თბილისის "დინამომ" "კლუჟ-ნაპოკასთან" მატჩამდე ვარჯიში ჩაატარა

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს. საქართველოს ჩემპიონი 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19:00 საათზე, ჯგუფის ფავორიტს, რუმინულ "კლუჟ - ნაპოკას“ უმასპინძლებს.

მატჩამდე თბილისის "დინამომ“ ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში ჩაატარა, სადაც შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
"გუნდში ნორმალური სიტუაციაა, თუმცა გვაქვს პრობლემა. ფეხის ტრავმა აწუხებს ნიკოლა გაჩეშას, რომელიც ბოლო თამაშში, „რუსთავთან“ მიიღო. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მიხეილ ბერიშვილის თამაში. თუკი მათ თამაში ვერ შეძლეს, ეს
ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის, რადგანაც ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ძალიან ძლიერია. რუმინული გუნდი ფავორიტია როგორც ჩვენი ქვეჯგუფის, ისე მთლიანად გათამაშების.

შესაბამისად ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ მაქსიმუმი, არ შევირცხვინოთ თავი ჩვენი გულშემატკივრების წინაშე და დაველოდოთ ბოძებულ შანსს. ვფიქრობ, როგორც გასვლით მატჩში "ლუკოილის“ წინააღმდეგ, სადაც ბოლო წამზე გადაწყდა თამაში ბედი, რუმინელებთანაც გვექნება შანსი და ჩვენ დაველოდებით მას. გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ 40 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლებთ, ისევე როგორც წინა შეხვედრებში".

მიხეილ ბერიშვილი (დინამოს კალათბურთელი): მოგეხსენებათ, ჩვენს ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია „კლუჟი“, რომელმაც წინა ტურში "ისთანბულს“ 20 ქულაზე მეტით მოუგო. ვემზადებით, გვქონდა ვიდეო-განხილვები და ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ გულშემატკივარს. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ექიმი გადაწყვეტს, ვითამაშებ თუ არა".

შეგახსენებთ, რომ რუმინულ "კლუჟ - ნაპოკასთან“ ერთად „დინამო“ ჯგუფში ბულგარულ "ლუკოილ აკადემიკთან“ და თურქულ "ისთანბულთან“ მოხვდა. ფიბა ევროპის თასზე ჯგუფში 6 ტურის შემდეგ მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 2 გუნდი გავა.

ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასწრება უფასო იქნება.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული