ევროპის თასის მფლობელი სამხედრო დამნაშავეა

AutoSharing Option
ცნობილი ხორვატი მწვრთნელი ნევენ სპაჰია ყოფილ იუგოსლავიაში სამოქალაქო ომის დროს სამხედრო დანაშაულშია ეჭვმიტანილი.

თურქეთის "ფენერბაჰჩეს" ამჟამინდელი დამრიგებელი 90-იანი წლების დასაწყისში 72-ე ბატალიონში მსახურობდა. ორი დღის წინ, სპაჰია ქალაქ სპლიტის სასამართლოში გამოიძახეს ჩვენების მისაცემად. საქმე ეხება 1992 წლის 2 მარტს ხორვატიის ქალაქ შიბენიკის ციხეში 21 სერბი მეომრისა და უბრალო მოქალაქის წამებისა და მკვლელობის ფაქტს.

სპაჰია ამ და სხვა საქმეებში მოწმედ გადის, მაგრამ არ არის გამორიცხული, სასამართლომ მწვრთნელს ბრალდებულის სტატუსი მიანიჭოს. მაშინდელი 72-ე ბატალიონის რამდენიმე წევრი უკვე დაპატიმრებულია და მათ ბრალიც წაუყენეს.
დანარჩენი წევრების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც ხორვატული პრესა წერს, სპაჰიას ხშირად ხედავდნენ შიბენიკის ციხეში, სადაც ის სერბების წამებას ესწრებოდა - ეს ფაქტი აღიარა ბატალიონის ერთ-ერთმა ოფიცერმა რაიკო ზარკოვიჩმა და ისიც დაამატა, რომ ცნობილ მწვრთნელს არ ჰქონდა ციხეში შესვის უფლება. თუმცა ისიც ირკვევა, რომ სპაჰიას როლი უბრალოდ დასწრებით შემოიფარგლებოდა და მომავალი მწვრთნელი წამებასა და მკვლელობებში უშუალო მონაწილეობას არ იღებდა.

შეგახსენებთ, რომ ნევენ სპაჰია შარშან ესპანეთის "ვალენსიას" ავარჯიშებდა და ამ გუნდს ევროპის თასი მოაგებინა. სწორედ ამის შემდეგ გადაბარგდა ის "ფენერბაჰჩეში".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული