საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017 დაასრულა. იტალიასთან ეფექტურ მატჩში ბოლო წამებზე 69:71 დამარცხდა და ისრაელის იმედად რჩებოდა - ტურის ბოლო შეხვედრაში მასპინძლებს უკრაინისთვის რომ მოეგოთ, მერვედფინალში საქართველო გავიდოდა, მაგრამ უკრაინას მეტი მოტივაცია აღმოაჩნდა და, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი.

- კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! - ზაზა ფაჩულიას ემოციური პოსტი
- ილიას ზუროსი: მადლობა ბიჭებს, მადლობა ქართველ გულშემატკივარს...
- მაიკლ დიქსონი: იტალიამ არ გვაპატია
- ეტორე მესინა: მაიკლ დიქსონი ძლიერი კალათბურთელია

ასე რომ, ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილზე ლიტვა გავიდა, მეორეზე -
გერმანია, მესამეზე იტალია, მეოთხეზე - უკრაინა, ისრაელი შინ დარჩა, ხოლო საქართველო სამშობლოში გაემგზავრა.

ბოლო მატჩამდე გაურკვევლობა და მოლოდინი საქართველოს ნაკრებს დაბედებული აქვს, თუმცა აქამდე ორივე შემთხვევაში ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდა: 2011 წელს, ევრობასკეტზე პირველად რომ გავედით, მესამე ადგილის დასაკავებლად ჯგუფის უკანასკნელი ტურის მესამე მატჩის დასრულებამდე მოგვიწია მოცდა - ვქომაგობდით უკრაინას, რომელმაც ბელგია დაამარცხა და საქართველო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ბელგიის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს ადგილს ბულგარეთი დაიკავებდა.

2015 წელს ჰოლანდიასთან დაუგეგმავმა წაგებამ კვლავ ჯგუფური ეტაპის ბოლომდე გაურკვევლობაში გვამყოფა: მერვედფინალის საგზურს იმ შემთხვევაში ვინაღდებდით, თუ საბერძნეთი ჰოლანდიას დაამარცხებდა. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო და პლეი-ოფში ლიტვას შევხვდით...

რატომ?
რატომ მივიყვანეთ საქმე ბოლო წუთებამდე, მაშინ, როდესაც პირველ ტურში ჯგუფის ფავორიტ ლიტვას ვძლიეთ? საქმე მარტივადაა: ჩვენს გუნდს ჰყავს მაღალი კლასის შვიდი კალათბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ თუნდაც ლიტვის დამარცხება, თუმცა, თუ ენერგიის აღდგენას ვერ მოასწრებენ, შესაძლოა უკრაინასთანაც წააგონ, რადგან არ გვყავს ევროპაში გამოცდილი სათადარიგოთა სკამი.

არადა, ქართული გუნდები ევროტურნირებზე რეგულარულად რომ თამაშობდნენ, გვეყოლებოდა.

ევროპის ჩემპიონატზე არც ერთი მწვრთნელი არ მიმართავს შეცვლის ისეთ სისტემას, როგორსაც ილიას ზუროსი: გუნდის ლიდერებს სათითაოდ ასვენებს. ასეთ დროს, გინდა თუ არა, კალათბურთელებს 32-36 წუთი უწევთ თამაში. თუმცა, როდესაც დგება კრიტიკული დრო, ქართველებს შეუძლიათ ენერგიის ბოლომდე მოკრება, საკუთარ თავს ზემოთაც და ძლიერ მეტოქეზე გადახტომაც.

გუშინ, იტალიასთან მეოთხე პერიოდში, 16 ქულის სხვაობით აგებდნენ. ასეთ დროს იტალიის წინააღმდეგ შესაძლოა, ბევრს ჩაეთვალა, რომ მატჩი დასრულებულია, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩებში მიგვაჩვია ბოლო წუთებზე თამაშის შემოტრიალებას. ასე იყო ამჯერადაც: უპირველესად დაცვაში დამაჯერებელი თამაშით იტალიას ზედიზედ სამი შეცდომა დააშვებინა, ფარქვეშიდან ტყორცნებს სამიანები მიაშველა და ბოლო წუთზე მაიკლ დიქსონის სამქულიანით გადაასწრო კიდეც.

ძალიან საინტერესო გამოდგა უკანასკნელი ორწუთნახევრის ქრონოლოგია:

2:13 დიქსონი - 3 ქ. (63:65)
1:48 ფილოი - 2 ქ. (63:67)
1:30 შენგელია - 2ქ (65:67)
0:59 დიქსონი - 3ქ (68:67)
0:43 ჰაკეტი - 2ქ (68:69)
0:14 არადორი - 1ქ (68:70)
0:06 არადორი - 1ქ (68:71)
0:03 დიქსონი - 1ქ (69:71)
0:03 ფაჩულია - მოხსნა
0:01 შერმადინი - ორი ქულა (არაზუსტი)

აი, ასე დასანანი მარცხი ვიწვნიეთ იტალიასთან, რამაც საბოლოოდ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ბედი უარყოფითად გადაწყვიტა. ებრაელი ჟურნალისტები გვამშვიდებდნენ, თქვენი გუნდი მერვედფინალში თამაშს უკრაინაზე მეტად იმსახურებდაო.

ჩვენ კი ასე ვთქვათ: ლიტვასთან, ისრაელთან და იტალიასთან ნაჩვენები თამაშით ნამდვილად იმსახურებდა, უკრაინასთან და გერმანიასთან ნაჩვენებით - არა. უკრაინას სწორედ ჩვენ მივეცით შანსი და მშვენივრად გამოიყენა. ამიტომაა საინტერესო კალათბურთი: ერთმა ფეხის დაცდენამ შესაძლოა ყოველგვარ იმედს წყალი გადაასხას, ერთმა აცილებულმა ბურთმა - მერვედფინალს მიღმა დაგტოვოს. არადა, იტალიასთან რომ მოგვეგო, რასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით, მერვედფინალში ფინეთს ვხვდებოდით...

ევრობასკეტი 2017. B ჯგუფი
6 სექტემბერი, თელ-ავივი, 1746 მაყურებელი
საქართველო-იტალია 69:71
10:27, 20:11, 17:20, 22:13

Sportall.Ge

გერმანია-ლიტვა 72:89
19:23, 24:24, 17:25, 12:17
გერმანია: შრიოდერი (26), ბენცინგი (11), ფოიგტმანი (9), ბარტელი (6), ტადა (0+8 მოხსნა+6 პასი) - სასტარტო; ჰარტენშტაინი (10), ტიმანი (4), აკპინარი (3), ლო (3).
ლიტვა: ვალანჩუნასი (27+15 მოხსნა), მოტეიუნასი (15), კალნიეტისი (10+9 პასი), კუზმინსკასი (7), გრიგონისი (6) - სასტარტო; ულანოვასი (11), იუშკიავიჩუსი (9), მაჩიულისი (2), გუდაიტისი (2).

ისრაელი-უკრაინა 64:88
16:19, 12:27, 11:25, 25:17
ისრაელი: ელიაჰუ (12+6 პასი), კადირი (10), ტიმორი (7), მეკელი (3), კასპი (3) - სასტარტო; ოჰაიონი (11), პნინი (8), დოუსონი (5), ბლეიზერი (3), ზალმასონი (2).
უკრაინა: კრავცოვი (17+7 მოხსნა), კოლჩენკო (9), ლუკაშოვი (5+7 პასი), კორნიენკო (4), პუსტოზვონოვი (2) - სასტარტო; ოტვერჩენკო (13), ლიპოვი (10), ბობროვი (9), პუსტოვოი (8+7 მოხსნა), კონევი (7), ზაიცევი (4).

A ჯგუფი
სლოვენია-საფრანგეთი 95:78
28:22, 24:13, 25:16, 18:27
სლოვენია: დრაგიჩი (22+8 პასი), დონჩიჩი (15+9 მოხსნა), ვიდმარი (13), ბლაჟიჩი (7), მურიჩი (2) - სასტარტო; პრეპელიჩი (14), რენდოლფი (9), დიმეცი (6), ნიკოლიჩი (5), ჩანჩარი (2).
საფრანგეთი: დე კოლო (16), დიაო (13), ფურნიე (11), ლოვერნი (7), ერტელი (4) - სასტარტო; სერაფინი (12), ვესტერმანი (6), ლაბერი (6), პუარიე (2), ტუპანი (1).

საბერძნეთი-პოლონეთი 95:77
23:29, 26:14, 21:24, 25:10
საბერძნეთი: სლუკასი (26), კალატესი (24+10 პასი), პრინტეზისი (14), პაპანიკოლაუ (8), აგრავანისი (0) - სასტარტო; ბურუსისი (10), პაპაიანისი (8+8 მოხსნა), პაპასი (3), მანცარისი (2).
პოლონეთი: კულიგი (26+7 მოხსნა), ვაჩინსკი (17+6 პასი), კოშარეკი (12+9 პასი), პონიტკა (8), სელი (0) - სასტარტო; კარნოვსკი (7), ზამოისკი (5), სოკოლოვსკი (2).

ფინეთი-ისლანდია 83:79
24:18, 18:22, 10:19, 31:20
ფინეთი: სალინი (17+7 მოხსნა), კოპონენი (10+6 პასი), ლი (9+8 მოხსნა), ჰაფი (5+7 მოხსნა), კოტი (4) - სასტარტო; მარკანენი (23), ნუუტინენი (7), რანიკო (6), ლინდბომი (2).
ისლანდია: სტეფანსონი (13), ჰერმანსონი (12), ბაირინგსონი (12), პაულსონი (11), ვილჰიაულმსონი (9) - სასტარტო; აკოქსი (10), ერმოლინსკი (4), ფრიდრიკსონი (3), ბიერნსონი (3), ჰლინასონი (2).

1/8-ფინალში ხვდებიან
9 სექტემბერი
გერმანია-საფრანგეთი
სლოვენია-უკრაინა
ლიტვა-საბერძნეთი
ფინეთი-იტალია.

ევრობასკეტის C და D ჯგუფებში ბოლო ტურის შეხვედრები დღეს, 7 სექტემბერს გაიმართება.

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ვამაყობ ჩვენი ბიჭებით
rezo
19:50 07-09-2017
0
კვირიკასვილო გააორმაგე სუპერლიგის დაფინანსება ტუ სეიზლება მოაკელიტ ფეხბურტელებს
შოთა გუგეშაშვილი
17:56 07-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული