NBA. მატჩები: ჯეიმსის 39 ქულა "მილუოკისთან" საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს მორიგ შეხვედრაში "მილუოკი ბაქსმა" ვიცე-ჩემპიონს, "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და 119:116 დაამარცხა.

სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი გამოდგა. "მეფემ" 39 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 3 ჩაჭრა მიითვალა, კევინ ლავმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის ანგარიშზე 21 ქულა და 10 მოხსნაა.

"მილუოკის", ტრადიციულად, იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა. ახალგაზრდა ბერძენ სუპერვარსკვლავს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. იანისმა ჯეისონ კიდის გუნდს 27 ქულა, 14 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მოუტანა, "ფინიქსის" ყოფილმა ლიდერმა ერიკ ბლედსომ კი  26 ქულა მიითვალა.

23
მოგებით და 9 მარცხით "კავალერები" აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილს იკავებენ, "ბაქსი" კი 16 გამარჯვებით და 13 წაგებით ამავე კონფერენციის მე-5 ადგილზეა. კონფერენციას "ბოსტონ სელტიკსი" ლიდერობს.


"ვაშინგტონ უიზარდსმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსი" საშინაო შეხვედრაში 116:106 დაამარცხა.

"დედაქალაქელთა" შორის ყველაზე შედეგიანი 26 ქულით ბრედლი ბილი გამოდგა. სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა მაიკ სკოტმა, რომლის ანგარიშზეც 24 ქულაა, ჯონ უოლმა (10 ქულა, 10 პასი) და მარჩინ გორტატმა (14 მოხსნა) კი ორმაგი დუბლები გაიფორმეს.

"ყარყატთა" ვარსკვლავურმა დუეტმა 63 ქულა მოაგროვა - ენტონი დეივისმა 37 ქულა გაიფორმა, დემარკუს ქაზინსმა კი მატჩი 26 ქულით და 13 მოხსნით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ "უიზარდსს" ტრავმის გამო ზედიზედ მეორე შეხვედრაში ოტო პორტერი ვერ დაეხმარა.



"ვაშინგტონი" აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზეა, "პელიკანსი" კი დასავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციას იკავებს.

დღეს, გამთენიისას, NBA-ს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "საკრამენტო კინგსმა" "ფილადელფია სიქსერსს" 101:95 მოუგო.

"მეფეებს" ზაკ რენდოლფმა ულიდერა. 36 წლის ფორვარდმა გუნდს 27 ქულა მოუტანა, "სიქსერსის" რიგებში კი თავი ბენ სიმონსმა გამოიჩინა, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემაა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული