მომავალ ყრილობამდე, მის გვერდით წინა ფედერაციიდან 7 აქტიური წევრი იქნება, მათ შორის, მიხეილ გაბრიჩიძეც.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ჰყავს ახალი პრეზიდენტი და ვიმედოვნებთ, რომ ის სასიკეთო ნაბიჯებს გადადგამს ქართული კალათბურთის განვითარებისთვის.

დაბოლოს, ორივე კანდიდატის შეხვედრებზე ხშირად მესმოდა ტერმინი "საკალათბურთო ოჯახი". დიახ, ეს დიდი ოჯახია, რომლის წევრებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ: საკალათბურთო წარსული, ნათელმირონობა, მეჯვარეობა, ოჯახებს შორის ქორწინებით დანათესავება და სისხლით ნათესაობა. მაგრამ მათ ერთმანეთთან არ აკავშირებთ ეს ტერმინი სრული გაგებით, ეს არ არის ოჯახი, ეს არასაკალათბურთო ტახტის თამაშებია, რომელიც ქართულ კალათბურთს ვნებს.

P.S. ვიმედოვნებ, რომ ეს დაძაბულობა საქართველოს ნაკრებზე არ აისახება და ორად გახლეჩილი ნაკრები ისევ ერთად და ერთხმად შეძლებს გულშემატკივრების გაბედნიერებას.