"არმიამ" გერმანიაში გაისროლა - 69:61

AutoSharing Option
"გოტინგენი"-"არმიას" გუშინდელი დაპირისპირება ტელევიზიით არ გადაცემულა. შესაბამისად, მატჩის მსვლელობას ფიბა-ევროპის საიტზე ტექსტურად ვეცნობოდით. ერთ განყოფილებაში საერთო სტატისტიკა იწერებოდა, მეორეში - ქრონოლოგია, მესამეში ლიდერების მონაგარი, მეოთხეში - დიაგრამა, რომელზეც ნაჩვენები იყო გუნდებს შორის ანგარიშში სხვაობა წუთების მიხედვით.

რატომღაც, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ დიაგრამამ მოახდინა, რომელიც მესოპოტამიის მდინარეებს მოგაგონებდათ: სპარსეთის ყურის შესართავთან ტიგროსი და ევფრატი ერთმანეთს უერთდება, ზემოთ მდინარეთა კალაპოტი ძალიან შორდება, ხოლო სათავეები ერთმანეთთან ისე ახლოსაა, თითქოს ერთი მთიდან გამოედინებიანო.

სწორედ ასე, გუშინდელი მატჩის დასაწყისშიც ანგარიშში სხვაობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა და პირველი
მეოთხედიც ფრედ (17:17) დასრულდებოდა, სირენასთან ერთად არმიელ სანდიატა გეინსს ორქულიანი რომ არ ჩაეგდო.

მეორე პერიოდი ანატოლი ბოისამ სამქულიანით გახსნა, მას ფარქვეშიდან იოაკიმ შელბომმაც აუბა მხარი და ტოლიკას მეორე ზუსტი შორეული ტყორცნის წყალობით "არმია" და "გოტინგენი" ერთმანეთს ტიგროსისა და ევფრატის შუაწელივით დაშორდნენ - 33:24 ქართული გუნდის სასარგებლოდ. სტუმრებმა ეს არ იკმარეს და დიდი შესვენების წინ ასევე სამქულიანით (ჯერემი რიჩარდსონის შესრულებით) 15 ქულით დაწინაურდნენ - 44:29.

ჯერემიმ, როგორც იტყვიან, თამაში მესამე პერიოდში იგრძნო, მონაგარს კიდევ 9 ქულა მიუმატა (სამი სამქულიანის შედეგად) და მატჩში ყველაზე დიდი, 20-ქულიანი ჰანდიკაპი დააფიქსირა - 55:35.

როცა საფინალო ზარამდე 12-13 წუთი რჩება, ასეთი უპირატესობა გამარჯვების მომასწავებელია. შესაძლოა, ეს კალათბურთელებმაც ირწმუნეს და ცოტა დამშვიდდნენ, რასაც "გოტინგენის" გამოფხიზლება მოჰყვა - გერმანელებმა მანამდე ნაჩვენები უზუსტობა, მეოთხე პერიოდში აინაზღაურეს, ქულა ქულას შეაწებეს და კაილ ბეილის სამქულიანის შემდეგ დეფიციტი 5 ქულამდე დაიყვანეს (59:64).

დარჩენილ 32 წამში მასპინძელთა მწვრთნელმა ე.წ. ჯარიმების ტაქტიკას მიმართა, მაგრამ ისედაც ნათელი იყო, "გოტინგენი" "არმიას" ვერ დაეწეოდა.

საბოლოო ანგარიში დავით საყვარელიძემ ჯარიმებით დააფიქსირა - 69:61.

"არმიას" განაცხადში იყო ორი ახალწვეული კლიფტონ ჰოუკინსი და მეტიუ ფრეიე. პირველს არ უთამაშია, მეორემ 8 წუთი უქულოდ ჩაატარა.

პარალელურად ამავე ჯგუფის მატჩში "ბეშიქთაშმა" "ლეიდენი" თურქეთში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე "არმიის" გასვლის შანსი საგრძნობლად გაზარდა. ამისთვის საჭიროა, ქართველებმა დარჩენილი ორიდან (შინ "ბეშიქთაშთან" და სტუმრად "ლეიდენთან") ერთი მაინც მოიგონ.

ევროჩელენჯი. ჯგუფური ეტაპი. B ჯგუფი. IV ტური.

გერმანია. გიოტინგენი. 29 ნოემბერი
გიოტინგენი 61:69 არმია
17:19, 12:25, 12:11, 20:14
გიოტინგენი: ევანსი (12), ბეილი (8), აჰელეგბე (12), ჰორნი (4), ნოხი (8), ვებერი (7), საიკსი (7), მარფა (3)
არმია: რიჩარდსონი (23ქ, 5მ), ბოისა (6), კვიმსაძე, ტომასი (12ქ, 13მ, 3პ), კიელბომი (11ქ, 10მ, 4დ), დიასი (4), საყვარელიძე (3), გეინსი (10ქ, 6პ), ფრეი

ბეშიქთაში-ლეიდენი 76:69
22:16, 18:21, 13:18, 23:14
ბეშიქთაში: იაგმური (8ქ), ჰერსეკი (5ქ), აკინი (15ქ), ორენი, ჩეტინი (3ქ), კემპი (11ქ, 5მ, 3პ), ჰოუკინსი (14ქ, 8მ, 3პ), დაგლი (20ქ, 14მ).
ლეიდენი: სლაგთერი (9ქ, 5პ), ჯექსონი (17ქ, 3პ, 5მ), დე იონგი (6ქ), კენედი (7ქ), სასი (11ქ), ბოქსლი (9ქ), ხერაზი (1ქ), ჰილიმანი (8ქ, 5მ), კანინგემი (1ქ, 3პ).

B ჯგუფი
გუნდი თ მ წ ქ
1. ბეშიქთაში 4 4 0 8
2. არმია 4 3 1 7
3. ლეიდენი 4 1 3 5
4. გოტინგენი 4 0 4 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდება არმიას... მადლობა ბიჭებს!!!
state
17:02 30-11-2011
0

სიახლეები პოპულარული