"აკადემიკი" VS "დინამო" - საქართველოს ჩემპიონი ჯგუფს შავი ზღვის გაღმიდან იწყებს

AutoSharing Option
დღეს, თბილისის "დინამო" ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამართავს.

მისი მეტოქე ბულგარული "აკადემიკია", რომელიც საქართველოს ჩემპიონებს "უნივერსიადა ჰოლში" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

დინამოელები სოფიაში თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩავიდნენ და აქტიურად ემზადებიან მეტად საპასუხისმგებლო შეხვედრისთვის. რადგან ჯგუფური ეტაპი ჯერ არ დაწყებულა, რთულია, ძალთა თანაფარდობაზე ლაპარაკი, ამ საქმეში მეტ-ნაკლებად დაგვეხმარება ფიბას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ჯგუფების მიმოხილვა.

შესავალში დასმულია შეკითხვა: გაუჭირდება "ისტანბულს" ჩემპიონებთან? საქმე ის არის, რომ თურქული გუნდის გარდა ჯგუფის სამივე წარმომადგენელი თავისი ქვეყნის ჩემპიონია - "დინამო",
რუმინეთის "კლუჟი" და ბულგარეთის "აკადემიკი".

აკადემიკი
"აკადემიკოსებზე" ვკითხულობთ:

"ბულგარული გუნდი ფიბას თასის ხშირი სტუმარია. მიუხედავად იმისა, რომ "აკადემიკმა" გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, მთავარი მწვრთნელი მაინც შეიცვალა - ტონი დეჩევი ებრაელმა სპეციალისტმა შარონ დრუკერმა ჩაანაცვლა.

გუნდის შემადგენლობაც მნიშვნელოვნად გადახალისდა, დიდი დანაკლისია ამერიკელი დენი გიბსონისა და უკრაინელი მაქსიმ კორნიენკოს წასვლა. შესაბამისად, ახლად აწყობილი გუნდი ჯერ არ არის ოპტიმალურ კონდიციებში და შეთამაშებაც აკლია.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელებმა ითამაშეს პორტუგალიის "ბენფიკასთან" და ლიტვის "იუვენტუსთან". ამ მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინეს კიტ კლენტონმა, დელტონ ფეფერმა და ჰრისტო ნიკოლოვმა."

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ აკადემიკელთაგან ბულგარეთის ნაკრებში სხვადასხვა დროს უთამაშიათ და თამაშობენ: ბოჟიდარ ავრამოვი, ჰრისტო ნიკოლოვი, ასენ ველიკოვი, დიმიტარ დიმიტროვი და ნიკოლაი სტოიანოვი.

დინამო
აი, რას წერს ფიბა ჩვენს ჩემპიონზე:

"სახელი "დინამო" დღეს, შესაძლოა, ისე ხმაურიანად არ ჟღერდეს, როგორც ნახევარი საუკუნის წინათ. ქართულმა გუნდმა ხომ ფინალში მადრიდის "რეალი" დაამარცხა და 1962 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო (დღევანდელი ევროლიგა).

ქართველები წლეულს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე ტურშიც ესპანელებს შეხვდნენ, თუმცა ამჯერად "ხუვენტუდთან" დამარცხდნენ და ბრძოლას ფიბას თასზე განაგრძობენ.

საკვალიფიკაციოზე "დინამოში" ლეგენდარული ნიკოლოზ ცქიტიშვილი თამაშობდა, რომელსაც ეხმარებოდნენ სერბი ნიკოლა გაჩეშა და რამდენიმე ამერიკელი კალათბურთელი. გუნდში ასევე წამყვან როლს თამაშობენ ეროვნული ნაკრების წევრები - ილია ლონდარიძე და მიხეილ ბერიშვილი. ისინი ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდში ევრობასკეტი 2017-ზე ასპარეზობდნენ."

აკადემიკი
  • ვარსკვლავი: კიტ კლენტონი
  • ფიბას თასამდე: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში დაამარცხა "ბენფიკა" (+25) და წააგო "იუვენტუსთან" (-8).
  • ევროპაში, 2016-17 წელს: ფიბა-ევროპის თასი, მეორე ეტაპი, 7 მოგება, 5 წაგება.
  • შინ, 2016-17 წელს: ბულგარეთის ჩემპიონი. ფინალში "ბეროე" 3:1 დაამარცხა. თასის ფინალისტი.
  • ევროტიტულები: ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1958, 1959), ფიბა-ევროპის სამხრეთ კონფერენციის გამარჯვებული (2003).

# მოთამაშე სმ პოზიცია ეროვნება
2 ენტონი რაფა 185 უკანახაზელი აშშ
33 კეით კლენტონი 205 ფორვარდი აშშ
20 დელტონ ფეფერი 196 ფორვარდი აშშ
10 ბოჟიდარ ავრამოვი 196 უკანახაზელი ბულგარეთი
18 ჰრისტო ნიკოლოვი 200 ფორვარდი ბულგარეთი
24 ჯასტინ კნოქსი 205 ფორვარდი აშშ
22 პავლინ ივანოვი 195 უკნახაზელი ბულგარეთი
34 დიმიტარ დიმიტროვი 203 ფორვარდი ბულგარეთი
8 ნიკოლაი სტოიანოვი 195 უკანახაზელი ბულგარეთი
13 ასენ ველიკოვი 187 უკანახაზელი ბულგარეთი
14 მარიო მირჩევი 201 ფორვარდი ბულგარეთი
9 ცვეტომირ ჩერნოკოჟევი 206 ცენტრი ბულგარეთი

მწვრთნელი: შარონ დრუკერი

დინამო
  • ვარსკვლავი: ნიკოლოზ ცქიტიშვილი*
  • ფიბას თასამდე: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში დამარცხდა "ხუვენტუდთან" (-32).
  • ევროპაში, 2016-17 წელს: არ უთამაშია.
  • შინ, 2016-17 წელს: საქართველოს ჩემპიონი. ფინალში "ქუთაისი" 3:0 დაამარცხა. თასის ფინალისტი.
  • ევროტიტულები: ჩემპიონთა თასის გამარჯვებული (1962), ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1960), საპორტას თასის ფინალისტი (1969).

შენიშვნა: * - ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერას სხვა გუნდში განაგრძობს, "დინამო" ფიბას თასზე მის გარეშე ითამაშებს.

# მოთამაშე სმ პოზიცია ეროვნება
1 გიორგი შარაბიძე 210 ცენტრი საქართველო
3 იოვან ცერნიჩი 194 უკანახაზელი სერბეთი
4 ლაველ ბოიდი 184 უკანახაზელი აშშ
6 ლევან გრძელიძე 186 უკანახაზელი საქართველო
9 ილია ლონდარიძე 205 ფორვარდი საქართველო
10 ზურა მაჩალაძე 198 ფორვარდი საქართველო
11 ჰარისონ ტურპინი 213 ცენტრი აშშ
12 ლევან ფაცაცია 198 უკანახაზელი საქართველო
15 გიორგი რევაზაშვილი 208 ცენტრი საქართველო
16 ნიკოლა გაჩეშა 206 ფორვარდი სერბეთი
17 მიხეილ ბერიშვილი 203 ფორვარდი საქართველო
21 ნოდარ გოგოძე 192 უკანახაზელი საქართველო
მწვრთნელი: ირაკლი ხოშტარია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული