NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი ჯორდანზე მაღლა

AutoSharing Option
ამ მოვლენას ჯერ კიდევ "სან ანტონიოსთან" შაბათის მატჩში ელოდნენ, მაგრამ გუშინ, "მინესოტასთან" შეხვედრაში მოხდა. მეორე მეოთხედში კობი ბრაიანტმა ორი საჯარიმო მოათავსა კალათში და NBA-ში თავისი მონაგარი 32 293 ქულამდე აიყვანა - ერთით მეტი, ვიდრე ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს აქვს, რომელიც ასოციაციის სნაიპერების ისტორიულ რეიტინგში მესამე ადგილზე იმყოფებოდა.

თამაში ცოტა ხნით გაჩერდა, რათა "შავ მამბას" მომენტით ტკბობის საშუალება ჰქონოდა. კობი მილოცვებს იღებდა, ბოლოს კი "მინესოტას" მფლობელმა გლენ ტეილორმა ის ბურთი აჩუქა, რომლითაც ბრაიანტმა ეს ზღვარი გადალახა.

შეხვედრა "ლეიკერსმა" მოიგო, მატჩის შემდეგ კი
NBA-ს მრავალრიცხოვანი ლეგენდები ქათინაურებს არ იშურებდნენ კობის მისამართით. კომენტარი გააკეთა მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითებულმა ჯორდანმაც: "ვულოცავ კობის ამ მიღწევას. ეჭვგარეშეა, რომ ის დიადი მოთამაშეა, რომელსაც უდიდესი შრომისმოყვარეობა გააჩნია. კალათბურთისადმი სიყვარული ისეთივე აქვს, როგორიც მე მქონდა. სიამოვნებას ვიღებდი იმის ყურებით, როგორ პროგრესირებდა ის კარიერის განმავლობაში. საინტერესოა, კიდევ რომელ მწვერვალებს დაიპყრობს მომავალში".

"ლეიკერსის" ერთ-ერთმა მთავარმა ლეგენდამ მეჯიქ ჯონსონმა გვერდი ვერ აუარა ბრაიანტისა და ჯორდანის შედარებას: "არასოდეს გვინახავს მოთამაშე, რომელიც ჯორდანს გაუტოლდებოდა და ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ ვერასოდეს ვიხილავთ კობის მსგავს მოთამაშეს. ეჭვი არ მეპარება, რომ კობი ყველა დროის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის შედის".

ახლა ბრაიანტზე ზემოდ მხოლოდ კარლ მელოუნი (36 928) და ქარიმ აბდულ-ჯაბარი (38 387) არიან. მელოუნამდე 4000 ქულაზე მეტი რჩება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორ თამაშობს 36 წლის ბრაიანტი (წელს მისი საშუალო შედეგიანობა 25.4 ქულაა), ეს მანძილი მიუღწეველი სულაც არ ჩანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილი ლეგენდა!
del piero 10
12:08 16-12-2014
0
კობიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!
del piero 10
12:07 16-12-2014
0

სიახლეები პოპულარული