ჯეისონ კიდის ეშმაკობა 50 ათას დოლარად

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეტსის" მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი დააჯარიმეს იმის გამო, რომ შეგნებულად დაღვარა გაიზიანი სასმელი მოედანზე და ამით ტექნიკური შესვენება გამოსტყუა მსაჯებს "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" მატჩის ბოლო წამეზე.

ჯარიმის თანხა, რომელიც NBA-მ მწვრთნელს დააკისრა, 50 ათას დოლარს უტოლდება. კიდმა სასმელი მატჩის დამთავრებამდე 8.3 წამით ადრე დაღვარა, რადგან მის გუნდს ტაიმ-აუტი აღარ ჰქონდა დარჩენილი, ანგარიში კი ორი ქულით "ლეიკერსს" მიჰყავდა - 94:96. სანამ იატაკს წმენდნენ, მწვრთნელმა მოთამაშეებს დავალება მისცა, თუმცა ამან "ბრუკლინს" ვერ უშველა და წააგო – 94:99.

ინციდენტის ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ
ეუბნება კიდი "ბრუკლინის" მცველ ტაიშონ ტეილორს: Hit me ("დამარტყი"). ამის შემდეგ, კალათბურთელი მწვრთნელს ეჯახება და კიდს ჭიქა ხელიდან უვარდება.

თავად მწვრთნელი უარყოფს სასმელის შეგნებულად დაღვრას და ამბობს, რომ ჭიქა ხელიდან შემთხვევით გაუვარდა. ტეილორმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ არ გაუგონია მწვრთნელისგან არანაირი ინსტრუქცია, შემთხვევით დაეჯახა კიდს და საერთოდ გაკვირვებული დარჩა, რომ ჯეისონი გვერდით ხაზთან მდგარი სვამდა გაზიან სასმელს.

გასოლი - მეორე ევროპელებში
"ბრუკლინთან" გუშინდელ შეხვედრაში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ესპანელმა ლეგიონერმა პაუ გასოლმა 21 ქულა დააგროვა. როგორც გამოცემა LA Daily News წერს, კალიფორნიელთა ცენტრის კარიერულმა მონაგარმა 15 773 ქულა შეადგინა და ამით მან გაუსწრო გერმანელ ფორვარდს დეტლეფ შრემპფს (15 761). უფროსი გასოლი NBA-ის ევროპელ ლეგიონერებს შორის მეორე ადგილზეა შედეგიანობის მხრივ.

მასზე წინ მხოლოდ ერთი ევროპელი ლეგიონერი დარჩა - "დალასის" გერმანელი ფორვარდი დირკ ნოვიცკი (25 361 ქულა).

"დალასი" ბოშს უმიზნებს
"დალას მავერიქსის" ხელმძღვანელობა "მაიამი ჰიტის" ფორვარდის კრის ბოშის ხელში ჩაგდებას აპირებს, - იტყობინება ESPN. 29 წლის ამერიკელის შეძენა პრიორიტეტული იქნება "მავერიქსისთვის" 2014 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე. "დალასი" 2010 წელსაც ცდილობდა ბოშის გადაბირებას, მაგრამ მაშინ მოთამაშემ "მაიამიში" გადასვლა არჩია.

2013-14 წლების სეზონში კრისმა 14 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და საშუალოდ 14.8 ქულა და 5.6 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კიდი მწვრთნელი არ არის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული