U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მესამედ წააგო

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯერჯერობით მოუგებლად ასპარეზობს.

ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა მაკედონიაში მიმდინარე ტურნირის საწყისი 2 მატჩი ესტონეთთან და უნგრეთთან წააგო, დღეს კი ავსტრიას შეხვდა და გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობის მიუხედავად, შეხვედრა ამჯერადაც დათმო.

ზემოთ ნახსენებ ნებისმიერ მეტოქესთან ქართველები თავიდან არაფერს თმობდნენ. ჩვენმა გუნდმა არც ავსტრიასთან წააგო პირველი ტაიმი - დიდი შესვენებისთვის ანგარიში 34:34 გახლდათ, თუმცა ასევე ტრადიციულად, ქართველებმა მესამე პერიოდი სუსტად ითამაშეს და ათწუთეულის 17:28 წაგებით გადამწყვეტი მეოთხედის წინ 11 ქულით ჩამორჩნენ.

ბოლო პერიოდში ქართველების
ყოველი ცდა, ჩამორჩენა შეემცირებინათ, ამაო გამოდგა.

საქართველოს ნაკრები მეტოქესთან 9 ქულაზე ახლოს (70:79) ვერ მივიდა და საბოლოოდ შეხვედრა 12-ქულიანი სხვაობით - 76:88 დათმო.

ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი დავით კაკუშაძემ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. 14 ქულა ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილსაც, თუმცა ჭარბი დაკარგვების გამო მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა საკმაოდ დაბალი -3 ერთეული შეადგინა. ამ მაჩვენებლით კაკუშაძის (16) შემდეგ მეორე შედეგი აჩვენა ოთარ პერტაიამ (12), რომელმაც 20 წუთში 10 ქულა, 4 მოხნა და 3 პასი მიითვალა.

3-დან 3 წაგებით საქართველოს ნაკრები ანალოგიური შედეგის მქონე აზერბაიჯანთან ჯგუფში V-VI ადგილებს იყოფს. ჩვენს ნაკრებს პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს და დარჩენილ 2 მატჩში ჯგუფში მე-4 ადგილის დაკავებისთვის უნდა იბრძოლოს, რათა არა 17-24, არამედ 9-16 ადგილებისთვის გააგრძელოს ასპარეზობა.

30 ივლისი ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღეა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 31 აგვისტოს, ბელგიის ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

საქართველო-ავსტრია 76:88
17:14, 17:20, 17:28, 25:26

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
უხეირო თაობა მოდის კალათბურთში, A დივიზიონში გადასვლას ვინ ჩივის, პლეი-ოფში ვერ გადიან.
dato
14:13 30-07-2018
1
ვენაცვალე ჩვენს ბიჭებს!!! რა ბედნიერი სიამაყოს გრძნობა მეუფლება ჩვენები რომ აგრერიგად ასპარეზობენ და ერისთვის დიდი სიხარული მოაქვთ!
სიამაყით აღვსილი
13:35 30-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული