NBA. პლეი ოფი: გრანდებს ცოტათი გაუჭირდათ

AutoSharing Option
"კლივლენდმა" ისევ ჩააგდო "ინდიანასთან" საშინაო მატჩის მეოთხე მეოთხედი, მაგრამ კვლავ მოიგო და სერიაში 2:0 წაიყვანა ანგარიში.

ფანტასტიკური შედეგიანობა აჩვენა "კავალიერზის" "დიდმა ტრიომ": გუნდური 117 ქულიდან 89 კაირი ირვინგზე (37), კევინ ლავსა (27) და ლებრონ ჯეიმსზე (25) მოდის. ამ უკანასკნელმა თავის მონაგარს 10 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 4-4 დაფარება და ჩაჭრა დაუმატა. თუმცა, "მეფე" ბევრ შეცდომასაც უშვებდა და ჯამში რვა დაკარგვა დაუგროვდა.

"კლივლენდი" ზედიზედ 10 მატჩია არ აგებს პლეი ოფის პირველ რაუნდში, ლებრონს კი ამ სტადიაზე 19-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

მესამე მეოთხედის შემდეგ, თითქოს შეხვედრას ინტრიგა არ ჰქონდა - მასპინძლებმა 10:0 გაქცევა შეძლეს და ბოლო 12-წუთეულის წინ, სხვაობა ანგარიშში 18 ქულა იყო. მაგრამ "პეისერსმა" მოახერხა მობილიზება, ზედიზედ 13 უპასუხო ქულა აიღო და პოლ ჯორჯის სამქულიანის შემდეგ, ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა - 109:113, მაგრამ დრო დარჩა ძალიან ცოტა. 20 წამში სტუმრებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.

* * *
ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფავორიტმა "სან ანტონიომაც" მოიგო ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა.

"სპურსი" მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო. პირველი მატჩისგან განსხვავებით, მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და პირველ ტაიმში იყო მომენტი, როცა გრეგ პოპოვიჩის გუნდი 26 ქულით გაიჭრა წინ. საბოლოოდ, დიდი შესვენებისთვის 19-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა და, ალბათ, აღარავის სჯეროდა, რომ შეხვედრას ინტრიგა კიდევ დაუბრუნდებოდა.

მაგრამ, მეორე ტაიმის პირველი 16 წუთი "მემფისმა" 34:19 მოიგო და მეოთხე მეოთხედში დასაწყისში "სპურსის" უპირატესობისგან მხოლოდ ოთხი ქულა დარჩა - 75:71. მაგრამ იქვე ტონი პარკერმა და პაუ გასოლმა სამქულიანები ჩააგდეს და აღადგინეს ორნიშნა უპირატესობა.

კავაი ლენარდმა გააუმჯობესა პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი - 37 ქულა დააგროვა, რასაც 11 მოხსნა დაუმატა. "სპურსის" ლიდერმა 19-დან 19 საჯარიმო ჩააგდო. მან უფრო მეტი თავისუფალი ტყორცნა შეასრულა მატჩში, ვიდრე მთლიანად "მემფისმა".
აღსანიშნავია, რომ "სან ანტონიომ" ზედიზედ მეათედ დაამარცხა პლეი ოფში "მემფისი".

კლივლენდი-ინდიანა 117:111
32:29, 31:29, 33:20, 21:33
კ: ირვინგი (37), ლავი (27+11 მოხსნა), ჯეიმსი (25+10 მოხსნა+7 პასი+4 დაფარება), ტომპსონი (4+10 მოხსნა).
ი: ჯორჯი (32+8 მოხსნა+7 პასი), ტიგი (23), იანგი (16+6 ჩაჭრა), სტივენსონი (13).
სერია: 2-0

სან ანტონიო-მემფისი 96:82
29:16, 27:21, 19:28, 21:17
ს-ა: ლენარდი (37+11 მოხსნა), პაკერი (15), გრინი (12), ოლდრიჯი (11), პ. გასოლი (10).
მ: კონლი (24+8 პასი), რენდოლფი (18+10 მოხსნა), კარტერი (12), მ. გასოლი (12).
სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული