"ვითას" პრეზიდენტი: რა მექნა, ნაკრებში არ გამეშვა კალათბურთელები?!

AutoSharing Option
თბილისის "ვითას" პრეზიდენტმა თემურ დათიკაშვილმა ვითიბი ლიგაზე გუნდის ბოლო თამაშზე არგამოცხადების საკითხზე კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.

- "ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!

შეგახსენებთ, რომ ვითიბი ლიგის ბოლო ტურში თბილისელები სარატოვში "ავტოდორს" უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ კალათბურთელთა არასაკმარისი რაოდენობისა და ფინანსური პრობლემების გამო გუნდი თამაშზე არ გამოცხადდა და ტექნიკური მარცხი ჩაეწერა - 0:20.

"ორი მოთამაშე, რევაზაშვილი და გიორგაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გავუშვი, ჯონსს კი კონტრაქტი ამოეწურა და ამერიკაში დაბრუნდა. 5 მოთამაშით ხომ არ წავიდოდით ამხელა გზაზე? რა მექნა, ნაკრებში არ
გამეშვა კალათბურთელები?!

ფინანსურ პრობლემებს რაც შეეხება, გუნდის არსებობის მანძილზე ეგ სულ გვქონდა. ვითიბი ლიგის ტურები მორჩა, ახლა უკვე პლეი ოფები იწყება.

ტურნირის ხელმძღვანელობას გათამაშებიდან არ მოვუხსნივართ და ვითამაშებთ თუ არა შემდეგ წელსაც ამ ტურნირში, ამას თავადვე გადაწყვეტენ იმ შემთხვევაში, თუ ივლისის თვემდე გარანტიებს წარვადგენთ. ამ ყველაფერს კი სათანადო ფინანსები სჭირდება!", - გვითხრა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ვითიბი ლიგაში "ვითამ" 30 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 29-ში დამარცხდა და მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება.
ასევე დაგაინტერესებთ