ბაინუმი კლივლენდელია

AutoSharing Option
როგორც ამერიკული პრესა იუწყება, "კლივლენდ კავალიერზმა" მოახერხა კონტრაქტზე მოლაპარაკება ცენტრ ენდრიუ ბაინუმთან. კალათბურთელი სულ მალე მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, რომელიც "1+1" სქემით გაფორმდება. "კავალერებთან" ორი წელი თანამშრომლობის შემთხვევაში, "ლეიკერსის" ყოფილი ცენტრი 24 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

კონტრაქტის პირველ წელს 25 წლის კალათბურთელი გარანტირებულად მიიღებს 6 მილიონს. ამდენივე დაემატება აღნიშნულ თანხას იმ შემთხვევაში, თუ ბაინუმი წარმატებით ითამაშებს "კლივლენდის" მაისურით. შესაბამისად, წარმატებული თამაშის შემთხვევაში, ენდრიუ უარს არ იტყვის კონტრაქტის გაგრძელებაზე და მეორე სეზონისთვის მას გარანტირებული ექნება 12 მილიონი.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის წინ ბაინუმი
ტრეიდის შედეგად "ფილადელფია სიქსერზში" აღმოჩნდა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო ამ გუნდის რიგებში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

უფრო ადრე, "კლივლენდის" გარდა, ბაინუმზე პრეტენზიას აცხადებდნენ "პორტლენდი" და "დალასი".

"ლეიკერსში ძველები ბრუნდებიან"
სლოვენიელი მცველი საშა ვუიაჩიჩი და ფორვარდი ლამარ ოდომი, შესაძლოა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" დაბრუნდნენ, - ირწმუნება ESPN-ის მიმომხილველი არაშ მარკაზი.

რუსი ჩოგბურთელის, მარია შარაპოვას ყოფილი ბოიფრენდი ვუიაჩიჩი 2004-10 წლებში ირიცხებოდა კალიფორნიელთა რიგებში და ამ გუნდთან ერთად ორი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. 2011 წელს სლოვენიელი თურქეთის "ეფესის" შემადგენლობაში თამაშობდა.

"ლეიკერსი", რომლის რიგებში ოდომმა შვიდი სეზონი ჩაატარა და ასევე ორი ტიტული მოიგო, უკვე დაუკავშირდა ორივე კალათბურთელს და დაბრუნებაზე ჩამოუგდო სიტყვა. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე კალიფორნიულ კლუბს დაუბრუნდა მცველი ჯორდან ფარმარი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი ევროპაში გაატარა.

კლუბის ამგვარ პოლიტიკას გამოეხმაურა "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი. "ნაცნობი სახეები, ნაცნობი ადგილი? ქიმიური თერაპია ყოველთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი გუნდისთვის, იქნება ეს სპორტი თუ ბიზნესი", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ბრაიანტმა.

* * *
სხვათა შორის, კობიმ 11 ივლისს უფრო საინტერესო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ არ აპირებს ახალ კონტრაქტზე კლუბთან მოლაპარაკებებისას დათმობაზე წასვლას. კალათბურთელის მიმდინარე ხელშეკრულებას მომავალ ზაფხულს ეწურება ვადა.

"უკან არ დავიხევ - მოგვიწევს ახალი კონტრაქტის პირობების განხილვა. შევეცდები, მივიღო იმდენი, რამდენსაც ვაჭრობის შედეგად გამოვსტყუებ მათ", - ამბობს ბრაიანტი.

ვარაუდობდნენ, რომ კობი დათანხმდებოდა ხელფასის შემცირებას იმისთვის, რომ "ლეიკერსს" მომავალ ზაფხულს ძლიერი თავისუფალი აგენტების ხელში ჩასაგდებად ეზრუნა.

მაქსიმალური ხელფასი, რომელიც შეიძლება ბრაიანტმა ახალი ხელშეკრულებით მიიღოს - წელიწადში 19.5 მილიონ დოლარს უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული