NBA. დერიკ როუზი ისევ თამაშგარეში

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ჩიკაგო ბულზს" ისევ თავისი ძირითადი გამთამაშებლის დერიკ როუზის გარეშე მოუწევს სეზონის დასრულება.

ESPN-ის ინფორმაციით, 26 წლის კალათბურთელი პერიოდულად ტკივილს გრძნობდა მუხლის არეში. და გუშინ, სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით არის შესაძლებელი. კალათბურთელის ოპერაციისა და აღდგენის ვადების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

2013 წლის ნოემბერში როუზმა ასევე დაიზიანა მარჯვენა მუხლი. ექიმებმა მცველს მენისკის გაწყვეტა დაუდგინეს და მაშინ ოპერაციის გადატანა მოუწია. დერიკისთვის ეს იქნება ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამე ოპერაცია მუხლებზე.

ამ ტრავმების გამო 2010-11
წლების სეზონის MVP-მ მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა შარშანდელ რეგულარულში და მთლიანად გამოტოვა შარშანწინდელი სეზონი. და როგორც ჩანს, უკვე ვეღარ შეძლებს სრულფასოვნად კარიერის განახლებას.

ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ თავად როუზი ვერ ხსნის - რომელ ეპიზოდში მიიღო ტრავმა. ორშაბათს გამთამაშებელმა 33 წუთი ითამაშა "მილუოკის" წინააღმდეგ და არანაირი დისკომფორტი არ უგრძვნია. ტკივილი სამშაბათს, ვარჯიშის დროს გაჩნდა, თანაც ეს არ ყოფილა ფიზიკური კონტაქტის ბრალი.

კალათბურთელმა ექიმებს მიაკითხა და მათ დერიკი სამედიცინო გამოკვლევაზე გაუშვეს, რის შემდეგაც გამოცხადდა სავალალო ვერდიქტი, რაც ხაზს უსვამს "ჩიკაგოს" ამბიციებს - იბრძოლოს წელს ჩემპიონობისთვის.

მიმდინარე სეზონში როუზმა 46 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და საშუალოდ, 18.4 ქულა, 3.1 მოხსნა და 5.0 შედეგიანი პასი დააგროვა.

- გაირკვა "კლივლენდის" ფორვარდის შონ მერიონის ტრავმის ხარისხი. როგორც იტყობინებიან, ვეტერანი ორი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. 36 წლის კალათბურთელს პრობლემები აქვს მარცხენა ბარძაყთან დაკავშირებით.

- "ფილადელფიამ" ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმება ფორვარდ ტომას რობინსონთან. ეს კალათბურთელი ერთი კვირის წინ "პორტლენდიდან" "დენვერში" ტრეიდის მეშვეობით მოხვდა, ამ უკანასკნელმა კი მაშინვე გაწყვიტა რობინსონთან კონტრაქტი. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფორვარდის აყვანაზე მთავარი პრეტენდენტი "ბრუკლინი" იყო.

- ჩატენვების კონკურსის სამგზის გამარჯვებულს ნეიტ რობინსონს, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, კარიერის "ჩიკაგოში" გაგრძელების სურვილი აქვს. მცველი ამ გუნდში 2012-13 წლების სეზონში თამაშობდა. ამგვარი ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუხლის მორიგი ტრავმის შემდეგ ისევ გამოვიდა მწყობრიდან "ბულზის" გამთამაშებელი დერიკ როუზი.

- "მინესოტას" ლეგენდა კევინ გარნეტი ძალიან კმაყოფილია მშობლიურ კლუბში დაბრუნებით. "ყველაფერი იდეალურადაა, როგორც ზღაპარში. ძალიან მიხარია ისევ "მინესოტაში" თამაში და ის, რომ სწორედ აქ დავასრულებ კარიერას. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან, ამიტომაც არ მიფიქრია ბევრი, როცა ეს წინადადება შემომთავაზეს", - განაცხადა ფორვარდმა.

- "ლეიკერსის" გამთამაშებელი რონი პრაისი ვეღარ დაეხმარება თავის გუნდს მიმდინარე სეზონში. ამ დღეებში კალათბურთელმა მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გადაიტანა. წლევანდელ რეგულარულში პრაისმა 43 მატჩი ჩაატარა.

- ცენტრმა კენდრიკ პერკინსმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი "კლივლენდთან". კალათბურთელის ხელფასი 435 ათასი დოლარი იქნება. შეგახსენებთ, რომ პერკინსი დედლაინამდე "ოკლაჰომადან" "იუტაში" გაცვალეს ფორვარდ სტივ ნოვაკსა და ცენტრ ენეს კარტერზე, რის შემდეგაც "ჯაზმა" მასთან კონტრაქტი გააუქმა. ამ სეზონში ცენტრის სტატისტიკა 4.0 ქულა და 5.5 მოხსნაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული