NBA. პლეი ოფი: ისევ უოლი და მეშვიდე მატჩი იქნება

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის მეორე რაუნდი ჯერ ისევ გრძელდება, რადგან "ვაშინგტონმა" და "ბოსტონმა" მთლიანად მიმდინარე პლეი ოფის ყველაზე დაძაბული სერია მოაწყვეს. გამონაკლისი არც მეექვსე მატჩი აღმოჩნდა.

პირველი მეოთხედი მასპინძლებს დარჩათ. მათი უპირატესობა მცირე იყო, მაგრამ გულშემატკივრებს უფრო სხვა რამ აღელვებდათ - პირველ 12 წუთში ჯონ უოლმა მხოლოდ ერთი ტყორცნა გამოიყენა ცხრიდან. "უიზარდს" წინ მიათრევდნენ მარცინ გორტატი, ბრედლი ბილი და მარკიფ მორისი. მეორე მეოთხედში გუნდები ერთად მიდიოდნენ და მხოლოდ შუაში შეძლეს მასპინძლებმა მცირე უპირატესობის მოპოვება. თუმცა, დიდი შესვენებისთვის ამ უპირატესობისგან
კვალიც არ დარჩა - შესვენებაზე "სელტიქსი" ლიდერის რანგში გავიდა - 42:41.

პაუზის შემდეგ, ბრძოლა გაგრძელდა. ისე ჩანდა, რომ მცირე უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო, მაგრამ მეოთხედის ეკვატორისთვის ის ისევ გაქრა. "ვაშინგტონს" ლიდერობდა ბილი, "ბოსტონისგან" კი გამორჩეული იყო ელ ჰორფორდი.

მეოთხე მეოთხედში კი გაიბრწყინეს გუნდების ლიდერებმა - უოლმა და აიზია ტომასმა. "სელტიქსის" გამთამაშებელმა თავისი 27 ქულიდან ათი ბოლო 12 წუთში აიღო, უოლმა კი... მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მთავარი კაცია გუნდში. სირენამდე წუთნახევრით ადრე, "ბოსტონი" იგებდა ხუთი ქულის უპირატესობით - 87:82. მაგრამ ბილის სამქულიანის, შემდეგ დაფარებისა და უოლის ორი საჯარიმოს წყალობით, თანაფარდობა აღდგა.

ამის შემდეგ, შედეგიანი შეტევები გაცვალეს ბილმა და ეივერი ბრედლიმ, 7.7 წამით ადრე კი საშუალო მანძილიდან ჩააგდო ჰორფორდმა. დადგა სცენაზე უოლის გასვლის დრო. მასპინძლების ლიდერმა სამქულიანი ჩააგდო და ერთი ქულით მოაგებინა თავისიანებს, ასე რომ, კონფერენციის ფინალისტი ამ წყვილში 16 მაისს, ბოსტონში გაირკვევა.

* * *
ძალიან დიდი იყოს იმის ალბათობა, რომ "სან ანტონიოსა" და "ჰიუსტონის" სერიის ბედი მეშვიდე მატჩში გადაწყვეტილიყო, რადგან ჰიუსტონში გამართულ მეექვსე შეხვედრაში "სპურსს" ვერ დაეხმარა ტრავმირებული კავაი ლენარდი. მაგრამ, თავისი მთავარი ლიდერისა და ტონი პარკერის გარეშე დარჩენილმა "სან ანტონიომ" მინიმალური შანსიც არ დაუტოვა "როკეტს".

ჩავარდნის მთავარი მიზეზი გახდა ის კალათბურთელი, რომელსაც ხელ-ფეხი უნდა გახსნოდა ლენარდის არყოფნის პირობებში. მაგრამ პირველ მეოთხედში ჯეიმს ჰარდენს საერთოდ არ უსვრია. აქამდე, ასეთი რამ "ჰიუსტონში" მას მხოლოდ ერთხელ დაემართა. დიდი შესვენებისთვის, ჯეიმსს მხოლოდ ორი ბურთი ჰქონდა ჩაგდებული თამაშიდან, ხუთი შეცდომა დაუგროვდა, ხოლო მისი გუნდი 19 ქულას აგებდა. ამ მომენტისთვის, "ჰიუსტონის" თითოეულ მოთამაშეს უფრო მეტი ტყორცნა ჰქონდა შესრულებული, ვიდრე ჰარდენს.

მეორე ტაიმი "სპურსმა" 8:1 გაქცევით დაიწყო და სხვაობა 26 ქულამდე გაზარდა. ამის შემდეგ, "როკეტსი" მეტოქესთან 20 ქულამდე ახლოს არ მისულა, ჰარდენმა კი ექვსი პერსონალურის გამო, სირენამდე სამი წუთით ადრე დაასრულა შეხვედრა - 10 ქულით (11-დან ორი ზუსტი ტყორცნა). "როკეტსმა" თამაშიდან 28.6 პროცენტის სიზუსტით ისროლა, წააგო მოხსნები - 37:60 და სამწამიანიდან აიღო მხოლოდ 18 ქულა მეტოქის 62-ის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც "სან ანტონიო" პარკერისა და ლენარდის გარეშე დარჩა, საჭირო მომენტში ლიდერობა აიღო თავის თავზე ლამარკუს ოლდრიჯმა. მის ანგარიშზე იყო 34 ქულა და 12 მოხსნა. ბოლოს, პლეი ოფში ასეთი სტატისტიკა "სპურსის" კალათბურთელებიდან ტიმ დანკანს ჰქონდა 2008 წელს. გაამართლა მწვრთნელის ნდობა ჯონათონ სიმონსმა, რომელიც ლენარდის არყოფნაში, კარიერაში პირველად გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში და 18 ქულა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა, პარკერის შემცვლელმა პეტი მილსმა კი 14 ქულა და 7 პასი დაუმატა.

ვაშინგტონი-ბოსტონი 92:91
22:17, 19:25, 25:27, 26:22
ვ: ბილი (33), უოლი (26+8 პასი), მარკიფ მორისი (16+11 მოხსნა), გორტატი (4+13 მოხსნა).
ბ: ტომასი (27+7 პასი), ბრედლი (27), ჰორფორდი (20), კრაუდერი (10+7 მოხსნა+8 პასი).
სერია: 3-3.

ჰიუსტონი-სან ანტონიო 75:114
24:31, 18:30, 22:26, 11:27
ჰ: არიზა (20), კაპელა (15+12 მოხსნა), ჰარდენი (10+7 პასი).
ს-ა: ოლდრიჯი (34+12 მოხსნა), სიმონსი (18), მილსი (14+7 პასი), მიურეი (11+10 მოხსნა), გრინი (10), პ. გასოლი (10+11 მოხსნა).
სერია: 2-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული