ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. F ჯგუფი: დაუმარცხებელი აღარავინაა

AutoSharing Option
პირველი ეტაპის სიურპრიზებად მონათლული გუნდები მეორე რაუნდში ჯერ ვერ უმკლავდებიან სერიოზულ მეტოქეებს - ბელგიისა და უკრაინის შემდეგ, ფინეთმა წააგო პირველი მატჩი F ჯგუფში.

დღის ბოლო მატჩში კი მასპინძელმა სლოვენიამ ამ ტურნირზე პირველი მარცხი აგემა იტალიას...

ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. F ჯგუფი
ფინეთი-ხორვატია 63:88
11:17, 9:22, 18:24, 25:25
ფ: ჰუფი (10).
ხ: რუდეზი (17), ბოგდანოვიჩი (15+5 მოხსნა), უკიჩი (11), ტომიჩი (11+7 მოხსნა), მარკოტა (4+11 მოხსნა).
ორქულიანები: 10/28 (35,7%) - 25/37 (65,6%)
სამქულიანები: 10/32 (31,3%) - 10/31 (32,3%)
საჯარიმოები: 13/20 (65%) -
8/12 (66,7%)
მოხსნები: 30-47. პასები: 14-19. შეცდომები: 11-10.

გადამწყვეტი მომენტი: პირველი მეოთხედის დასრულებამდე წუთითა და 44 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო - 11:11. სწორედ ამ დროს ჩააგდო ბოიან ბოგდანოვიჩმა ორქულიანი, რომლითაც დაიწყო ხორვატების 19:1 გაქცევა, რომელიც მეორე მეოთხედის ბოლოსკენ დასრულდა. პირველ ტაიმში ხორვატია დომინირებდა - 29 მოხსნა ჰქონდა 11-ის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ფინეთმა 11 სამქულიანიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო.
მატჩის გმირი: დამირ მარკოტამ პირველი ტაიმის დაახლოებით ათწუთიან მონაკვეთში ცხრა მოხსნა მიითვალა. ასევე გამოსარჩევია დამიან რუდეზის თამაში, რომელიც პირველი ტაიმის შუაში სათადარიგოთა სკამიდან შევიდა თამაშში და რვა ქულა შეტევაში მის მიერვე მოხსნილი ბურთების შემდეგ მოიპოვა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ორი სამქულიანი ჩააგდო.
სტატისტიკა არ ტყუის: ფინეთს პირველ ტაიმში სიზუსტის კატასტროფული პროცენტი ჰქონდა - 19 პროცენტი თამაშიდან. ხორვატიამ 44 ქულა ჩააგდო სამწამიანიდან, თავად კი ამ მხრივ პრობლემა არ ჰქონია, რადგან ამ ზონიდან მხოლოდ 10 ქულა გაუშვა.

პირველივე წუთებიდან ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა - არც ერთ მეტოქეს არაფრის დათმობა არ სურდა. თუმცა ხორვატები უფრო იოლად აგროვებდნენ ქულებს სამწამიანში აქტიურობის წყალობით. თამაშის სურათი მაშინ შეიცვალა, როცა მოედანზე გავიდა დამიან რუდეზი. მისმა გუნდმა თანდათან დაიწყო ანგარიშის თავის სასარგებლოდ გაზრდა.

როგორც გითხარით, პრაქტიკულად, მატჩის ბედი 19:1 გაქცევის შემდეგ გადაწყდა. მეორე მეოთხედში თავისი პირველი ქულები ფინეთმა მეხუთე (!) წუთზე აიღო - ლიმ ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ფინეთმა სიტუაციის გამოსწორება სამქულიანებით სცადა და კოივისტომ და რანიკომ თითო შორეული ტყორცნა ჩააგდეს, მაგრამ იასმინ რეპეშას მანქანას უკვე კარგი სვლა ჰქონდა აღებული და მისი შეჩერება ძალიან რთული იყო. გასახდელში გუნდები ხორვატიის 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. სკანდინავიელები საცოდავი სანახავები იყვნენ. ბოგდანოვიჩი და კომპანია ყველა პოზიციიდან ბომბავდნენ მეტოქეს, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც სამწამიანიდან შეტევა გამოსდიოდათ, რაც იმის ბრალიც იყო, რომ ფინელებს კვლავ აკლდათ ჰანო მოტოლა.

მესამე მეოთხედის ბოლოს მოედანზე ისევ გამოვიდა რუდეზი და მისი მორიგი ორი სამქულიანის შემდეგ სხვაობა 30 ქულამდე ავიდა. მეოთხე მეოთხედში რეპეშამ მოედანზე რეზერვისტები გამოიყვანა და ფინელებმა ოდნავ შეამცირეს სხვაობა.

სლოვენია-იტალია 84:77
18:21, 27:18, 15:15, 24:23
ს: გ. დრაგიჩი (22+6 პასი), ზ. დრაგიჩი (15+11 მოხსნა), ნახბარი (13+6 მოხსნა).
ი: ჯენტილე (20), დატომე (16+6 მოხსნა), ბელინელი (11), კუსინი (10+5 მოხსნა+3 დაფარება), არადორი (10).
ორქულიანები: 25/51 (49.0%) - 14/39 (35.9%)
სამქულიანები: 6/18 (33.3%) - 10/21 (47.6%)
საჯარიმოები: 16/21 (76.2%) - 19/20 (95.0%)
მოხსნები: 45-28. პასები: 14-12. შეცდომები: 8-7.

გადამწყვეტი მომენტი: ლუიჯი დატომემ მესამე მეოთხედის დასრულებამდე გაათანაბრა ანგარიში - 48:48, რასაც მოჰყვა სლოვენიის 10:0 გაქცევა. საერთო ჯამში, მატჩი თანაბარი იყო - შვიდჯერ შეიცვალა ლიდერი შეხვედრაში და ამდენივეჯერ ფრე დაფიქსირდა.
მატჩის გმირი: ზორან დრაგიჩმა დიდი სარგებლობა მოუტანა თავის გუნდს. საკუთარი ენერგიული თამაშით მან ორმაგ დუბლს მოუყარა თავი - 15 ქულა და 11 მოხსნა.
სტატისტიკა არ ტყუის: იტალია კარგად ისროდა სამქულიანებს (21-დან 10), მაგრამ სლოვენიამ ძალიან დაჩაგრა მეტოქე მოხსნების რაოდენობით (45-28). შეტევაში სლოვენიის 15-მა მოხსნამ ამ გუნდს მეორე ტემპით შეტევებისას 17 ქულა მოუტანა.

ა გ თ მ წ ბ ქ
1. იტალია 3 2 1 220-200 5
2. სლოვენია 3 2 1 236-222 5
3. ხორვატია 3 2 1 204-205 5
4. ესპანეთი 3 1 2 212-197 4
5. საბერძნეთი 3 1 2 228-242 4
6. ფინეთი 3 1 2 193-227 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2013: II ეტაპი. F ჯგუფი: სუპერმატჩი ლუბლიანაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული