ბერძნული გრანდის პრობლემები

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროლიგაზე მესამე ტური ოთხი მატჩით დაიწყო, რომელთაგანაც ყველაზე დაძაბული ბრძოლა ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში იყო, სადაც A ჯგუფის ლიდერი "კახა ლაბორალი" ბერძნულ გრანდს "ოლიმპიაკოსს" ხვდებოდა.

ბერძნები პირველ მეოთხედში სოლიდური სხვაობით გავიდნენ წინ - 9 ქულით დაწინაურდნენ და დიდი ხანი ინარჩუნებდნენ კომფორტულ უპირატესობას. ასე გრძელდებოდა მეოთხე მეოთხედის შუამდე, მაგრამ "ოლიმპიაკოსს" "კახა ლაბორალის" 10:2 გაქცევა გამოეპარა და მასპინძელთა გუნდმა წინ გასვლა მოახერხა.

საფინალო სირენამდე რვა წამით ადრე "ოლიმპიაკოსის" ლიდერმა ვასილის სპანულისმა სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა- 79:79. მაგრამ ოვერტაიმი არ შედგა: თამაშის
დამთავრებამდე წამითა და შვიდი მეათედით ადრე არგენტინელმა პაბლო პრიჯიონიმ ზუსტი ტყორცნით გამარჯვება მოუტანა "კახა ლაბორალს" - 81:79.

სამი ტურის შემდეგ ბასკურ კლუბს სამიდან სამი მოგება აქვს, ოლიმპიაკოსი კი მხოლოდ ერთი მოგებით იწონებს თავს.

* * *
ასევე სამიდან სამი მოგებით ლიდერობს B ჯგუფს მოსკოვის ცსკა. არმიელებმა მორიგი დიდი ანგარიშით გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში.

ამჯერად, მათ სტუმრად ხორვატიის ჩემპიონი "ზაგრები" გაანადგურეს.

ცსკამ პირველი მეოთხედი ცხრა ქულით მოიგო, მომდევნო სამ პერიოდში კი რუსების უპირატესობა მინიმუმ ათ ქულას აღწევდა.

საბოლოოდ არმიელებმა ხორვატიაში 42-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს - 89:47.

სტუმრებმა 55-პროცენტიანი სიზუსტით ისროლეს სამქულიანები - 20-დან 11 ჩააგდეს და 40 წუთის განავლობაში მხოლოდ რვა შეცდომა დაუშვეს.

ზედიზედ მეორე მატჩია, ცსკას რიგებში ყველაზე შედეგიანია სერბი ცენტრი ნენად კრსტიჩი - ამჯერად მან 15 ქულა დააგროვა.

ცსკას სამი ტურის შემდეგ სამი მოგება აქვს, ზაგრებს პირიქით - სამი წაგება.

* * *
კიდევ ერთი დიდი ანგარიშით გამარჯვება იტალიის "მონტეპასკიმ" მოიპოვა, რომელმაც შინ 26-ქულიანი სხვაობით აჯობა თურქეთის "გალათასარაის". ამ უკანასკნელის რიგებში ტრავმის გამო არ უთამაშია ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას.

იტალიურმა გუნდმა შეხვედრა 14:3 გაქცევით დაიწყო და პირველ მეოთხედში სოლიდურ ფორას მიაღწია - 14 ქულით დაწინაურდა.

"გალათასარაის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მეორე მეოთხედის ერთი ქულით მოგება შეძლო, მაგრამ ეს თურქების შემთხვევითი გაბრძოლება აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ქულათა სხვაობა ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად იტალიელთა სასარგებლოდ იზრდებოდა. 103:77 გაიმარჯვა "მონტეპასკიმ" და სამიდან სამი მოგებით ლიდერობს D ჯგუფს.

ბო მაკალები "მონტეპასკის" რიგებში 19 ქულით ამჯერად მეორე იყო შედეგიანობის მხრივ. მან წინ გაუშვა ლიტველი კაუკენასი, რომელმაც თავის გუნდს 24 ქულა შესძინა.

D ჯგუფის აუთსაიდერები შეხვდნენ ერთმანეთს ლიუბლიანაში - იქაურ "ოლიმპიას" და პოლონეთის "პროკომს" აქამდე გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული.

მასპინძლებმა - სლოვენიელმა კალათბურთელებმა დებიუტში ცხრაქულიან უპირატესობას მიაღწიეს და დიდი ხანი მშვიდად აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას, მაგრამ მესამე პერიოდში ერთი კრიტიკული მომენტი მაინც ვერ აიცილეს თავიდან. სტუმარმა ლუკაშ სევერინმა ზუსტი შორეული ტყორცნით სამ ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა იქვე "ოლიმპიას" მცველმა ასევე სამქულიანით უპასუხა და ამის შემდეგ, "პროკომი" აღარ მიახლოვებია მეტოქეს.

მასპინძლებმა ჯამში 27 სამქულიანი ისროლეს და 11-ჯერ ზუსტად, რამაც განაპირობა კიდევ ამ მატჩში მათი წარმატება. არადა, წინა ორ ტურში "ოლიმპიამ" 33-ჯერ ესროლა პერიმეტრიდან და მხოლოდ ოთხი (!) ბურთი ჩააგდო.

A ჯგუფი
"კ. ლაბორალი"-"ოლიმპიაკოსი" 81:79
13:22, 19:18, 28:26, 21:13
კ-ლ: ტელეტოვიჩი (20+5 მოხსნა+3 დაფარება), სერაფინი (15+5 მოხსნა), სან ემეტერიო (15), რიბასი (9).
ო: სპანულისი (19+7 პასი), ჰაინსი (14+5 მოხსნა), ანტიჩი (14+6 მოხსნა), კეშელი (10).

მ წ +/-
1. კ. ლაბორალი 3 0 17
2. ნანსი 1 1 3
3. ბილბაო 1 1 1
4. კანტუ 1 1 -1
5. ოლიმპიაკოსი 1 2 -10
6. ფენერბაჰჩე 0 2 -10

B ჯგუფი

"ზაგრები"-ცსკა 47:89
13:22, 11:23, 11:21, 12:23
ზ: სიმონი (15+5 მოხსნა), კასუნი (14+9 მოხსნა), მაშიჩი (9).
ც: კრსტიჩი (15+5 მოხსნა), კირილენკო (14+7 მოხსნა), ვორონცევიჩი (12+6 მოხსნა), მეხია (10).

მ წ +/-
1. ცსკა 3 0 75
2. პანათინაიკოსი 2 0 40
3. ბამბერგი 1 1 11
4. უნიკახა 1 1 -14
5. ჟალგირისი 0 2 -20
6. ზაგრები 0 3 -92

D ჯგუფი
"მონტეპასკი"-"გალათასარაი" 103:77
30:16, 20:21, 26:17, 27:23
მ: კაუკენასი (24), მაკალები (19+4 პასი), ანდერსენი (13+6 მოხსნა), არადორი (11+6 მოხსნა), ლავრინოვიჩი (9).
გ: ანდრიჩი (12), არსლანი (11), შიპი (10+8 მოხსნა), შუმპერტი (10+8 მოხსნა), ლაკოვიჩი (9), ალდემირი (9).

"ოლიმპია"-"პროკომი" 70:62
25:16, 15:17, 18:14, 12:15
ო: გრინი (23), როტბარტი (9+8 მოხსნა), მურიჩი (8+6 მოხსნა).
პ: გი (13+7 მოხსნა), ლაფაიეტი (12), სევერინი (9).
მ წ +/-
1. მონტეპასკი 3 0 56
2. ბარსელონა 2 0 49
3. უნიქსი 1 1 -4
4. გალათასარაი 1 2 -26
5. ოლიმპია 1 2 -36
6. პროკომი 0 3 -39

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული