NBA. პლეი ოფი. "სპურსი" "მაიამის" დაელოდება

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელი სეზონის პირველი ფინალისტი გახდა "სან ანტონიო სპურსი". ტექსასელთა "დიდი ტრიოს" ასაკმა ხელი ვერ შეუშალა ტიმ დანკანს, ტონი პარკერსა და მანუ ჯინობილის, გადამწყვეტ სერიაში თამაშის უფლება მოეპოვებინათ. ახლა ისინი ფინალში "მაიამის" "დიდ ტრიოს" ელიან, მაგრამ სანამ ეს მოხდება, "სპურსმა" სეზონის ბოლო სერიისთვის დასასვენებლად საკმარისზე მეტი დრო მიიღო.

"მემფისთან" სერიის ბოლო მატჩმა კარგად გამოაჩინა "სან ანტონიოს" უპირატესობა "გრიზლისზე". "დათვები" მთელი პლეი ოფის განმავლობაში სოლიდურად გამოიყურებოდნენ, ფინალამდე დაამარცხეს ძლიერი "კლიპერსი" და საჩემპიონო ამბიციების მქონე "ოკლაჰომა". "სან ანტონიოსთან" დაპირისპირებაში ისინი
აუტსაიდერებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ სერიაში 0:4-ს არავინ ელოდა.

ბრწყინვალე იყო  მატჩში ტონი პარკერი, რომელსაც ხელი არც მაშინ შეეშალა, როცა მარკ გასოლის თითი მოხვდა თვალში და მეოთხე მეოთხედში დროებით მოედნის მიტოვება მოუწია. "მემფისის" ესპანელმა ცენტრმა მეტოქეს შემთხვევით მოარტყა ხელი სახეში, მოგვიანებით კი საკუთარი გუნდის სათადარიგოთა სკამთან მუშტი დაუშინა სარეკლამო ბანერს: საკუთარი უმწეობის გამო "მემფისის" კალათბურთელები ემოციებს ვერ თოკავდნენ.

ამ მხრივ, ყველაზე შორს ჯარედ ბეილესი წავიდა, რომელმაც კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაუმართა საკუთარი მთავარ მწვრთნელს ლაიონელ ჰოლინზს!

ბოლოსკენ "მემფისმა" სცადა მატჩის გადარჩენა, მაგრამ რეალური შანსი მაინც ვერ მიიღო. სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა, თუმცა ეს იყო მაქსიმუმი, რასაც მასპინძლებმა მიაღწიეს. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ "გრიზლისმა" პირწმინდად წააგო იმ გუნდთან, რომელიც დიდად არ შეცვლილა 2004 წლის შემდეგ, როცა "სპურსმა" "მემფისს" ასეთივე ანგარიშით მოუგო - 4:0. დრო მიდის, იცვლება ყველაფერი... დანკანის, პარკერის, ჯინობილისა და პოპოვიჩის გარდა.

"სპურსის" წინა ხაზმა ბრწყინვალედ ითამაშა, იმ დროს, როცა მთლიანად ჩააგდო სერია ზაკ რენდოლფმა. ტექსასელებმა სამწამიანიდან 52 ქულა ჩააგდეს (მეტოქემ - 32 ქულა), აგრეთვე, უპირატესობას მიაღწიეს მოხსნებში - 41:34. თამაშიდან 51-პროცენტიანი სიზუსტეც "სან ანტონიოს" უპირატესობის მაჩვენებელია, "მემფისის" რიგებში კი 50-პროცენტიანი ზღვარი მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა გადალახა - სათადარიგო ქუინსი პონდექსტერმა, რომელმაც მეორე ტაიმში 18 ქულა დააგროვა.

ბოლო შტურმი "დათვებმა" ბოლოსკენ მოაწყვეს: გასოლის ზუსტი ტყორცნის შემდეგ, 48.7 წამით ადრე ანგარიში გახდა 86:89, მაგრამ ამას მოჰყვა პარკერის ზედიზედ ოთხი ზუსტი საჯარიმო და ამით ყველაფერი დასრულდა.

მემფისი-სან ანტონიო 86:93
14:24, 24:20, 28:28, 20:21
მ: პონდექსტერი (22), გასოლი (14+5 პასი+5 მოხსნა+3 დაფარება), რენდოლფი (13+8 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (37+6 პასი), დანკანი (15+8 მოხსნა+4 დაფარება), ლეონარდი (11+6 მოხსნა+5 ჩაჭრა).
სერია: 0-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: "ინდიანამ" შინ პირველად წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული