[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე

AutoSharing Option
ქართული კალათბურთი ახალ წრეზე წავიდა. ცოტა რთული, ცოტა ზიგზაგებიანი, მაგრამ მიზანდასახული და აუცილებელი წრე. ალბათ, ყველა თაობის გაცილების შემდეგ ძველები ამ წრეზე მიდიან და იქ, სადაც ოვალი იკვრება, ახალი თაობის პიონერები ხვდებიან. მადლობას უხდიან ძველი დამსახურებისთვის, მძიმე წლებისთვის, მოგებული ბრძოლებისთვის.

ყველა წრე მადლობით, თავის დახრით, შენზე უფროსის და შენზე უკეთესის ღირსეულად გაცილებით უნდა მთავრდებოდეს. ჩვენთან ეს არ გამოდის.

თავის დახრა უხერხულია.

კარგის შემჩნევა უხერხულია.

თუ ძაან აიჭერი და შენზე დამსახურებულ ადამიანს მადლობაც გადაუხადე, უკვე შესამოწმებელი ხარ. შეიძლება გკითხონ, "ხო მშვიდობაა,
ძმაო?".

ქართული კალათბურთი იწყებს თანამშრომლობას ესპანურ კლუბთან. პროექტი, რომელიც მაგრად მოეწონათ სპორტის სამინისტროში და პროექტი, რომელიც უკვე დადებითად შეაფასეს. ძაან ბევრმა შეაფასა დადებითად. პროექტი, რომელიც ქართულ კალათბურთს ფინანსურ ბონუსს, პერსპექტივას და ცნობადობას გაუშანსავს. სამივე აუცილებელი თემაა.

ფინანსებით უფრო მშვიდი და ორგანიზებული ხარ. პერსპექტივა ამ ფინანსებს რაციონალურად გადაგანაწილებინებს. ორგანიზებული სტრუქტურა ყველაფერს მეტრონომივით გააკეთებს. ალბათ, წარმატებული პროექტი ამ ინგრედიენტებისგან უნდა შედგებოდეს.

ნუ, იდეაში, ასეა.

დეტალები ყველამ ვიცით. დეტალები იმ საკალათბურთო დაჯგუფებამაც იცის, რომელიც უკმაყოფილოა ესპანურ კლუბთან გრძელვადიანი თანამშრომლობით და ცოტა სხვა აქცენტებს აკეთებს.

რატომ იხარჯება ფული, რომელიც საქართველოში ნიჭიერ ბავშვებს შეიძლება მივცეთ?

რატომ უნდა ვიზრუნოთ ესპანელი, კამერუნელი ან სირიელი ბავშვის გაზრდაზე, როდესაც თავისუფლად შეიძლება, ეს ფული ნიჭიერ ბავშვებს მივცეთ?

რატომ უნდა გავრისკოთ არაქართველებთან ძმაკაცობით, როდესაც... ნუ, ხო მიხვდით? შეიძლება ეს ფული ნიჭიერ ბავშვებს მივცეთ?

ოღონდ ბავშვების ასაკი დაკონკრეტებული არ არის. შეიძლება ზრდასრულ ინდივიდზე ვსაუბრობთ, რომელსაც ბავშვურად უნდა ამ ფულის მიღება და ერთი სული აქვს, როდის შეეხება ხელით.

ბოლო პერიოდში, ეს არის დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ყველაზე წარმატებული მონაკვეთი. ყველა ასპექტში.

სუპერლიგა ბოლო პერიოდში ყველაზე წარმატებული და ღრმა იყო. სუსტი, ერთჯერადი გუნდებისგან ჩემპიონატის გაფილტვრამ გაზარდა დანარჩენი გუნდების მოტივაცია.

A ლიგა ძაან საჭირო და დროული სვლაა. უამრავი მოთამაშე (და მწვრთნელი), ვინც სუპერლიგაში ვერ მოხვდა, გადადის ახალ ტურნირში და იქ მოსაგებად ყველანაირი მოტივაცია აქვს. იგებ? იღებ სოლიდურ ფინანსურ ბონუსს, სუპერლიგის ვიზას და უკეთეს მოთამაშეებს. აგებ? მაინც იღებ იმ თანხას, რომელიც მოტივაციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

A ლიგაში შემთხვევით წაგება და სუპერლიგაში ვერგადასვლა არ გამოდის. თუ კარგი გუნდი ხარ, მოიგებ და მშვიდად გასწორდები წელში. სქოლიოზი ამ ასაკში ცუდია. შეიძლება, ბოლომდე მოგხაროს.

ყველას ძალიან გაგვიხარდა "ვითას" დაბრუნება. ძველი დიდება, ძველი ღირსება. და კატასტროფული სეზონი ვითიბი ლიგაზე. ტურნირის ისტორიაში დამყარებული თითქმის ყველა ანტირეკორდი. უამრავი პრობლემა, რომლებზეც საუბარი ჩემგან არასწორია. რაღაც პერიოდი ამ კლუბში ვიყავი, მაგრამ პრობლემები იყო და ვერ მოგვარდა.

წარმატება "ვითას" ახალ სეზონში. ძაან გაგვიხარდება, თუ კლუბის ხელმძღვანელები უკეთ მოემზადებიან ახალი სეზონისთვის. ქართული საკლუბო კალათბურთი უკეთესს იმსახურებს. ცსკა-ს ჩამოსვლა იყო მოვლენა. თბილისში ევროლიგის და ვითიბი ლიგის მომავალი ჩემპიონი ჩამოვიდა. მოიგო. და გაფრინდა. ყველაფერი დასრულდა.

კალათბურთის ფედერაციამ შეიმუშავა, დანერგა, გაშალა სუპერლიგის კლუბების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა, რომ მოთამაშეების ოჯახებში მეტი სითბო და მეტი ღიმილი იყოს. რომ მოთამაშეები ვარჯიშზე კლუბებიდან ან ტოტალიზატორებიდან არ მიდიოდნენ. რომ მოთამაშეები კალათბურთს თამაშობდნენ. ხო მაგარია? ძალიან. არაჩვეულებრივია.

ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი კალათბურთის ფედერაციის უნდა იყოს. ასე სწორი იქნება. ფედერაცია იქ კალათბურთს შეინახავს. და კალათბურთს უყვარს ვერის ბაღი.

მაგრად მომეწონა, რომ ჩამოყალიბდა საქართველოს მეორე ნაკრები, რომელშიც მოტივაციით მიდიხარ. თუ ჭკუა გაქვს, არ უნდა იყო ნაწყენი, რომ ვერ მოხვდი პირველ გუნდში და მეტი ლტოლვით უნდა შეეცადო პირველი ნაკრების პატარა ჭიშკარში შესვლას.

ნაკრებში ვერ ხვდებოდნენ გიგანტები. და ისინი მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ შემდეგი ციკლისთვის მწვრთნელებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ისინი, მოთამაშეები, მეტს იმსახურებენ. ყველაფერი ხდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ერთი სვლით მომენტალურად დიდ ნაკრებში გადახვალ.

რაღაც მომენტში ახლოს ვიყავით "ვითას" დაბრუნებასთან სუპერლიგაში, მაგრამ არ გამოვიდა. ბოლო, გადამწყვეტ გარჩევაში "ვითა" აგებს "კაქტუსთან". ვითიბი ლიგის მონაწილე სუპერლიგაში ვერ გადავიდა.

კიდევ ერთი მეგაპროექტი არის NBA Junior-ი. ასისტენტობა ამერიკის საელჩოსა და ამერიკის სამთავრობო ბლოკისგან წამოვიდა. თითქმის ყველა რეგიონიდან პროექტში მიიღო მონაწილეობა (ჯამურად) ხუთასამდე ბავშვმა. აზრზე ხართ, 500?! და ვინმეს ეს იდეაც ხომ არ აქვს კუთხეში დასაყენებელი? კარგით რა, უხერხულია.

გოგოები ნაკრებს ყურადღებას აქცევენ. პირველად ჩვენი 2 ასაკობრივი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში. კიდევ ერთი ბონუსი.

გვყავს მოწვეული უცხოელი სპეციალისტები და მონდომებული ქართველი მწვრთნელები მათგან აუცილებელ რჩევებს და გამოცდილებას მიიღებენ. ნუ, ვისაც უნდა, მიიღებს და ვისაც ეზარება, არ მიიღებს. არავინ არავის არ აძალებს. ჩვენ ლოიალურ სამყაროში ვცხოვრობთ, მეგობრებო.

რაც ჩამოვთვალეთ, რამეში ცუდს, მიუღებელს, არასწორს, სახიფათოს ან ფარულს ხედავთ? ან ამჩნევთ? ალბათ, არა, ხო? მეც მანდ ვარ. გავაგრძელოთ საკალათბურთო საუბარი.

და მივდივართ საქართველოს ნაკრებთან. ყველაზე სათუთ, ეროვნულ და საამაყო საკალათბურთო პიროვნებასთან. ნაკრები საერთოა.

ნაკრები არ არის ნაწყენი ხალხის პიარგეგმა და ნაკრები არ უნდა გაჩერდეს გარე ამბების გარჩევის გამო.

ნაკრები არ არის ბრძოლის ველი და ნაკრების ყველა წევრი უნდა ხვდებოდეს, რომ ის ნაკრებზე უნდა საუბრობდეს. ან საკუთარ თავზე ამ ნაკრებში. მაგრამ არანაირად საკუთარ თავზე ნაკრებს მიღმა და ნაკრებისგან ცალკე. ასე სწორია. ასე უკეთესია. ყველასთვის. ნაკრებისთვის. მოთამაშისთვის. გულშემატკივრისთვის.

ქართული კალათბურთი ვითარდება.

ხანდახან შეიძლება დიდი ანგარიშითაც წავაგოთ, მაგრამ ეს წაგება მეტი მუშაობით გამოვასწოროთ და სხვისი კეთილდღეობით ნაპრალების ამოვსებას ნუ ვეცდებით.

ვიყოთ გამგებები და გვქონდეს დაშვებული შეცდომის აღიარების სიმტკიცე. ამ შემთხვევაში, ეს შეცდომა წარმატებით და სიმშვიდით გადაიფარება.

ქართული კალათბურთი ყველაზე წარმატებულ წრეზე წავიდა.

კახი კახიაშვილი ლეგენდაა. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, რომელიც დღევანდელ ქართულ კალათბურთს მოკლედ ახასიათებს - სამაგალითო. სწორი შეფასება ტიტანისგან.

მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.

ზურა თალაკვაძე
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 9 /
გულშემატკივარს
სამშობლოს გაცვლა სხვა ქვეყანაზე, კარიერის გადარჩენის კი არა, ნებისმიერი მოტივით, გამყიდველობად და მოღალატეობად მიმაჩნია(ჩემი სუბიექტური აზრია).
კახიაშვილის მსგავსად იმ პერიოდში სხევსაც შეეძლოთ საქართველოს დაკიდება(ხახალეიშვილი, ცხადაძე). და მერე ჩამოსვლა და აქ თბილ ადგილებზე მოჯდომა.
გრიმპუ-ს
13:50 05-07-2016
0
და კიდევ რედაქციას რატომ მიმოკლებთ კომენტარებს? ვროდიბი თავისუფალი თემაა :))) და თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობტ :))))
გულშემატკივარი
13:17 05-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული