საქართველოს თასის მეოთხედფინალს "სოხუმი" და სტუ მიუახლოვდნენ

AutoSharing Option
სპორტის სამინისტროს დარბაზში 22 იანვარს, ვიდრე ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალისტები გამოვიდოდნენ მოედანზე, საქართველოს თასის საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართა.

სისტემა ასეთია: ოთხი გუნდი პლეი-ოფის ფორმატით ავლენს ერთ საუკეთესოს, რომელიც თასის გათამაშების მონაწილე შვიდ გუნდს შეუერთდება და შეჯიბრება მეოთხედფინალიდან გაგრძელდება.

წინასწარ ცნობილია ისიც, რომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასული გუნდი "არმიას" დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალისტთა დანარჩენი წყვილები ასეთია: "შსს აკადემია"-თსუ, "ოლიმპი"-"დინამო" და "რუსთავი"-"ქუთაისი". ასე და ამგვარად, 24 იანვრიდან საინტერესო ბრძოლები გველის, მანამდე კი ერთი მეოთხედფინალისტი გვყავს გამოსავლენი.

22 იანვარი, თბილისი
ბათუმი-სტუ 53:79
13:21, 14:18, 10:24, 16:16
ბათუმი: მაისურაძე
(2ქ), რამიშვილი (11ქ), ნანიტაშვილი (8ქ, 5პ), ელიაშვილი (7მ), სიგუა (8ქ), ყველაშვილი (5მ), კეშელავა (22ქ, 12მ), ნინუა, კოკობინაძე (2ქ).
სტუ: ჩაჩიბაია (19ქ, 8მ), თევზაძე (10ქ, 5მ, 3პ), კორკოტაძე, მინაშვილი (5ქ), მაჩალაძე (7ქ, 18მ), პირველაშვილი (21ქ, 18მ, 6პ), სულაბერიძე (2ქ), დ. დვალიშვილი, კუჭავა (12ქ, 5მ, 4პ, 4ჩ), ძიძიგური, ქორიძე (3ქ).

სუპერლიგის პირველ წრეში სტუ ერთადერთი გუნდია, გამარჯვება რომ არ მოუპოვებია. არადა, გუნდში ახალგაზრდული, საინტერესო შემადგენლობაა შეკრებილი და წინასწარ ცხადი იყო, ადრე თუ გვიან ტექნიკოსები თავიანთ სიტყვას იტყოდნენ.

აქეთკენ ნაბიჯი იანვარში გადადგეს - ჯერ ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე "სამედიცინო" 89:68 დაამარცხეს, ხოლო 22 იანვარს თასის საკვალიფიკაციო რაუნდში "ბათუმს" 26 ქულის სხვაობით სძლიეს.

ზღვისპირელებს წლეულს პრობლემები წინა ხაზში აქვთ, რაც სტუ-სთან შეხვედრაშიც გამოჩნდა: თბილისელებმა - გიორგი პირველაშვილმა და ზურაბ მაჩალაძემ 18-18 მოხსნა გაიფორმეს, საბოლოოდ კი ამ კომპონენტში სტუ-მ 61:39 იმარჯვა.

ნათქვამია, ვინც იგებს ფარს, თამაშსაც ის იგებსო. ცხადია, ეს ჭეშმარიტება ვერ დაირღვეოდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ერთ გუნდს ფარქვეშ ესოდენ დიდი უპირატესობა ჰქონდა.

სოხუმი-სამედიცინო 70:62
17:17, 22:18, 19:15, 12:12
სოხუმი: მეგენეიშვილი (2ქ), ბულიავა, ჩლაიძე (34ქ, 5მ), კოპალიანი (4ქ, 11მ, 3პ), შვანგირაძე (7ქ), დეკანოიძე (12ქ, 15მ), ბააკაშვილი (3ქ, 6პ), ქადარია (4ქ, 10მ, 3პ, 3დ), მუჟნიეკსი (4ქ).
სამედიცინო: ჯიქია (3ქ), ბიბილური (3ქ), არწივიძე (4ქ, 7პ), შიოლაშვილი, გაბისონია (9ქ, 5პ, 8მ), მაისურაძე (3ქ), ფერიაშვილი (15ქ, 13მ, 6დ), გ. რევაზაშვილი (15ქ, 7მ), ჭიჭვეიშვილი (8ქ), ელიაძე (2ქ).

სოხუმელებმა იანვარში "რუსთავთან" და "შსს აკადემიასთან" თანაბრად იბრძოლეს. შესაბამისად, 22 იანვარს "სამედიცინოსთან" შეიძლებოდა ფავორიტებადაც შეგვერაცხა.

საბოლოოდ "სოხუმმა" გაიმარჯვა კიდეც, თუმცა რთული ბრძოლა გადახდა - "მედიკოსები" ბოლომდე მტკიცედ იდგნენ.

ისინი "სოხუმს", რომლის წამყვანი კალათბურთელი მეფარე ვახტანგ ქადარიაა, არც ფარქვეშ ჩამორჩნენ დიდად. მეტოქეზე 12-ით მეტი ორქულიანიც გამოიყენეს, მაგრამ გადამწყვეტი პერიმეტრიდან ტყორცნები გამოდგა: "სოხუმმა" 12 სამიანი ჩააგდო, "სამედიცინომ" - 1.

პერიმეტრიდან 7-ჯერ (11-დან) ზუსტად გაისროლა ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდის გამთამაშებელმა ირაკლი ჩლაიძემ, რომელმაც მემორიალზე ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების რაოდენობით ყველას აჯობა - 34.

23 იანვარს, 14 საათზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "სოხუმი" და სტუ. გამარჯვებული, როგორც მოგახსენეთ, მეოთხედფინალში "არმიას" წინაშე წარსდგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული