ჯგუფში ჩარჩენის ორი მიზეზი - ევრობასკეტის სტატისტიკური ანალიზი

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017 ჩვენთვის დასრულებულია. რამდენად სამართლიანია, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და 16 საუკეთესო გუნდს შორის ვერ მოხვდა? ანალიტიკამდე ამ კითხვის პასუხის ძიებაში სტატისტიკას მივმართოთ.

ეს სტატია ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩების დასრულებამდეა დაწერილი, თუმცა ეს მატჩები საერთო სურათს დიდად ვერ შეცვლის.

გუნდური სტატისტიკა
ქულები
საქართველოს ნაკრები საშუალოდ 78 ქულას აგდებდა მეტოქის კალათში, ეს მაჩვენებელი კი მე-11-ეა 24 მონაწილეს შორის. გამოდის, რომ შეტევა საკმარისად კარგი გვქონდა იმისთვის, რომ 16 გუნდს შორის მოვხვედრილიყავით. ისრაელის ნაკრების კალათში ჩაგდებული 104 ქულა სულაც მეორე
შედეგია და მხოლოდ ფრანგთა 115 ქულას ჩამორჩება ისლანდიასთან მატჩში.

თამაშიდან სროლის პროცენტი ნაკრებს 45,7 ჰქონდა (მე-11 შედეგი), სამქულიანების - 31,9 (მე-15), საჯარიმოების 78,0 (მე-10).

მოხსნები
ნაკრები ტანმაღალი მოთამაშეებით გამოირჩეოდა და ორი კარგი ცენტრით იწონებდა თავს. ამის გათვალისწინებით, საშუალოდ 36,6 მოხსნა თამაშში გვეცოტავება - არადა, ეს საფრანგეთთან ერთად მე-9 შედეგია ჩემპიონატზე. 50 მოხსნა ისრაელთან - ჯგუფური ეტაპის მეოთხე შედეგია.

2,2 დაფარება მატჩში მხოლოდ მე-15 შედეგია.

პასები
მოვიკოჭლებთ პასებში - საშუალოდ 17,2 პასი თამაშში - ეს მე-16 შედეგია ჩემპიონატზე. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, გუნდში გამთაშებელის პრობლემა აშკარად იყო. თუმცა იყო გამონათებაც - 26 პასი ისრაელთან თამაშში - მე-7 შედეგი ევრობასკეტზე.

სხვადასხვა
7,6 ჩაჭრა თამაშში - საქართველოს ეს მონაგარი მე-9 შედეგია.

მივადექით იმ მაჩვენებელს, რომელმაც, შესაძლოა, ჯგუფურ ეტაპზე ჩაგვტოვა (ან დიდი წვლილი შეიტანა ამაში) - საქართველოს ნაკრები თამაშში საშუალოდ 16,2-ჯერ კარგავდა ბურთს. ბოლო ტურამდე ამ მაჩვენებლით მხოლოდ რუსეთი "გვჯობნიდა", თუმცა ამ გუნდმა ბრიტანეთთან სტატისტიკური მახასიათებელი გამოასწორა და ბოლოზე დაგვტოვა. შედარებისთვის, სერბეთის ნაკრები საშუალოდ მხოლოდ 10,3-ჯერ კარგავდა ბურთს.

გერმანიის ნაკრებთან მატჩში 24-ჯერ დავკარგეთ ბურთი! ეს ჯგუფური ეტაპის რეკორდია.

საქართველო საშუალოდ 20,8 ჯარიმას იღებდა თამაშში. ეს არ არის ესპანეთის გასაოცარი შედეგი - 14,3 ჯარიმა მხოლოდ - მაგრამ მაინც ნორმალურია - ევრობასკეტზე 15 გუნდი ჩვენზე უფრო ხშირად ჯარიმდებოდა.

დასკვნა: დაკარგვების გარდა, არც ერთი კატეგორიის მიხედვით არ უნდა დავრჩენილიყავით მერვედფინალს მიღმა, თუმცა დაკარგვებში, რასაც ჰქვია, "ვიყოჩაღეთ".

ინდივიდუალური სტატისტიკა
მექულეები
ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე შენგელიაა - 18,8 ქულა მატჩში. შენგელიას მაჩვენებელი მეცხრეა ევრობასკეტზე. ლიდერი სლოვენიელი გორან დრაგიჩია, რომელიც თამაშში საშუალოდ 24,4 ქულას აგდებს.

შემდეგ მოდის მაიკლ დიქსონი - 13,8 ქულა - 33-ე შედეგი ევრობასკეტზე და ზაზა ფაჩულია - 13,4 ქულა და 38-ე შედეგი.

საშუალოდ 10 ქულას გადასცდნენ დუდა სანაძე - 10,8 ქულა, 57-ე შედეგი ევრობასკეტზე და გიორგი შერმადინი - 10,2 ქულა, 68-ე ადგილი.

ბარემ სხვა მექულეებსაც ჩამოვთვლით: 107. მანუჩარ მარკოიშვილი - 7,4 ქულა მატჩში; 211. გიორგი ცინცაძე - 2,8; 255. მიხეილ ბერიშვილი - 0,8.

დიახ, ნაკრებში ქულების მოპოვება მხოლოდ 8 კალათბურთელმა შეძლო - გამყრელიძე, ბოისა და ლონდარიძე უქულოდ დარჩნენ, ხოლო ბითაძეს საერთოდ არ უთამაშია.

დიქსონის 29 ქულა იტალიასთან და შენგელიას ამდენივე ლიტვასთან საზიარო მეხუთე შედეგია ევრობასკეტზე. ხოლო რეკორდი შრიოდერს ეკუთვნის - 32 ქულა უკრაინასთან მატჩში. შენგელიას 25 ქულა ისრაელთან ასევე გამორჩეული შედეგი იყო.

მოხსნები
ზაზა ფაჩულია ამ მაჩვენებლით ლიდერთა შორისაა - საშუალოდ 9,2 მოხსნა მატჩში. NBA-ს ჩემპიონი მხოლოდ გეიბ ოლასენის, იონას ვალანჩუნასსა და ვილი ერნანგომესს ჩამორჩება.

ლიდერთა შორისაა თორნიკე შენგელიაც - 7,8 მოხსნა და მე-7 შედეგი ევრობასკეტზე. გიორგი შერმადინის 4,6 მოხსნა თამაშში მხოლოდ 43-ე შედეგია. მანუჩარ მარკოიშვილს 4 მოხსნა აქვს საშუალოდ (58).

შენგელიას 19 მოხსნა ისრაელთან მატჩში ევრობასკეტის საუკეთესო შედეგია. ზაზას 12 ქულაც იტალიასთან აღნიშვნის ღირსია.

დაფარებები
საქართველოს ნაკრების საუკეთესო დამფარებელი გიორგი შერმადინი - 0,8 ბლოკი თამაშში - საერთო ჩათვლაში საზიარო მე-20 ადგილზეა. 0,4-0,4 დაფარება აქვთ მარკოიშვილის, სანაძესა და შენგელიას. ზაზა ფაჩულიას მაჩვენებელი მხოლოდ 0,2 დაფარებაა თამაშში.

პასები
პასებით საქართველოს ნაკრებში ლიდერობს კალათბურთელი, რომელიც ხშირად არც თამაშობდა გამთამაშებლის პოზიციაზე - დიქსონი - 5,2 პასი თამაშში მე-10 მაჩვენებელია. შემდეგ მოდიან ცინცაძე და შენგელია - 3,2-3,2 პასი (საზიარო მე-40 პოზიცია). ფაჩულიასა და შერმადინს 1,6-1,6 პასი აქვთ.

დიქსონს 8 პასი ჰქონდა ისრაელთან და 7 ლიტვასთან. ორივე ეს თამაში კი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

დაკარგვები
ჩვენი სუსტი წერტილი - "ლიდერთა" 7-ეულში ერთბაშად სამი ქართველია - დიქსონი საშუალოდ 4,0-ჯერ კარგავდა ბურთს (მეტჯერ მხოლოდ შრიოდერი), შენგელია 3,6-ჯერ (მესამე შედეგი) და ფაჩულია - 3,2-ჯერ (მე-7). ცინცაძის 2,6 დაკარგვა მატჩში მე-17 შედეგია. მოკლედ, ჩვენი ლიდერები ბურთს ვერ უფრთხილდებოდნენ, რაც საბოლოოდ, ქულების კარგვაში ისახებოდა.

შენგელიამ 8-ჯერ დაკარგა ბურთი გერმანიასთან და ამ მაჩვენებელზე უარესი მხოლოდ ერთი იყო - იმავე შეხვედრაში შრიოდერმა 9-ჯერ დაკარგა ბურთი.

სხვა
ჩაჭრებში ჩვენი ლიდერი იყო დიქსონი 1,4 ჩაჭრით თამაშში (მე-19), 1,2 ჩაჭრა თამაშში - ასეთი შედეგი ერთდროულად რამდენიმე ქართველს აქვს - მარკოიშვილს, სანაძესა და ცინცაძეს.

დუდა სანაძის 3,2 ჯარიმა თამაშში ჩვენს გუნდში ყველაზე უარესი შედეგია.

საუკეთესო
ეფექტურობის კოეფიციენტის მიხედვით, ნაკრებში საუკეთესო შენგელია იყო 18,6 ქულით. თორნიკეს 12 კალათბურთელი უსწრებს ევრობასკეტზე. შენგელიას შემდეგ მოდიან: 30. ფაჩულია (15,2); 43. შერმადინი (13,6); 45. დიქსონი (13,4); 61. სანაძე (12,0); 107. მარკოიშვილი (8,6); 225. ცინცაძე (2,6); 255. ბერიშვილი (0,6). ცინცაძის მონაცემი მართლაც კატასტროფულია.

ორმაგი დუბლი ერთხელ ფაჩულიამ და ერთხელაც შენგელიამ შემოგვთავაზეს.

წუთები
კიდევ ერთ მაჩვენებელს მივადექით, რომლის გამოც (ჩვენი აზრით) ჯგუფიდან ვერ გავაღწიეთ - ფაქტია, რომ ბევრ გუნდს ჰქონდა მოკლე სკამი, მაგრამ იშვიათად რომელიმეს ჰყოლოდა ასე უსარგებლო მოთამაშეები სკამზე, რომელთა შეყვანა 2-3 წუთით მაინც უმალ ქულებში ჩამორჩენის წინაპირობა არ ყოფილიყო.

ისევ ჩვენი არგუმენტით - ციფრებით - ვილაპარაკოთ: თორნიკე შენგელია მოედანზე საშუალოდ 35,9 წუთს ატარებდა და ეს შედეგი პირველია იმ 271 კალათბურთელს შორის, ვინც წამით მაინც გამოვიდა ევრობასკეტის პარკეტზე.

ვინ არის მეორე ადგილზე? 35,3 წუთით მარკოიშვილი! 33,7 ქულით მეოთხეა დიქსონი! როცა ჩემპიონატზე სამი ისეთი მოთამაშე გყავს, რომელსაც უბრალოდ ვერ ცვლი, წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია.

ამასთან, დუდა სანაძე მოედანზე 26,7 წუთს ატარებდა, ფაჩულია - 26,1-ს, ცინცაძე - 24,8-ს, შერმადინი - 18,1-ს. თამაშით კიდევ სამმა ჩვენებურმა ითამაშა, მაგრამ ძალიან ცოტა - ბერიშვილი - 2,9; ლონდარიძე 1,4 წუთი (ბოლოსწინა, 270-ე პოზიცია) და გამყრელიძე - 0,8 (ბოლო, 271-ე).

დასკვნა: იკვეთება მეორე მიზეზიც - გამოუსადეგარი სათადარიგო სკამი. ზუროსი, უბრალოდ, ვერ ასვენებდა თავის ლიდერებს.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ძნელია რამე დაამატო.. მაგრამ იმედი მაქვს წამოვა კარგი თაობა..
zviads
08 სექტემბერი 2017 09:54
2
ბევრი ვერაფერი ანალიზი პირიქით ჩემი აზრით რაღაცეების გადაფარვის მცდელობა და ყველაფერი კარგად რომ არ არის ფაჩულიას ინტერვიუდანაც ჩანდა რომელიც არა სწორად იქნა გაგებული სკამი რომ მოკლეა ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ამ მიდგომით სულ ასე იქნება რატომ მიყავს მწვრთნელს ისეთი კალათბურთელი რომელსაც ერთი წუთითაც არ ენდობა და არც ასე ახალგაზრდაა რომ ორი სამი წლის შემდეგ უკეთ ათამაშდეს თუ სიის შევსება უნდათ არ ჯობია ახალგაზრდებით შეავსონ იქნებ მომავალში მაინც გამოადგნენ ნაკრებს ერთი ანალიტიკოსი მაინც დაიქირავონ რომ გამოთვალონ რომელ თამაშზე ღირს ბოლომდე დახარჯვა და რომელზე არა ან ამდენი ტექნიკურები რა იყო ესეც შტაბის სუსტი მუშაობის შედეგია
nnn
08 სექტემბერი 2017 09:38
3
ერთი კომენტარი შეჭამეთ?

ჩვენი წაგების უმთავრესი მიზეზი იყო ჩვენს ფარზე მეტოქის მოხსნილი ბურთები!
zviadi
08 სექტემბერი 2017 09:28
2
შერმადინს ფაჩულიაზე მეტი დრო უნდა მისცემოდა სათამაშოდ, მაგრამ ავტორიტეტმა ქნა თავისი საქმე......
ვასილიჩი
08 სექტემბერი 2017 08:57
4
თავი და თავი არის7კაცით თამაში.ლიტვასთან პირვლი თამაში იყო და ასე თუ ისე გაქაჩა 7კაცმა გაქაჩა მერე კი....როგორ ვერ მოინახა 3-4 კაცი რომ ცოტა მაინც ეთამაშათ და შეშველებოდნენ?!რაც შეეხება ზაზას უკეთესი გვყავდა ვინმე და არ წაიყვანეს თუ....როგორ უცებ ვიცით ყველაფრის დავიწყება ისე.რაც ზაზას ნათამაშები და იმენნა მარტოს აქვს ამოქაჩული თამაშები,ხელი როგორ გიბრუნდებათ აუგის დაწერაზე,მაგრამ არის ეგეთი კატეგორიის ადამიანები და .....თუ გინდა
კახა ქირია
08 სექტემბერი 2017 04:26
6
7 კაცით შეუძლებელია მითუმეტეს ეურობასკეტზე წარმატების მიღწევა და მთავარი პრობლემა სწორედ ეგ იყო.. მაგრამ რას იზავ არ გვყავს სხვა არავინ სანიკიძე და ბურჯანაძე საშინლად ეკლდა გუნდს
effe
08 სექტემბერი 2017 03:31
2
კაპიტანმა თქვა სიტყვა წასვლის შესახებ...გავაგებინოთ კალათბურთის ფედერაციას იქნებ თავის საიტზე რამე დაწეროს!
თედო
07 სექტემბერი 2017 23:36
2
ცინცაძემ იმდენი ბურთი დაკარგა მეტს არც ველოდი. ყოველ შესვლაზე იჭედებოდა და უაზრო გადაცემას აკეთებდა. ყველაზე უარესი გამთამაშებელი იყო მთელ ევრობასკეტზე
გიორგი
07 სექტემბერი 2017 23:36
8
ბითაძეს ეტყობა რესურსი და გამოჩნდება რეალურად რა შეუძლია..
07 სექტემბერი 2017 23:35
2
ძალიან გული დაგვწყდა ყველას, მაგრამ რატომ გვქონდა ამხელა ამბიცია რომ 7 კაცით, საიდანაც ცინცაძეს ტრამვა ქონდა (სრულად ჯანმრთელიც არაა 100%-ით სანდო) შევძლებდით რეჟიმში თამაშს?ადამიანები არიან რობოტები ხომ არა?! უბრალოდ მიკვირს ლონდარიძეზე, ბოიასასა და გამყრლიძეზე ცოტათი უკეთესი კალათბურთელები როგორ ვერ მოიძებნა რომ 2 წუთიანი შეცვლები მაინც გაკეთებული თითოეულ მეოთხედში? გუშინ გაცხარებყლზე ძალიან კრიტიკული კომენტარები დავდე, ვის ვაწყენინე ყველას ბოდიშს ვუხდი!
პაატა
07 სექტემბერი 2017 23:09
2
გეთანხმებით. ეგ კითხვა მე მგონი ბევრსაც გაუჩნდა და თუ მართლა მეტიც არავინ გვყავს, ძალიან დიდი საფიქრალი გვქონია. ფაჩულიას გარდა შეიძლება მალე ნაკრებში სხვებმაც აღარ ითამაშონ.
გგგ
08 სექტემბერი 2017 12:45
2

სიახლეები პოპულარული