ისევ შსს, ისევ "სოხუმი" და ისევ ოვერტაიმი

AutoSharing Option
მეგობარ ფოტოგრაფს არაერთხელ უთქვამს: სპორტის მრავალი სახეობა გადამიღია, მაგრამ ყველაზე დინამიური კალათბურთია, თამაშის ეშხშიც შევდივარ და ფოტოებიც ეფექტური გამოდისო. კალათბურთი ყველა სახეობას სჯობს თუ არა, ცალკე თემაა, ფოტოგრაფის სიტყვები კი გუშინდელი სათასო ბატალიების შემდეგ ამომიტივტივდა გონებაში.

მეოთხედფინალის ორ მატჩს პირველი წუთიდან ბოლომდე არც დინამიკა, არც დაძაბულობა, არც დრამატულობა არ აკლდა. თავად განსაჯეთ: "დინამო"-"ქუთაისისა" და "სოხუმი"-შსს-ს შეხვედრები მინიმალური სხვაობით დასრულდა.

25 იანვარი, თბილისი. აკადემიის დარბაზი
ოლიმპი-სტუ 87:60
20:15, 24:12, 19:15, 24:18
ოლიმპი: გამყრელიძე (8ქ, 11პ), გულისაბედაშვილი (6ქ), ლ. მინაშვილი (2ქ), ნანიტაშვილი (2ქ),
თავართქილაძე (3პ), სიგუა (1ქ), მილუტინოვიჩი (17ქ, 14მ), მ. ბერიშვილი (17ქ, 12მ, 3პ), სლიუკა (6ქ), ტუტუსი (6ქ, 11მ), ტოდოროვიჩი (12ქ, 3პ, 3ჩ), ჰოგერი (10ქ, 7მ).
სტუ: ტეტელაშვილი (3ქ, 3პ, 6მ), ჭოხონელიძე, მაჩალაძე (8მ), ხიზანიშვილი (20ქ), კობიძე (1ქ), ახალაია (1ქ), დეკანოიძე (4ქ), ძიძიგური (8ქ), კოპალიანი (3ქ), ნოზაძე (6ქ, 11მ), ანთაძე (14ქ, 3პ, 3ჩ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

"ოლიმპი" სტუ-სთან ფავორიტი იყო. სტატუსი გაამართლა კიდეც, დამაჯერებლად მოიგო. გია კაზანჯიანის შეგირდებს მანამდეც ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა ყველაფერი მესამე პერიოდის საწყის ხუთწუთეულში გადაწყდა, როცა "ოლიმპმა" 17:0 გაქცევა მოაწყო და 59:27 დაწინაურდა.

ოლიმპელებს სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ ფარქვეშ (მოხსნებში 60:45), რის კომპენსირებასაც ახალგაზრდა სტუ-ელები სწრაფი შეტევებით ცდილობდნენ, მაგრამ...

არმია-სამედიცინო 109:77
34:16, 19:27, 21:16, 35:18
არმია: რიჩარდსონი (12ქ, 5პ, 3ჩ), ბაბიაშვილი (12ქ, 3ჩ), ბოისა (13ქ), მინაშვილი (2ქ, 3პ), კვიმსაძე (6ქ), ტომასი (11ქ, 6მ), მოსეშვილი (3ქ), ათანელიშვილი (6ქ), შელბომი (10ქ, 5მ), ვუდსაიდი (28ქ, 8პ), საყვარელიძე (6ქ, 3პ).
სამედიცინო: ტომარაძე (10ქ), კვეტენაძე (2ქ), პირველაშვილი (3ქ), გაბისონია, აბაიშვილი (7ქ), შვანგირაძე, ჭოჭუა (14ქ, 3პ), ილიჩი (19ქ, 3პ), დვალიშვილი (22ქ, 18მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე, ს. საინერსი.

აკაკი დვალიშვილის (18 მოხსნა) კარგი თამაშის შედეგად "სამედიცინომ" "არმიას" მოხსნებში არ დაუთმო (37:37), მაგრამ სამწამიანი ზონიდან შეტევისას გამოცდილ არმიელებს სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ. მათ ფარქვეშიდან 58 ქულა ჩააგდეს, სტუდენტებმა - 28.
10-ქულიან ზღვარს ექვსი არმიელი ასცდა, თუმცა ლიდერობა გამთამაშებელმა ბენ ვუდსაიდმა იკისრა - 28 ქულა ჩააგდო (10-დან 7 ორქულიანი, 6-დან 4 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო).

დინამო-ქუთაისი 65:66
15:18, 7:17, 26:15, 17:16
დინამო: ს. ლეჟავა (5ქ), სანაძე (19ქ, 9მ), მარხვაშვილი (7ქ), კეიდია (4ქ), სუხიშვილი, წივწივაძე (4ქ, 3პ), ზესევიჩი (4პ), ოლუიჩი (13ქ, 10მ), კარტერი (16ქ, 17მ).
ქუთაისი: ფაშაევი (5ქ, 6მ, 4პ), ბაბუნაშვილი (9ქ), დიდია (14ქ, 5პ), ცეკვავა (8ქ, 5მ, 4პ), დ. ბარბაქაძე (4ქ), გ. ბარბაქაძე (5ქ, 5მ), კოღუაშვილი (6ქ), მათიაშვილი (15ქ, 8მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.

პირველ და მეოთხე პერიოდებში გუნდებმა თანაბარი თამაში უჩვენეს, მეორესა და მესამეში სერიოზული ჩავარდნები ჰქონდათ: მეორე ათწუთეულში შეტევაში არაფერი გამოსდიოდა "დინამოს". შედეგად მეოთხედი 7:17 წააგო. ქუთათურებს რეზო დიდია და რიჩარდ მათიაშვილი გაუძღვნენ.

დიდი შესვებნების შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა დიღმელებმა ფარქვეშ თამაში გამოასწორეს და 14-ქულიანი ჩამორჩენა მალევე გააბათილეს. ანგარიში მატჩის 29-ე წუთზე ქიენ კარტერის ორქულიანის შემდეგ გათანაბრდა - 48:48.

როგორც გითხარით, ბოლო რაუნდი თანაბრად წარიმართა, მოედანზე არსებულმა დაძაბულობამ გულშემატკივრებიც ჩაითრია და ვიხილეთ ემოციური, სანახაობრივი დაბოლოება, რასაც ქრონოლოგიის ენაზე მოგითხრობთ:

2:59 მათიაშვილი (ქუთაისი) 2ქ - 59:58
2:16 ლეჟავა (დინამო) 2ქ - 59:60
2:00 მათიაშვილი 2ქ (ქუთაისი) - 61:60
1:10 მათიაშვილი 2ქ (ქუთაისი) - 63:60
1:10 წუთშესვენება (დინამო)
0:54 მარხვაშვილი 2ქ (დინამო) - 63:62
0:38 დიდია 2ქ (ქუთაისი) - 65:62
0:06 ფაშაევი 1ქ (ქუთაისი) - 66:62
0:00 სანაძე 3ქ (დინამო) - 66:65

სოხუმი-შსს 73:74 ო.ტ.
20:20, 14:13, 16:21, 15:11, 8:9
სოხუმი: ფარღალავა (24ქ, 8მ, 7პ), ჩლაიძე (8ქ), ათუაშვილი (7ქ, 12მ), ფაცაცია (11ქ, 10მ, 3პ, 4ჩ), გაფრინდაშვილი, ქადარია (7ქ, 9მ), ჯგერენაია (6ქ, 11მ), ჩაჩიბაია (10ქ)
შსს: მაქემოინი (4ქ), ლაფანაშვილი (2ქ), ლონდარიძე (3ქ, 9მ), თენიეშვილი (2ქ), იმნაძე, ბლერი (24ქ, 4პ), კრეპსი (16ქ, 3პ), ბოქოლიშვილი, სმიტი (17ქ, 8მ), ბექაური (6ქ, 4დ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე, ს. საინერსი.

კალათბურთის ქომაგთა დიდი ნაწილი ფეხბურთშიც კარგად ერკვევა. ამიტომ, თამამად გავიხსენებ საფეხბურთო ისტორიას: 2000-იანი წლების პირველ ნახევარში "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის ფავორიტადაც ითვლებოდა და ტიტულსაც არაერთხელ დაეუფლა, მაგრამ იყო ერთი გუნდი, რომელთან თამაშიც ძალიან უჭირდა - "ვალენსია".

საქართველოს ჩემპიონატში შსს შარშანაც მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, მაგრამ მეოთხედფინალში ქართული "ვალენსია" ("სოხუმი") გადაეყარა და ვერაფერი დააკლო. შსს და "სოხუმი" ერთმანეთს ქორქია-საკანდელიძის მემორიალზეც შეხვდნენ და ძალოვნებს მაშინაც გაუჭირდათ - ოვერტაიმში დამარცხდნენ.

გუშინ, საქართველოს თასის ნახევარფინალში შსს-ელები კვლავ სოხუმელებს დაუპირისპირდნენ და ისტორია ნაწილობრივ განმეორდა - ამჯერადაც დამატებითი დრო დაინიშნა, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით ოვერტაიმში შსს-მ იმარჯვა (74:73).

პირველი ტაიმის შემხედვარემ გვერდით მჯდომს თამამად ვუთხარი - ამ თამაშშიც დამატებით დროს ვიხილავთ-მეთქი. მეოთხე პერიოდი შსს-მ შედარებით კარგად დაიწყო და 8 ქულითაც დაწინაურდა. სწორედ ამ დროს მეზობელმა მომხედა - "სოხუმს" დაღლა დაეტყო, ალბათ, შენი ვარაუდი არ გამართლდებაო. ამის თქმა იყო, ზღვისპირელებმა 11:2 გაქცევას ჩაუყარეს საფუძველი და 65:62 დაწინაურდნენ. მოვლენები იმდენად საინტერესოდ ვითარდებოდა, რამე რომ არ გამოგვრჩეს წუთობრივად ჩამოგიწერთ.

2:41 ფარღალავა 2ქ (სოხუმი) - 59:62
1:45 ათუაშვილი 1+1 (სოხუმი) - 61:62
1:14 ბლერი 2ქ (შსს) - 61:64
0:53 ჩაჩიბაია 2ქ (სოხუმი) - 63:64
0:27 ფარღალავა 2ქ (სოხუმი) - 65:64
0:18 სმიტი 1ქ (შსს) - 65:65

ოვერტაიმი
3:46 სმიტი 2ქ (შსს) - 65:67
2:56 ფარღალავა 2ქ (სოხუმი) - 67:67
2:30 სმიტი 2+1 (შსს) - 67:70
2:07 ჩლაიძე 1+1 (სოხუმი) - 69:70
1:56 ლაფანაშვილი 1+1 (შსს) - 69:72
1:11 ჩაჩიბაია 1+1 (სოხუმი) - 71:72
0:10 ფარღალავა 2ქ (სოხუმი) - 73:72
0:07 სმიტი 2ქ (შსს) - 73:74
0:00 ფარღალავა 2ქ (სოხუმი) - არაზუსტი
0:00 ბექაური (შსს) - დაფარება

მეოთხე პერიოდსა და ოვერტაიმში შსს-ს ცენტრმა ტრეისი სმიტმა სოხუმელებს მათივე ფარიდან ბურთი არაერთხელ მოუხსნა და გამარჯვებაში დიდი წვლილიც შეიტანა. ამის მიზეზი ძალოვანთა გუნდის კარგი უკანა ხაზია. ალოგიკურს არაფერს ვამბობთ: გადამწყვეტ მომენტში "სოხუმის" კალათბურთელები განსაკუთრებით პერიმეტრის მოთამაშეებს მეთვალყურეობდნენ. სწორედ ამით ისარგებლა სმიტმა და სამწამიანი ზონიდან ზედიზედ რამდენიმე შედეგიანი შეტევა განახორციელა.

არადა, მანამდე რიმვიდას სამულენასის შეგირდები ფარქვეშ მტკიცედ იდგნენ. მათ მეტოქის ფარიდან (33) უფრო მეტჯერ მოხსნეს ვიდრე საკუთარიდან (32), რაც დიდი მონდომების მაჩვენებელია. საბოლოოდ "სოხუმის" მხარემ შეიძლება გული იმით მოიოხოს, რომ მოხსნებში შსს-ს დიდი სხვაობით აჯობა - 65:42.

დღეს, 1/2 ფინალში:
16:00 ოლიმპი-ქუთაისი
18:00 არმია-შსს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული