სანდრო მამუკელაშვილისთვის სეზონი "კანზასთან" ბრძოლაში დამარცხებით დასრულდა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" ამერიკის სტუდენტური ლიგის ფინალურ ტურნირს უთანასწორო ბრძოლაში, ღირსეულად დაემშვიდობა. შუადასავლეთის რეგიონში მე-8 ნომრად განთესილ "მეკობრეებს" მეორე რაუნდში რეიტინგსიის ლიდერი "კანზასი" შეხვდა.

ისე დაემთხვა, რომ ის დარბაზი, სადაც მატჩი გაიმართა, "კანზასის უნივერსიტეტის" სტუდქალაქ ლოურენსიდან სამხრეთით 2 საათის სავალზეა. ჰოდა, ქალაქ ვიჩიტას "ინთრასთ ბანკ არენაში" შეკრებილი 15 000-ზე მეტი მაყურებლიდან 90 პროცენტი სწორედ ამ კამპუსის ბინადარნი გახლდნენ.

დარბაზისგან "კანზასის" უდიდესი მხარდაჭერისა და "სეტონ ჰოლზე" განუზომელი ზეწოლის ფონზე მატჩში მხოლოდ 4-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. კანზასელებმა დიდი ძალიასხმევისა და ქომაგების მეექვსე
მოთამაშედ გამოყენებით მოახერხეს სეტონჰოლელთა წინააღმდეგობის გატეხვა და 83:79 გაიმარჯვეს.

ქართველ ფორვარდს მოედანზე 2 წუთით მოუწია გასვლა, რის განმავლობაშიც სტატისტიკური მონაცემები არ მიუთვლია. "სეტონ ჰოლში" თავისი ბოლო მატჩში 24 ქულა და 23 მოხსნა მიითვალა ეინჯელ დელგადომ. 28 ქულით კი ბომბარდირი ხადინ კარინგტონი გახდა.

ორივე ეს მოთამაშე ასრულებს უნივერსიტეტს და ემშვიდობება "სეტონ ჰოლს", ხოლო ასპარეზი მომავალ თაობას ეთმობა, რომელთა შორისაც ერთ-ერთ პერსპექტიულად სანდრო მამუკელაშვილი მიიჩნევა.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული