მეორე ეტაპის მოლოდინში

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროლიგაზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტურის წინ ყველაზე დაძაბული სიტუაცია A ჯგუფში იყო, სადაც "ნანსის" გარდა, ყველა გუნდი ინარჩუნებდა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს.

სწორედ ამ არეულობაში მოხდა წლევანდელი გათამაშების მთავარი სენსაცია - ჯგუფში ჩარჩა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად აღიარებული "კახა ლაბორალი". ბასკურ დერბიში ის სტუმრად დამარცხდა "ბილბაოსთან" და ამ გუნდს A ჯგუფიდან მეოთხე საგზური გადაულოცა.

ამ მატჩში სამი მეოთხედი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. მხოლოდ მეორე მეოთხედში შეძლო "ბილბაომ" ექვსქულიანი უპირატესობის მოპოვება და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი ამ შეხვედრაში. "კახა ლაბორალმა" ყველანაირად
სცადა მატჩის გადარჩენა, რამდენჯერმე მინიმუმამდეც შეამცირა სხვაობა, მაგრამ ბოლო მაინც წააგო - 72:77 და ევროპაზე გამოსვლა დაასრულა.

იტალიაში ერთმანეთს ხვდებოდნენ "კანტუ" და "ფენერბაჰჩე" და პრაქტიკულად, ეს იყო ჯგუფში პირველი ადგილისთვის მატჩი. თითქმის მთელმა შეხვედრამ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო. ბოლო 10-წუთეულში კი თურქებმა იძალეს და გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწიეს, რომელიც საბოლოოდ, ასეთ ანგარიშში გამოისახა - 83:76 "ფენერბაჰჩეს" სასარგებლოდ.

"კანტუს" რიგებში 13 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა გიორგი შერმადინმა, მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე 9 ქულა იყო. "ფენერბაჰჩეში" გამორჩეული იყო სავაშის, ბოგდანოვიჩისა და უკიჩის ტრიო - მათ შესაბამისად, 21, 19 და 17 ქულა დააგროვეს. თურქები პირველ ადგილზე გავიდნენ ჯგუფში, "კანტუ" - მესამეზე.

ჯგუფური ეტაპის ბოლოს გამოასწორა თამაში "ოლიმპიაკოსმა", რომელმაც საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა A ჯგუფში.

"ოლიმპიაკოსი" თავისი ლიდერის ვასილის სპანულისის გარეშე თამაშობდა სტუმრად "ნანსის" წინააღმდეგ და გაუჭირდა აუთსაიდერის დამარცხა.

მასპინძლები ხშირად იყვნენ წინ და ბოლო მეოთხედისთვისაც სამქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ჩააგდეს მატჩის დასკვნითი ნაწილი და "ოლიმპიაკოსს" 5 ქულა დაუთმეს - 74:79.

ბერძნების რიგებში შესანიშნავი იყო ანტიჩისა და პრინტეცისის დუეტი, რომელმაც ერთად 38 ქულა მიითვალა.

* * *
C ჯგუფში ერთი საგზურის ბედი იყო გასარკვევი და ამ მხრივ გამორჩეული გახლდათ შეხვედრა ბელგრადში "პარტიზანსა" და "მილანს" შორის. იტალიურ კლუბს მინიმუმ ოთხი ქულით გამარჯვება სჭირდებოდა - სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე ბელგრადელები გადიოდნენ.

ამ მატჩში ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ: პირველში "პარტიზანს" ჰქონდა უპირატესობა და დიდი შესვენებისთვის შვიდი ქულით დაწინაურდა. მაგრამ "მილანმა" ეს ჩამორჩენა მესამე მეოთხედში გააბათილა და ერთი ქულით წინ გასვლაც მოახერხა. იტალიელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ბოლო მეოთხედი ხუთი ქულით მოიგეს, რაც საბოლოოდ ასეთ ანგარიშში აისახა - 72:66 "მილანის" სასარგებლოდ და ის აგრძელებს ბრძოლას ევროლიგაზე.

იტალიელთა რიგებში სამმა კალათბურთელმა გადალახა ათქულიანი ზღვარი და მათგან ყველაზე შედეგიანი იყო ჰეირსტონი 18 ქულით.
C ჯგუფში დარჩენილი ორი შეხვედრა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მადრიდის "რეალს" გარანტირებული ჰქონდა პირველი ადგილი, მაგრამ, ამის მიუხედავად, საკუთარი გულშემატკივარი არ გააწბილა და სტუმრად თურქეთის "ეფესი" დაამარცხა.

თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ "სამეფო კლუბი" 7 ქულას აგებდა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარში მოედნის სრული ბატონ-პატრონი გახდა და 16 ქულა მოუგო "ეფესს", საბოლოოდ კი 75:66 გაიმარჯვა და ჯგუფური ეტაპი რვა მოგებით დაასრულა. მთელს პირველ ეტაპზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ცსკა-სა და "ბარსელონას" აქვთ.

ყველაზე დიდი ანგარიშით "მაკაბიმ" გაიმარჯვა. ისრაელის ჩემპიონი სტუმრად "შარლერუას" წინააღმდეგ თამაშობდა და გადამწყვეტ უპირატესობას მესამე მეოთხედში მიაღწია, როცა ეს ათი წუთი 30:15 მოიგო.

"შარლერუამ", რომლის რიგებში ამჯერად არ თამაშობდა თორნიკე შენგელია, ბოლო მეოთხედის ორი ქულით მოგება შეძლო, მაგრამ საბოლოოდ 69:86 დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. "მაკაბი" კი ერთი მოგებითა ჩამორჩა "რეალს" და მეორე პოზიციაზე დაასრულა ჯგუფური ეტაპი.

* * *

ტრადიციულად, დასახელდა ტურის საუკეთესო მოთამაშე. MVP გახდა იტალიის "მონტეპასკის" მცველი პიეტრო არადორი, რომელმაც "პროკომის" წინააღმდეგ 23 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, მისმა გუნდმა კი 79:53 გაიმარჯვა.

ტურის მეორე მოთამაშეა "ბარსელონას" ცენტრი ბონიფაცი ნდონგი - მან "გალათასარაის" 16 ქულა ჩაუგდო.

მესამე პოზიციაზე ორი კალათბურთელს ვხედავთ - "ოლიმპიაკოსის" ფორვარდს პერო ანტიჩსა და "ზაგრების" ცენტრს მარიო კასუნს. მათ 20-20 ქულა მოიპოვეს "ნანსისთან" და "ჟალგირისთან" შეხვედრებში.

A ჯგუფი

კანტუ-ფენერბაჰჩე 76:83
16:17, 15:14, 24:24, 21:28
კ: ლეუნენი (13), შერმადინი (13+5 მოხსნა), მარკონატო (10+5 მოხსნა), მარკოიშვილი (9), ბაზილე (9), მიჩოვი (8+6 მოხსნა+4 პასი).
ფ: სავაში (21+6 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (19+5 მოხსნა), უკიჩი (17), პრელჯიჩი (9).

ნანსი-ოლიმპიაკოსი 74:79
27:21, 17:26, 20:14, 10:18
ნ: შულერი (18+9 მოხსნა), მოერმანი (11), სამნიკი (10), ბადიანი (8), რაინჰენი (8+5 ჩაჭრა).
ო: ანტიჩი (20), პრინტეცისი (18+5 მოხსნა), ჰაინსი (8+12 მოხსნა), სლუკასი (8).

ბილბაო-კ. ლაბორალი 77:72
20:20, 20:14, 18:18, 19:20
ბ: ბანიჩი (18), ბლუმსი (11), მუმბრუ (10+5 მოხსნა+4 პასი), ჯექსონი (8+5 მოხსნა).
კ-ლ: მ. ბიელიცა (15+7 მოხსნა), პრიჯიონი (13+4 პასი), ტელეტოვიჩი (12+7 მოხსნა), ოლესონი (10), რიბასი (10), ნ. ბიელიცა (8).

მ წ +/-
1. ფენერბაჰჩე 6 4 27
2. ოლიმპიაკოსი 6 4 25
3. კანტუ 5 5 -20
4. ბილბაო 5 5 21
5. კ. ლაბორალი 5 5 37
6. ნანსი 3 7 -90

C ჯგუფი
ეფესი-რეალი 66:75
21:15, 22:21, 13:21, 10:18
ე: სავანოვიჩი (15+11 მოხსნა+4 პასი), გიულერი (13), ბარაცი (11+9 მოხსნა), აქიოლი (8+5 პასი).
რ: მიროტიჩი (16), კეროლი (12), სინგლერი (12), ლიული (12+4 პასი).

შარლერუა-მაკაბი 69:86
16:22, 18:16, 15:30, 20:18
შ: გრინი (16+5 მოხსნა), მალეტი (13), ჰილი (10).
მ: ლენგფორდი (20+5 მოხსნა), ბლუ (13+5 მოხსნა), სმიტი (10+5 მოხსნა), პაპალუკასი (9).

პარტიზანი-მილანი 66:72
18:14, 18:15, 14:22, 16:21
პ: მილოსავლევიჩი (14+6 მოხსნა), მაჩვანი (13+11 მოხსნა+4 პასი), რადულიცა (11+8 მოხსნა), კატიჩი (11), კეჩმანი (9).
მ: ჰეირსტონი (18), კუკი (17+6 პასი), ბურუსისი (13).

მ წ +/-
1. რეალი 8 2 106
2. მაკაბი 7 3 58
3. ეფესი 5 5 -30
4. მილანი 4 6 4
5. პარტიზანი 4 6 -35
6. შარლერუა 2 8 -103

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული