"ჩემი გზა" - ვლადიმერ ბოისას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

AutoSharing Option
2000-იან წლებში საქართველოს ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ვლადიმერ ბოისას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კარიერა საქართველოს საზღვრებს გარეთ აიწყო და ევროპის ტოპ-კლუბებში ითამაშა - სლოვენიის "ოლიმპიადან" დაწყებული, იტალიის "მონტეპასკით" დამთავრებული.

მრავალფეროვანი კარიერა ჰქონდა. თუ არ გჯერათ ან გაინტერესებთ დეტალები, შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნს "ჩემი გზა", რომლის პრეზენტაცია გუშინ შედგა. მას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული და 16-წლამდელთა ნაკრების წევრები სრული შემადგენლობით.

- ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა. მკითხველს ბევრი ისეთი ამბავი ელის, რაც აქამდე არ იცოდა. მადლობას მოვახსენებ ყველას გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით, წიგნის ავტორს,
ზურაბ თალაკვაძეს
, - აღნიშნა ვოვა ბოისამ.

ავტორმა კი მოკლედ თქვა:

- დღეს ვერაფერს ვიტყვი, როდესაც წაიკითხავთ, შემდეგ შეიძლება მსჯელობა და აზრების გაზიარება.

რამაზ გოგობერიშვილი ახალგაზრდა ბოისას "რუსთავშიც" დახვდა და ეროვნულ ნაკრებშიც:

- ვოვას თავიდანვე ეტყობოდა, რომ ტალანტი იყო, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის დიდი კალათბურთის სათამაშოდ. დამეთანხმებით, ბოისამ სწორედ რომ მაღალ დონეზე ითამაშა, რასაც დიდი შრომის ხარჯზე მიაღწია.

ეროვნული და 16-წლამდელები
ვლადიმერ ბოისას წიგნის პრეზენტაციაზე ერთმანეთს შეხვდნენ 16-წლამდელთა და ეროვნული ნაკრებები. მანუჩარ მარკოიშვილმა, გიორგი ცინცაძემ, თორნიკე შენგელიამ, გიორგი შერმადინმა და კომპანიამ სათითაოდ ყველა კადეტ კალათბურთელს მიულოცეს წარმატება, მათ ხომ მეორე დივიზიონში მესამე ადგილისთვის მატჩი დიდ ბრიტანეთს მინიმალური სხვაობით მოუგეს.

- საინტერესო სანახავი იყო, როგორი ხალისით უყურებდნენ ორივე ნაკრების კალათბურთელები დიდ ტელეეკრანზე საქართველო-ბრიტანეთის ბოლო წუთებს. ეს ის წუთებია, ქართველ გულშემატკივარს რომ არ დაავიწყდება, ეფექტური გამარჯვებებით ხომ განებივრებულები არ ვართ. რაც მთავარია, ამ მოგებით 16-წლამდელებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

ეს არის შედეგი ბოლო დროს განხორციელებული სამი პროექტისა. სწორედ 2001 წელს დაბადებულები ჩაერთვნენ პირველად ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში და ორი წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება მიიღეს.

მეორე პროექტის ფარგლებში ორი მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი ჩამოვიყვანეთ: მილოშ გლიგორიევიჩი და ტიხომირ ბუიანი. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ ახალგაზრდების შერჩევასა და მათ სწორად განვითარებაზე.

მესამე პროექტი საკალათბურთო კლუბ "ბასკონიასთან" ერთად ხორციელდება. 16-წლამდელთა ნაკრების ხუთი კალათბურთელი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გასულ სეზონში ესპანეთში თამაშობდა. ვიმედოვნებთ, 2001 წელს დაბადებულთა წარმატებას მომდევნო თაობებიც განაგრძობენ, - აღნიშნა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული