ევროლიგა. TOP16: დასანანი მადრიდის "რეალი"

AutoSharing Option
მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო დღის მთავარი მატჩი, რა თქმა უნდა, "ოლიმპიაკოსისა" და "გალათასარაის" დუელი იყო. ეს გახლდათ ტურის ერთადერთი შეხვედრა, სადაც მეოთხედფინალის საგზური ბედი უშუალოდ ამ დაპირისპირებაში ირკვეოდა - პლეი ოფში ის გუნდი გავიდოდა, რომელიც ამ მატჩს მოიგებდა.

ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ თურქეთი პირეოსში გაუმკლავდებოდა ბერძნულ გრანდს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონში არადამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა.

თუმცა "გალათასარაიმ" მაინც იბრძოლა. "ოლიმპიაკოსმა" რამდენჯერმე მოახერხა გაქცევა და სტუმრებმა ერთის გარდა, ყოველ ჯერზე შეძლეს დაწევა. ბოლოს ასეთი სცენარი მესამე მეოთხედში განვითარდა.
მასპინძლების მორიგი სამქულიანის შემდეგ, "ოლიმპიაკოსის" უპირატესობა 11 ქულამდე ავიდა.

და სტუმრები ისევ გამოცოცხლდნენ: ლავოკიჩის ორ სამქულიანს 10:0 გაქცევა მოჰყვა. საინტერესოა, რომ "ოლიმპიაკოსის" დამრიგებელი ივკოვიჩი გარკვეულ რისკზე წავიდა და ტაიმ-აუტი არ აიღო. ბერძნებმა შესაბამისად უპასუხეს მწვრთნელის ნდობას და თავად მოაწყვეს 11:0 სპურტი.

სწორედ ამ მომენტის შემდეგ გატყდა "გალათასარაი". "ოლიმპიაკოსმა" სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, თუნდაც იმიტომ, რომ თამაშიდან 64-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა და სამქულიანების 42 პროცენტი მოათავსა კალათში.

* * *
წელს, ევროლიგაში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა - პლეი ოფში გავიდა ტურნირის ორი დებიუტანტი. წინა დღეს ეს გააკეთა უნიქს-მა, ამჯერად კი მას "ბილბაომ" მიბაძა.

ბასკებს ბოლო ტურში აუცილებლად სჭირდებოდათ გამარჯვება. მართალია, მოგების გარეშე მყოფ "უნიკახას" მოტივაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა დაკარგული, მაგრამ "ბილბაოს" სიფრთხილე მართებდა. ეს სრულიად მართებული მოსაზრება აღმოჩნდა.

სირენამდე 3 წუთით ადრე "უნიკახა" იგებდა - 51:50. "ბილბაოს" რეალურად დაემუქრა პლეი ოფის მიღმა დარჩენა. მაგრამ აქ საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი რაულ ლოპესმა. თავიდან მცველმა სამქულიანი ჩააგდო, ბოლო წუთზე კი იდეალურად ისროლა საჯარიმოები - ოთხიდან ოთხი, რითაც მასპინძლებს ბოლო შეტევისას სამქულიანიც არ ეყოფოდათ გადასარჩენად.

"ბილბაოს" წარმატებამ აზრი დაუკარგა მადრიდის "რეალის" ტრიუმფს სიენაში. მართლაც დასანანია "სამეფო კლუბის" ჯგუფში ჩარჩენა. თუნდაც იმიტომ, რომ მადრიდელებმა ამ ტურნირზე ოთხჯერ გადალახეს მატჩში 100-ქულიანი ზღვარი, რითაც ევროლიგის ვერც ერთი გუნდი ვერ დაიკვეხნის.

"მონტეპასკისთან" მატჩში ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, 11-მა მადრიდელმა მიითვალა მინიმუმ ერთი ქულა, გარდა ამისა, სტუმრებმა პირწმინდად მოიგეს ფარქვეშ ბრძოლა - 46 მოხსნა 20-ის წინააღმდეგ. ასე რომ, "რეალმა" (და "მონტეპასკიმაც") დაიმსახურა ის ოვაცია, რომელიც ფეხზე ამდგარმა იტალიურმა პუბლიკამ მოუწყო.

E ჯგუფი
ეფესი-ცსკა 65:82
20:22, 17:25, 17:17, 11:18
ე: ვუიაჩიჩი (17), სავანოვიჩი (16+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბატისტა (10+11 მოხსნა).
ც: კირილენკო (15), გორდონი (14), კრსტიჩი (13), შვედი (11+6 პასი).

ოლიმპიაკოსი-გალათასარაი 88:81
24:14, 19:21, 24:23, 21:23
ო: სპანულისი (20+8 პასი), პრინტეცისი (16+5 მოხსნა), ლოუ (14).
გ: ანდრიჩი (15+6 მოხსნა), ლუკასი (13), შიპი (12), ლაკოვიჩი (12+5 პასი), შუმპერტი (11), ალდემირი (10+6 მოხსნა).

მ წ +/-
1. ცსკა 5 1 96
2. ოლიმპიაკოსი 3 3 -14
3. გალათასარაი 3 3 -15
4. ეფესი 1 5 -67

F ჯგუფი
უნიკახა-ბილბაო 55:59
16:15, 6:9, 14:18, 19:17
უ: პერიჩი (19+7 მოხსნა), ზორიჩი (11+11 მოხსნა).
ბ: ბანიჩი (10+6 მოხსნა), ჯექსონი (10).

მონტეპასკი-რეალი 90:102
28:26, 25:26, 22:24, 15:26
მ: მაკალები (15), რესი (15), მოსი (14), რაკოჩევიჩი (11), ანდერსენი (11).
რ: რეიესი (17+14 მოხსნა), პოჩიუსი (15), მიროტიჩი (14), ტომიჩი (10), სურაესი (10).

მ წ +/-
1. მონტეპასკი 4 2 58
2. ბილბაო 4 2 14
3. რეალი 4 2 7
4. უნიკახა 0 6 -79

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული