საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: მეორე ფინალისტი "დინამოა"

AutoSharing Option
საქართველოს თასის მეორე ფინალისტიც გამოვლინდა - "დინამო", რომელმაც 6 აპრილს ნახევარფინალში "რუსთავი" დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ერთი თვით ადრე თასის ფინალის საგზური "სოხუმს" ჰქონდა მოპოვებული და მოთმინებით ელოდა მომავალ მეტოქეს.

სუპერლიგის ბოლოსწინა ტურში "რუსთავმა" "დინამოს" მინიმალური სხვაობით მოუგო და ამჯერადაც იმედიანად ჩავიდა თბილისში, თუმცა უშუალოდ ამ შეხვედრისთვის უკეთ მომზადებული "დინამო" აღმოჩნდა. ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა მატჩი თავიდან ბოლომდე სტაბილურად, დიდი ჩავარდნების გარეშე ჩაატარეს და 16-ქულიანი სხვაობითაც გაიმარჯვეს.

მეტად ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა რუსთაველ კაელ ტურპინს (32 ქულა, 16 მოხსნა). მისი დამსახურებით ქვემოქართლელებმა ფარქვეშიდან
თბილისელებზე მეტი ქულა ჩააგდეს (38:32), თუმცა მხოლოდ ერთი ან ორი კომპონენტი თამაშის მოსაგებად არ კმარა.

დინამოელებმა მეტოქეზე 7-ით მეტი სამქულიანი გამოიყენეს. მარტივი არითმეტიკაა 3X7=21. 16 ქულის სხვაობით მოგებულ მატჩში სამქულიანებით მეტოქეზე 21 ქულით მეტს რომ აგროვებ, დიდი ალბათობით, მატჩსაც მოიგებ. ასეც მოხდა. ამ კომპონენტში გრიგოლ შვანგირაძე გამოირჩა, რომელმაც 6-დან 5 შორეული ტყორცნა გამოიყენა.

თუმცა "დინამომ" მხოლოდ პერიმეტრიდან თამაშით როდი მოიგო - 26 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა, რაც გუნდურობის პირდაპირი მანიშნებელია.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი
6 აპრილი, თბილისი
დინამო-რუსთავი 90:74
21:14, 23:23, 19:16, 27:21
დინამო: შარაბიძე (19ქ, 5მ, 4პ), მაილსი (3ქ), ლონდარიძე (6ქ), მაჩალაძე (9ქ, 8მ), შვანგირაძე (15ქ), ზაქრაძე, ბერიშვილი (8ქ, 6მ, 7პ), გოგოძე (3ქ), მაკალპინი (15ქ, 5მ, 3პ), კოვაჩევიჩი (12ქ, 6მ, 8პ).
რუსთავი: ხმელიძე (2ქ), გამყრელიძე (2ქ, 4პ), ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე (3ქ), აბაიშვილი (3ქ), ჩაჩანიძე (6ქ), ტურპინი (32ქ, 16მ), ყველაშვილი (5ქ), ჭოჭუა (6ქ, 5მ), ანთაძე, გაჩეშა (11ქ, 3პ), დვალი (4ქ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული