[ევრობასკეტი 2017] NBA-დან ევროპამდე

AutoSharing Option
ვიწყებთ ახალ რუბრიკას "ევრობასკეტი 2017". ამ ქუდის ქვეშ საშუალება გექნებათ, გაეცნოთ ინტერვიუებს საქართველოს ნაკრების კალათბურთელებთან, მწვრთნელებთან, გავიხსენებთ მომავალ მეტოქეებთან ისტორიულ დაპირისპირებებს, უცხოელთა მოსაზრებებს საქართველოს ნაკრებზე...

დღეს ორი ძირითადი თემაა: მწვრთნელ კოტე ტუღუშის ინტერვიუ და ლიტვის ნაკრები, ჩვენი უახლოესი მეტოქე ევრობასკეტზე.

* * *
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის ასისტენტი კოტე ტუღუში ახლახან დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც "გოლდენ სტეიტისა" და ზაზა ფაჩულიას ტრიუმფს დაესწრო. მასთან ვისაუბრეთ როგორც ამერიკულ შთაბეჭდილებებზე, ასევე საქართველოს ნაკრების საევრობასკეტო მომზადებაზე.

- ცხელი ზაფხული გველის. საქართველოს ნაკრები მეოთხედ ითამაშებს
ევროპის ჩემპიონატზე, უკვე საკმარისად გამოცდილი და ვეცდებით, საუკეთესო შედეგი ვუჩვენოთ. საამისოდ კი აუცილებელია კარგი მომზადება.

კალათბურთელები ინდივიდუალურად უკვე ვარჯიშობენ, ფიზმომზადების მწვრთნელ გიორგიოს ვავეცისის მიერ შედგენილი პროგრამებით. 13 ივლისიდან გუნდი თბილისში შეიკრიბება, სამედიცინო შეკრებას გაივლის და სლოვენიაში გავემგზავრებით.

- მეტოქეებმაც დაასახელეს გაფართოებული შემადგენლობები და გარკვეულია მათი მოსამზადებელი გეგმებიც...
- მოწინააღმდეგეების გეგმებსაც ვეცნობით. ყველა ცდილობს, დროულად დაიწყოს შეკრება, რომ ევრობასკეტს მომზადებული შეხვდეს. შემადგენლობა ყველას ძლიერი ჰყავს, ყველგანაა ვარსკვლავები, მაგრამ კონკრეტული მატჩისთვის რომელი გუნდიც უკეთ იქნება მომზადებული, სწორედ ის გაიმარჯვებს.

ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ევრობასკეტს ჯანმრთელები შევხვდეთ. შემადგენლობა ჩვენც მაღალი დონისა გვყავს.

- ფაჩულია განსაკუთრებული სტატუსით ჩამოვა ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით სან ფრანცისკოდან?
- ვინც კალათბურთს თამაშობს, ან უთამაშია, ყოველ წელს განსაკუთრებით ელის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალებს. ამის ტრიბუნებიდან ხილვა დიდი ბედნიერებაა, ემოცია ათმაგდება, როდესაც ფინალში შენიანი თამაშობს. თან, არა რიგით სათადარიგოდ, არამედ სასტარტო ხუთეულში.

"გოლდენ სტეიტის" მესვეურები დიდ პატივს სცემენ კალათბურთელთა ოჯახებს. გასახდელის წინ მოწყობილია სპეციალური ოთახი, სადაც მოთამაშეები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხვდებიან. სერიის მეხუთე მატჩის წინ სწორედ იმ ოთახში შევხვდით ზაზას, წარმატებები ვუსურვეთ და ჩვენებურად გავამხნევეთ.

- მატჩის შემდეგ ჩემპიონობა როდის მიულოცეთ?
- შეხვედრა დასრულდა თუ არა, მეგობრები და ოჯახის წევრები მოედანზე შეგვიშვეს და ვიდრე თასს გადასცემდნენ, მანამ გვქონდა მილოცვის საშუალება. საოცარი მუხტი იყო. გამარჯვების შემდეგ აღლუმზე რამდენიმე ავტობუსი გამოვიდა, თითოში ორი კალათბურთელი იყო, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ, ახლობლებიც გვერდში ჰყოლოდათ.

- თუ გქონდათ ზაზას ვარსკვლავ თანაგუნდელებთან გასაუბრების საშუალება?
- ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მთავარ მწვრთნელ სტივენ კერთან შეხვედრას. იგი ზაზას შესახებ კმაყოფილებით ლაპარაკობდა, ფაჩულიას დამატებით გუნდი დაბალანსდა, მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან დაგვეხმარაო. მის შრომას კალათბურთელებიც აფასებენ, დიდ პატივს სცემენ.

* * *
ევრობასკეტზე პირველი მატჩი, 31 აგვისტოს ლიტვასთან გველის. რევანში გვაქვს ასაღები - ევრო-2015-ის მერვედფინალში ხომ ბალტიისპირელებთან, ფაქტობრივად მოგებული თამაში წავაგეთ. თამამად შეიძლება ითქვას: ის იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ისტორიაში, ხოლო ლიტველებისა - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ევრობასკეტზე.

ლიტველებთან დიდი სხვაობითაც წაგვიგია და კაუნასში ოვერტაიმიც გვითამაშია (ძირითადი დრო 77:77). ბალტიისპირელები ჯგუფში პირველი კალათიდან მოხვდნენ და, ცხადია, ჩვენთანაც ფავორიტები იქნებიან.

Sportall.Ge

ზაზა ფაჩულია:
- ლიტვის ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე მერვედფინალში ვეთამაშეთ. ძლიერი გუნდი იყო, საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა გარემოება: მაშინ პლეი ოფის მატჩი იყო, წაგება ევროპის ჩემპიონატის დასრულებას ნიშნავდა. სულ სხვა მონდომებითა და განწყობით ვითამაშეთ.

მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე ლიტვასთან ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გავმართავთ. სხვა ეტაპია და აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ წინ მთელი ევრობასკეტია, მხოლოდ ერთი მატჩის მოგება კი არა, ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით თამაშია საჭირო.

რაც შეეხება ლიტვის ნაკრებს, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით ძლიერი გუნდი იქნება. ისრაელში, სავარაუდოდ, ჩამოვლენ საბონისი და კუზმინსკასი. პირველი წარმატებით თამაშობს "ოკლაჰომაში", ხოლო მეორე "ნიუ იორკში". მათ დავუმატოთ სხვა მაღალი დონის კალათბურთელები და ნამდვილად შეიძლება ლიტვა ევრობასკეტის ფავორიტებს მივაკუთვნოთ.

ლიტვის ნაკრების მწვრთნელს ჩვენზე უკეთესი არჩევანი აქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლიტვასთან შანსი არ გვაქვს. შარშანაც გამოჩნდა, რომ ლიტველები დაუმარცხებლები არ არიან.


ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არვიდას საბონისი:

- საინტერესო ჯგუფია. მართალია, მომდევნო ეტაპზე ექვსიდან ოთხი გადის, მაგრამ გუნდების სიძლიერის გათვალისწინებით პლეი ოფში გასვლა იოლი არ იქნება. ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გახსნით შეხვედრას. ჩვენი მეტოქე ძალიან სახიფათო გუნდი იქნება, ქართველებმა კალათბურთის თამაში იციან და განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მათ წინააღმდეგ წარმატებით სათამაშოდ.

ლიტვის ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელია: იონას კაზლაუსკასი დაინიუს ადომაიტისმა შეცვალა. აი, რას ამბობს ბატონი დაინიუსი:

- ჯერაც რთულია შანსებზე მსჯელობა. თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიცით, მეტოქე გუნდის ლიდერებიდან ვინ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე და ვინ - არა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი ის არის, ლიტვის ნაკრები იყოს სრული შემადგენლობით. ყველა ვარსკვლავი მზადაა გუნდის დასახმარებლად.

ლიტვა 2017
გაფართოებული შემადგენლობა
მანტას კალნიეტისი (მილანი, იტალია), ლუკას ლეკიავიჩუსი (ჟალგირისი), ადას იუსკევიჩუსი (სარაგოსა, ესპანეთი), მარტინას გეჩევიჩუსი (სარაგოსა, ესპანეთი), რენალდას სეიბუტისი (ჟალგირისი), მარიუს გრიგონისი (ტენერიფე, ესპანეთი), მინდაუგას გირძიუნასი (ნეპტუნასი), არტურას მილაკნისი (ჟალგირისი), დეივიდას დულკისი (ობრადარიო, ესპანეთი), არნოლდას კულბოკა (ბროსე, გერმანია), შარუნას ვასილიაუსკასი (უშაკი, თურქეთი), არნას ველიჩკა (ბარსელონა 2, ესპანეთი), მინდაუგას კუზმინსკასი (ნიუ იორკი, NBA), იონას მაციულისი (რეალი, ესპანეთი), ედგარას ულანოვასი (ჟალგირისი), პაულიუს იანკუნასი (ჟალგირისი), დონატას მატეიუნასი (ნიუ ორლეანსი, NBA), დომანტას საბონისი (ოკლაჰომა, NBA), გედიმინას ორელიკი (ბანვითი, თურქეთი), დეივიდას გაილიუსი (რიტასი), როკას გიედრაიტისი (რიტასი), ეიმანტას ბენძუისი (ობრადარიო, ესპანეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული